თამაზ აქუბარდია
სკამი ჩანს, კაცი არა სჩანს, დღით რომ ეძებო სანთლითა,
ამდენი დეგენერატი, როგორ მოძებნეს, რა გზითა?!
ადამიანთა მოდგმამ, მიუხედავად განვითარების წარმოუდგენლად მაღალი სიმაღლეებისა (რასაც, სამწუხაროდ, სულიერების სფეროზე ასევე გადაჭრით ვერ ვიტყვით), ვერ მოიშორა სხვა ადამიანზე ბატონობის საკრალური სურვილი. ადამიანში ეს რატომღაც ძევს და, ეს იმისდა მიუხედავად, რომ დღეს იგი უფრო სოციალური არსებაა, ვიდრე ბიოლოგიური.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, აბრაჰამ მასლოუს საყოველთაოდ ცნობილ, ე.წ. "მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების" ხუთ საფეხურიან მოდელში, ეს, პრაქტიკულად თითოეული ჩვენგანისათვის დამახასიათებელი "მოთხოვნილება" რატომღაც (?) არ დევს.
დიახ, დიახ, კიდევ ერთხელ უნდა მოვახდინოთ იმ ფაქტის კონსტანტირება, რომ აბრაჰამ მასლოუს საყოველთაოდ ცნობილ "მოთხოვნილებათად დაკმაყოფილების" ხუთ საფეხურიან მოდელში, კაცთა მოდგმის ეს უსაშინლესი სურვილი, - იბატონოს თავისი მოდგმის რაც შეიძლება მეტ წარმომადგენელზე, გათვალისწინებული არ არის, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არსად მინიშნებაც კი არ არის.
სიტუაციას კიდევ უფრო დრამატულს ხდის ის ფაქტი, რომ ეს უსაშინლესი სურვილი ახასიათებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ ადამიანთა ნებისმიერ ორგანიზაციას, მისი გამოვლინების ნებისმიერი ფორმით.
ეკონომიკაში ეს სურვილი გამოვლინდება თითოეული კომპანიის მონოპოლიზაციისაკენ სწრაფვის დაუოკებელი სურვილით, რასაც მსოფლიო საზოგადოებამ ანტიმონოპოლიური სამსახური დაუპირისპირა (ცალკე საკითხია მისი ფუნქციონირების ეფექტიანობის ავ-კარგიანობა, მაგრამ ფაქტია, რომ კაცობრიობა წინ აღუდგა ამ ეკონომიკურ ნონსენსს).
პოლიტიკაში კი ეს სურვილი გამოვლინდება ქვეყნის ერთპარტიულად, უკეთეს შემთხვევაში, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, ერთპიროვნულად მართვის დაუოკებელ სურვილში, რასაც საზოგადოებამ შარლ-ლუი მონტესკიეს მიერ შემოთავაზებული, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და მრავალპარტიულ მონაწილეთა საარჩევნო სისტემა დაუპირისპირა.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ გარდა ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა, ეს საკრალური სურვილი ქვეყნებს შორის ურთიერთობის დონეზეც გამოვლინდება, რაც განსაკუთრებით არაადამიანურად გამოიყურება დიდი და მცირე ქვეყნების ურთიერთობებში, ხოლო ძალზე საშიში ფორმებით, - დიდი, ზემძლავრი სახელმწიფოების ურთიერთობაში.
საშიში ფორმები აქ იმ გაგებით ვახსენეთ, რომ რომელიმე ფსიქოპატის მმართველობისას, შესაძლოა კაცობრიობის საერთოდ ფიზიკური არსებობასაც კი, საფრთხეც შეიქმნას, რისი არაერთი მაგალითი, მსოფლიო ისტორიაში არაერთხელ გვქონია და, სამწუხაროდ, დღესაც გვაქვს.
ადამიანთა რასსაზე (აქ ამ სიტყვის გრ. რობაქიძისეულ ფონეტიკას ვიცავ) ბატონობის ამ, თავისი მასშტაბით ყველაზე სერიოზულ, და, ყველაზე საშიშ გამოვლინებას, მსოფლიო საზოგადოებამ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნა დაუპირისპირა, რომელთა ძალისხმევის შედეგიც უნდა იყოს იმ შემაკავებელი ძალის ფორმირება, რომელიც ხელს უშლის ზესახელმწიფოებს, ყოველ შემთხვევაში აშკარად მაინც, ხელი აიღონ სხვა ქვეყნებზე ბატონობის გარდაუალ და საკრალურ (უკვე მერამდენებ ვიმეორებ ამ სიტყვას) სურვილზე.
თუკი ადამიანთა განვითარების საწყის ეტაპზე, არსებობისათვის ბრძოლით მოტივირებული, სხვაზე ბატონობის სურვილი გამოვლინდებოდა დამარცხებულის ფიზიკური განადგურებით ( რიგ შემთხვევებში კი მათი საკვებად გამოყენებით, რისი სამწუხარო მაგალითები, არცთუ ისე შორეულ წარსულში, ქვეყნის პრეზიდენტის დონეზეც კი გამოვლინდებოდა, მაგალითად, ჟან ბედელ ბოკასსა, ცენტრალური აფრიკის დიქტატორი, რომელმაც, ოფიციალური მონაცემებით, თავისი ქვეყნის, სულ ცოტა ათი (?) წარმომადგენელი, უკაცრავად გამოთქმისათვის და, შესანსლა, თავისი მზარეულის ჩათვლით), უფრო მოგვიანებით მათი ცოცხლად დატოვება და უფასო სამუშაო ძალად გამოყენება დაიწყეს.
საკმაოდ ცნობილი მეცნიერების აზრით, ანტიკური ხანის ერთ-ერთი უჭკვიანესი ტვინის, - ჰერონის მიერ, რეალურად გამოგონებულმა ორთქლის ძრავამ პრაქტიკული გამოყენება და, მითუმეტეს მისი შემდგომი სრულყოფა, იმიტომ არ ჰპოვა, რომ მონური შრომის წარმოუდგენელი სიიაფე ამის საჭიროებას არ მოითხოვდა (?).
ამ ფაქტიდან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მონობა, ადამიანის ადამიანზე ბატონობის ძალდატანებითი ფორმის პირველი ორგანიზაციული გამოვლინება იყო.
თუმცა რომაელთა ბატონობის წინააღმდეგ ლეგენდარული სპარტაკის მიერ მონათა აჯანყების ორ წლიანი სახელოვანი ეპოპეა, სრულიად გაუგებარს ხდის, თუ რატომ არ გადავიდა იგი ალპებს და არ მისცა თავისუფლება აჯანყებულებს, რატომ შემობრუნდა უკან იტალიისკენ, რითაც პრაქტიკულად უარი თქვა ნანატრ, სისხლითა და ოფლით მოპოვებულ, თავისუფლებაზე, უბრალოდ, ეჭვის დონეზე მაინც, გვინდა ვივარაუდოთ, ხომ არ იმძლავრა მასშიც, სხვაზე ბატონობის დაუძლეველმა სურვილმა?
არ ვიცი, შესაძლოა, იმის დამტკიცების სურვილი მალაპარაკებს, რომ აბრაჰამ მასლოუს მოდელში სერიოზული ხარვეზია, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც უნდა მოვახდინოთ იმის კონსტანტირება, რომ ადამიანში ეს იმანენტურად დევს, - ამა თუ იმ ფორმით იბატონოს სხვაზე, - სულერთია, იქნება ეს ფიზიკური ძალადობა, პოლიტიკური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა და ა.შ. (მინდა იმედი ვიქონიო, რომ ძალადობის ეკონომიკურ ფორმებზე მომავალში აუცილებლად ვისაუბრებთ).
თუ ეს ასეა, და სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ ეს ასეა, ადამიანთა საზოგადოება პირობითად მაინც, დღესაც იყოფა "მონებად და მონათმფლობელებად".
აბა, სხვანაირად, რით უნდა აიხსნას იმ წარმოუდგენელი უსამართლობა, როცა საზოგადოების ეკონომიკური განვითარების უკვე დღეს არსებული დონე იმის საშუალებას იძლევა, რომ მსოფლიო მოსახლეობა დაკმაყოფილ იქნეს მასლოუს იერარქიული მოთხოვნილებათა ნუსხის, სულ ცოტა პირველი ორი დონით მაინც, - არ შიმშილობდეს ადამიანი და თავზე ჭერი ჰქონდეს.
და, ამ დროს, ორ მილიარდზე მეტი ადამიანის დღიური შემოსავალი ერთ დოლარზე ნაკლებია, ხოლო კიდევ იმდენივეს დღიური შემოსავალი -ორი დოლარი (ანუ, პრაქტიკულად ყველა ჩვენი პენსიონერი, აღარაფერს ვამბობ უმუშევრებზე), ხოლო ე.წ. "ოქროს მილიარდმა", ამ ცოდვილ დედამიწაზე ნამდვილი სამოთხე მოიწყო.
რა არის ის უჩინარი ხელი, რომელიც ამას ყველაფერს წარმართავს? და, თუ ეს, ის უბედურებაა, რაც ადამიანში შინაგანად ძევს - ერთი ადამიანის მეორეზე ბატონობის სურვილი, მაშინ კიდევ დიდხანს იქნებიან მონებიც და მონათმფლობელებიც, რაც ძალზე სამწუხაროა.