ბანკებს ვალის ამოღება ძალიან უჭირთ
მაკა ხარაზიშვილი
15.05.2015

 მოსახლეობას კრედიტის გადახდა სულ უფრო და უფრო უჭირს. ეროვნული ვალუტა კი გაუფასურებას განაგრძობს. სერიზული საფიქრალი გაუჩნდათ ბანკებსაც. კლინტების მხრიდან ვადაგადაცილება მატულობს. ლარი დოლართან მიმართებაში 2,5 ლარს თუ მიაღწევს, მდგომარეობა ძალიან დაიძაბება და ბანკები ვალის ამოღებას ვეღარ შეძლებენ.

ლია გაგნიძემ რამდენიმე წლის წინათ 15-წლიანი იპოთეკური სესხი აიღო დოლარში და ბინა იყიდა. იმ პერიოდში 1 ლარი 1,65-1,68 ლარის ფარგლებში მერყეობდა. ლარის გაუფასურების გამო, ვალის მომსახურება ყოველთვე უჭირს და უკვე ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

"ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ, თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა, ქვეყანაში სოციალური მღელვარება დაიწყება. მთელი ცხოვრება ვმუშაობ, ძლივს სახლი ვიყიდე და ახლა ისევ ვკარგავ. უამრავი ადამიანი ჩემ დღეშია", - ამბობს ლია გაგნიძე.

ვაჟა ბერაძე ყოველთვე 430 დოლარს იხდიდა, თუმცა მეორე თვეა, კრედიტის მომსახურებას ვეღარ ახერხებს. ყოველდღიურად ჯარიმა ერიცხება და ელოდება, როდის მიაკითხავს აღსრულების ეროვნული ბიურო.

"არასდროს მეგონა, ამ მდგომარეობაში თუ აღმოვჩნდებოდი. ადამიანი, რომელიც დილიდან საღამომდე ვმუშაობ, საერთოდ გავკოტრდი. მთავრობამ პროცესი თუ არ შეაჩერა, ხალხი ამას არ შეარჩენს. საერთოდ არ მაინტერესებს მიზეზები, მე ვხედავ, რომ ჩემთან ერთად უამრავი ადამიანი იღუპება და ეს არავის შერჩება", - ამბობს ვაჟა ბერაძე.

კომერციულ ბანკებში "რეზონანსს" დაუდასტურეს, რომ ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა იზრდება და მოსახლეობას კრედიტის გადახდა ძალიან უჭირს.

"ხალხს კრედიტს გადახდა ძალიან გაუჭირდა. ვადაგადაცილება მატულობს. ლარი დოლართან მიმართებაში 2,5 ლარს თუ მიაღწევს, მდგომარეობა უკონტროლო გახდება. ჩვენ ვურეკავთ რესტრუქტურიზაციას ვთავაზობთ, მაგრამ ეს მეორე პრობლემაა - კრედიტი ძალიან ძვირდება. წარმოიდგინეთ, ვიღაცას 7-წლიანი სესხი ჰქონდა და 15 წელზე ვუნაწილებთ. ასეთ შემთხვევაში ყოველთვიური გადასახადი არ ეზრდება, მაგრამ სესხი საბოლოოდ მაინც ძვირდება, - განუცხადა "რეზონანსს" ერთ-ერთი ბანკის საკრედიტო ოფიცერმა, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვემხილა.

მთავრობაში კი იმედოვნებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება შეჩერდება. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურს განმარტებით, ლარი უახლოეს პერიოდში არათუ დასტაბილურდება, კურსი უკან დაიწევს.

"მინდა, ყველა ექსპერტს ვთხოვო, რომ თავი შეიკავოს აბსოლუტურად არამოტივირებული და არაარგუმენტირებული შეფასებებისგან. ჩვენთვის ეროვნული ვალუტის გაუფასურება არის სერიოზული პრობლემა, რომელიც გამოიწვია საგარეო შოკმა. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა უახლოეს მომავალში კურსის დასტაბილურება მოხდეს. მეტიც, იმედი გვაქვს, რომ ის არათუ დასტაბილურდება, კურსმა უკან უნდა დაიწიოს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე შეფასებით, ეროვნული ვალუტის მერყეობაზე ეკონომიკური ფაქტორების გარდა, ფსიქოლოგიური მომენტიც ახდენს გავლენას. "გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, გაცვლით კურსზე ფსიქოლოგიური ფაქტორებიც ახდენს გავლენას, ამიტომ მინდა, ვთხოვო იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ შეუძლიათ ყველაფერზე გააკეთონ კომენტარი - მათი განცხადებები იყოს უფრო არგუმენტირებული და ემყარებოდეს იმ ინფორმაციას, სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც რეალურად არსებობს", - დასძინა ნოდარ ხადურმა.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კურსის დასტაბილურება მოხდება და პოზიტიური ტენდენცია უკვე ზაფხულის პერიოდში გვექნება.

მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს აქტიურად იყენებს და მრავალი მიმართულებით მუშაობს, რათა სავალუტო სტაბილიზაციას მიაღწიოს, თუმცა კურსის ყოველდღიური ცვლილება არ არის ისეთი რამ, რაც მთავრობამ შეიძლება მართოს.

"ჩვენ ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ და ამისთვის იმართება სწორედ ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრაც, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობა. რაც შეეხება გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივას, მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოხდება დასტაბილურება. ეს არ გამორიცხავს რყევას ორივე მიმართულებით, რასაც დღეს ადგილი აქვს. მე, როგორც ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, შეწუხებული ვარ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში აუცილებლად იქნება პოზიტიური ტენდენცია და ეს უკვე ზაფხულის პერიოდში მოხდება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ სერიოზული გაუფასურების კუთხით მოლოდინი არ არსებობს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი ისევ ეკონომიკურ პრობლემებზე მიუთითებს და კურსის სტაბილიზაციაში მის როლს საერთოდ გამორიცხავს. ქადაგიძის აზრით, გამოსავალი ე.წ. მეორე თაობის რეფორმებსა და არაპოპულარულ რთულ გადაწყვეტილებებშია, რომელიც აუცილებლად მისაღებია.

"ჩვენ ვახორციელებთ ერთადერთ სწორ პოლიტიკას, რომელიც შესაძლებელია ამ ვითარებასა და ამ საგარეო შოკის პირობებში. გამოსავალი არის ე.წ. მეორე თაობის რეფორმებში, ასევე ხშირ შემთხვევაში არაპოპულარულ რთულ გადაწყვეტილებებში, რომელიც აუცილებლად მისაღებია. ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას და ამაში კონკრეტულად რას ვგულისხმობთ, მომდევნო კვირიდან პარლამენტში გამოსვლის დროს გვექნება დეტალური საუბარი", - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, იგი მთავრობის განცხადებების შეფასებისგან ყოველთვის იკავებდა თავს, თუმცა ეს გამოსვლა და წლიური ანგარიში, რომლის განხილვაც მომდევნო კვირიდან დაიწყება პარლამენტში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში ბოლო წლიური ანგარიშია.

"გვექნება შესაძლებობა, რომ ყველანაირი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე ვისაუბროთ ბევრ მიმართულებაზე, ასევე მიზეზებზე, მაგრამ რაც მთავარია გამოსავალზე. დღეს მოსახლეობას, ქვეყანას, მიზეზების განხილვაზე მეტად აინტერესებს კონკრეტული გადაწყვეტილება, რომლიც მათ ყოველდღიურ ყოფას შეამსუბუქებს და სოციალურ პირობებს გააუმჯობესებს. ამიტომ, ჩემი აზრით, დღეს უნდა ვმსჯელობდეთ გამოსავალზე, იმ პერსპექტივებზე, რომლის შედეგადაც მივიღებთ გაცილებით უკეთეს სურათს", - განაცხადა ქადაგიძემ.

ხალხი კი ამდენი ფუჭი და უაზრო დაპირებისგან ძალიან გაღიზიანებულია. საზოგადოება მთავრობისგან და ეროვნული ბანკისგან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას დღემდე უშედეგოდ ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×