პირველ სამ თვეში ქართულმა ბანკებმა ვალუტით ვაჭრობისას უცხოეთში 226 მილიონი დოლარი გაიტანეს
მაკა ხარაზიშვილი
19.05.2015

 2015 წლის პირველ კვარტალში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა უცხოურ ბანკებზე 226 მილიონი დოლარით მეტი გაყიდეს, ვიდრე იყიდეს. სწორედ ამ პერიოდში, დოლარის დეფიციტის მიზეზით, ლარი კატასტროფულად გაუფასურდა. თუმცა, ეს კერძო სექტორის გადაწყვეტილებაა, ეროვნულ ვალუტაზე ზრუნვა კი ხელისუფლებას მართებს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, მთავრობამ არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღოს და ეროვნული ბანკიდან სრული ინფორმაციის მისაღებლად რამე ღონისძიება შეიმუშაოს.

მთავრობა, ეროვნული ბანკი, სპეციალისტთა უმეტესობა საუბრობენ რომ ლარის გაუფასურების მიზეზები ამოწურულია. ის ფაქტორები, რომლებიც დევალვაციაზე ახდენდა გავლენას (ექსპორტ-იმპორტი, გადმორიცხვები, საგადასახდელო ბალანსი) წინა თვეებთან შედარებით გაუმჯობესებულია. გარდა ამისა, მეზობელი ქვეყნების ვალუტები კარგა ხანია გამყარების გზას ადგანან. ამ დროს ქართული ლარი გაუფასურებას განაგრძობს. მთავრობა, შიდა ეკონომიკური ფაქტორების გარდა, სხვა მიზეზებზე ალაპარაკდა.

მთავრობის ეჭვი

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ მთავრობას დიდი ბანკების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ჩვენ დეტალურ ინფორმაციას ვერ ვიღებთ. კანონმდებლობით არ გვაქვს ამის საშუალება. თუნდაც ავიღოთ დიდი ბანკების ტრანზაქციები. არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია და არ ვიცით, ბოლო თვეების, ბოლო კვირების განმავლობაში რა ტრანზაქციები განხორციელდა. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველაფრის ბერკეტი ნამდვილად გააჩნია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. მას ნადვილად შეუძლია ჩაერიოს ამ კონკრეტულ პროცესში და დაეხმაროს მთავრობას, ხელისუფლებას, რომ ეს დიდი პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უდგას, მოგვარდეს", - განაცხადა კალაძემ და დაამატა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, "ეს არის ხელოვნური პროცესი და უკვე პოლიტიკურიც".

ვიცე-პრემიერის მოსაზრებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც დაეთანხმა. მისი თქმით, კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები კომერციული საიდუმლოებაა, შესაბამისად, მთავრობას აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

სებ-ის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკს კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლის პრობლემა არ ჰქონია და მუდმივად აწვდის მთავრობას საკუთარ შეფასებებს, პროგნოზს.

"ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ყველა განვითარებული ქვეყნის ცენტრალური ბანკი. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ თანამდებობის პირთა განცხადებები გავლენას ახდენს იმ მოლოდინზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოკლევადიანი კურსის ფორმირების პროცესში", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. თუკი ლარის გაუფასურების მიზეზები ამოწურულია, მაშინ რატომ განაგრძობს ეროვნული ვალუტა დაცემას? ამ დეტალებზე ქადაგიძეს აღარ უსაუბრია.

გაყიდული დოლარები

ტრანზაქციების შესახებ დეტალურ ინფორმაციაზე ხელი ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიუწვდება, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია (მანამდე ეროვნულ ბანკს ექვემდებარებოდა), თუმცა ამ სამსახურის მთავარი ფუნქცია ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლაა. შესაბამისად, იგი ცალკეული ტრანზაქციის "საეჭვო" ხარისხს სწორედ ამ ჭრილში განიხილავს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, სავალუტო სპეკულაციები არ არის ის მიმართულება, რომლითაც უნდა ინტერესდებოდეს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. კანონით მთავრობას არ აქვს უფლება, რომ მოითხოვოს მონიტორინგის სამსახურისგან ინფორმაცია ტრანზაქციების შესახებ.

"საბანკო სფეროდან საზღვარგარეთ რა მოცულობის უცხოური ვალუტა (დოლარი და ევრო) გაედინება ან შემოედინება, ეს ეროვნული ბანკის სტატისტიკაშიც ჩანს. თუ გადავხედავთ სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარში განხორციელებულ ოპერაციებს, კარგად ჩანს ადგილობრივ და უცხოურ ბანკებს შორის ვალუტით ვაჭრობის მოცულობა", - ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.

კერძოდ, 2015 წლის პირველ კვარტალში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა არარეზიდენტ ბანკებზე გაყიდეს 226 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე იყიდეს. 2014 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 109 მილიონი დოლარი იყო, შარშანწინ კი - 135 მლნ დოლარი. მთელი წლის განმავლობაში კი ქართული ბანკები უცხოურ ბანკებზე 400-500 მილიონი დოლარით მეტს ყიდიან, ვიდრე ყიდულობენ.

საპირისპირო სურათია ევროსთან მიმართებაში. 2015 წლის პირველ კვარტალში ქართულმა ბანკებმა უცხოური ბანკებისგან 204 მილიონი ევროთი მეტი იყიდეს, ვიდრე გაყიდეს. ბოლო 5 წელიწადში კი წლიურად 400-500 მილიონი ევროთი მეტს ყიდულობდნენ, ვიდრე ყიდიდნენ. საქართველოში ლარის კურსი ევროს მიმართ დოლარის "შუამდგომლობით" დგინდება და ამიტომაც არის, რომ დოლარის პარალელურად ქართული ვალუტა ევროსთანაც უფასურდება.

"იკვეთება ტენდენცია, რომ ადგილობრივი ბანკები უცხოური ბანკებისგან ევროს ყიდულობენ დოლარის სანაცვლოდ. მოგეხსენებათ, ლარის კურსი დგინდება დოლარის მიმართ, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ვალუტის მიმართ, კურსი განისაზღვრება დოლარის "შუამდგომლობით"; ანუ დგინდება ლარის კურსი დოლართან, ხოლო ევროსა და ლარის კურსი დაიანგარიშება დოლარი-ევროს გაცვლითი კურსის მიხედით.

ამდენად, ევროს შემოდინება და დოლარის გადინება ნეგატიურად აისახა ლარი-დოლარის გაცვლით კურსზე, მაგრამ კურსის განსაზღვრის არსებული წესის გამო, ლარი-ევროს კურსზე დადებითად ვერ მოქმედებს (რა მოცულობის ევროც უნდა შემოვიდეს ან გავიდეს, ევროს მიმართ ლარის კურსი დგინდება იმის მიხედვით, თუ როგორია დოლარი-ევროს კურსი)", - ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე და აღნიშნავს, რომ ყველა ფაქტორი, რომელმაც ლარის გაუფასურება გამოიწვია, ამ ეტაპზე გაუმჯობესებულია. მათი ნეგატიური ზეგავლენა ლარზე, პრაქტიკულად, ამოწურულია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ირაკლი დოღონაძის განცხადებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის განსაზღვრის საკითხებს არეგულირებს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება ("სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი"-ს შესახებ) და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ("ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესი"-ს შესახებ). აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ფორმირება ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების საფუძველზე დგინდება, რომელიც "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში ელექტრონული ფორმით ხორციელდება. ამ პროცესში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებს და უცხოური ბანკების ფილიალებს.

დოღონაძე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, თავიანთი ფილიალების მეშვეობით, უცხოური ბანკების მონაწილეობა საქართველოს სავალუტო ბაზარზე ზრდის საფრთხეს და სპეკულაციის რისკს.

"მაგალითად, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში დოლარის დეფიციტის არსებობისას, სავსებით შესაძლებელია, მათი სავალუტო დეფიციტის შევსების წყარო ჩვენი ქვეყნის სავალუტო ბაზარი გახდეს. ამ დროს, ბუნებრივია, საქართველოში იზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ისიც, რომ უცხოურმა ბანკებმა თავიანთი ფილიალები, შესაძლოა, გამოიყენონ მიზანმიმართულად, სპეკულაციური შეტევებისათვის, რათა ხელოვნურად გაამწვავონ ვითარება სავალუტო ბაზარზე და ხელი შეუწყონ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას", - ამბობს ირაკლი დოღონაძე და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია მკაცრად განხორციელდეს ფინანსური მონიტორინგის პროცესი, რაც შესაბამისმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს.

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნული ტიპის სამსახურები აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაშია, აუცილებელია საქართველოშიც შესაბამისი პრაქტიკის დანერგვა. ეს დაეხმარება მთავრობას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მოახდინოს ოპერატიული რეაგირება სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ირაკლი დოღონაძემ.

"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო" პრეზიდენტის პაატა შეშელიძის განცხადებით, ყვალას აქვს უფლება იყიდოს და გაყიდოს დოლარი და მის საქმეებში არავინ იქექოს. იმავდროულად ყველას აქვს უფლება ეროვნულ ბანკს მეტი საჯაროობა მოსთხოვის.

"რაც მთავარია, სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომ გამორიცხავდეს ინსაიდერული ინფორმაციის (არასაჯარო ფინანსური ინფორმაცია) საფუძველზე სასურველი შედეგის მიღწევას და პოლიტიკის მორგებას საკუთარ ინტერესებზე", - ამბობს პაატა შეშელიძე. იგი მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობასა და ეროვნულ ბანკს.

"ხვა საკითხია უნდა ხდებოდეს თუ არა კურსის უფრო საჯაროდ დადგენა "ბლუმბერგზე" ან მის გარეშე. ვაჭრობა ღია აუქციონით უნდა მიმდინარეობდეს და იქ ყველა მონაწილეობდეს. დღეს კი 2-3 ბანკს დე ფაქტო ოლიგოპოლიური პრივილეგია ექმნება და შესაბამისად, სხვების ხარჯზე გამდიდრების შანსი უჩნდებათ", - ამბობს შეშელიძე და იგი არც იმას გამორიცხავს, რომ არსებობს ინსაიდერული ინფორმაციის მიღების ალბათობა, მაგალითად, როდის ჩაერევა სებ-ი კურსის ფორმირებაში. "ეს ინფორმაცია კომერციულ ბანკებს მუდმივად აქვთ და ეჭვი არ მეპარება, რომ გარკვეული "სარგებლის" სანაცვლოდ", - ამბობს პაატა შეშელიძე.

სპეციალისტების განცხადებით, არსებულ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობა, ძირითადად, კომერციული ბანკების ინტერესებზეა მორგებული. ერთი მხრივ, საბანკო სისტემის განვითარებისთვის ეს შეიძლება კარგიცაა, თუმცა ქმნის სპეკულაციის შესაძლებლობას, აყალიბებს მონოპოლიებს და საფრთხეს უქმნის ეროვნული ვალუტის სტაბილურობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×