"ჩვენი საზოგადოების განწყობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს პირდაპირ ეუბნება, რომ მათმა მოქმედებებმა ამ 23 წლის განმავლობაში ხალხის დამოკიდებულება შეცვალა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი მეგობრები მათთვის სასურველ მმართველებს ყველაფერში ამართლებდნენ და ყველაფერში ხელს აფარებდნენ. ამან ეს შედეგი მოიტანა, რომ ხალხს რუსეთის მმართველობა დაავიწყდა და თანდათანობით ისევ მისკენ მიბრუნდა.
"ევრაზიული კავშირის მომხრეს რომ ჰკითხოთ, რატომ უნდა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება და რატომ უნდა რუსეთთან ახლო ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ის ამაზე დასაბუთებულ პასუხს ვერ გაგცემთ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ტრადიციონალისტების" ლიდერი აკაკი ასათიანი.
პოლიტიკოსი რიგის სამიტზეც საუბრობს და ამბობს რომ "ოცნებაც" "ნაცმოძრაობის" პოლიტიკას აგრძელებს და საზოგადოებას მცდარ მოლოდინს უქმნის. ფიქრობს, რომ ასოცირების ხელმოწერის შემდეგ პროცესი გაჩერდა, რაც ჩვენი ბრალია. საქართველო ვერ ჩამოყალიბდა ევროპული ტიპის სახელმწიფოდ, ამიტომ ჩვენი პრეტენზიები ევროკავშირის მიმართ გაუმართლებელია.
"რეზონანსი": როგორც ცნობილი გახდა, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება იგეგმება. როგორ შეაფასებთ ამ საკითხს?
აკაკი ასათიანი: ამაში მე ტრაგედიას ნამდვილად ვერ ვხედავ. მაგრამ რა იგულისხმება კონკრეტულად და რა არის გასაფართოებელი, ეს საკითხი სერიოზულად შესამუშავებელია.
"რ": გაკეთდა ამის შესახებ განცხადებები, რომ ეკონომიკურ საკითხებს შეეხება ეს და მასში ჩართული ეკონომიკის ექსპერტებიც იქნებიან...
ა.ა: მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკას აბაშიძე-კარასინის არსებული ფორმატიც ჰყოფნის. მაგისთვის პრეზიდენტების შეწუხება არ ღირს.
"რ": ანუ ფიქრობთ, რომ უფრო სხვა საკითხებს შეეხება, ვიდრე ინფორმაცია ხმაურდება?
ა.ა: არა, არაფერს არ ვფიქრობ, უბრალოდ უნდა გავიგოთ ნათლად და ცხადად, რას შეეხება. მე ვფიქრობ, რომ რაც გვაინტერესებს, იმ საკითხებზე უნდა იყოს გაფართოებულ ფორმატზე საუბარი. უნდა იყოს ცხადად ნათქვამი, რომ საუბარი იქნება ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე და რუსეთის მოქმედებებზე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
"რ": ბოლო პერიოდში შეინიშნება პრორუსული ძალების გააქტიურება. როგორც ჩანს, საზოგადოების განწყობაც იცვლება, ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიანიშნებდა "ენდიაის" კვლევა, საიდანაც ჩანს, რომ ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვი 31%-მდე გაიზარდა. რაზე მიანიშნებს ეს? რისი ბრალია?
ა.ა: ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების განწყობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს პირდაპირ ეუბნება, რომ მათმა მოქმედებებმა ამ 23 წლის განმავლობაში ხალხის დამოკიდებულება შეცვალა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები მათთვის სასურველ მმართველებს ყველაფერში ამართლებდნენ და ყველაფერში ხელს აფარებდნენ. ამან ეს შედეგი მოიტანა, რომ ხალხს რუსეთის მმართველობა დაავიწყდა და თანდათანობით ისევ მისკენ მიბრუნდა.
ევრაზიული კავშირის მომხრეს რომ ჰკითხოთ, რატომ უნდა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება და რატომ უნდა რუსეთთან ახლო ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ის ამაზე დასაბუთებულ პასუხს ვერ გაგცემთ.
"რ": ანუ ინფორმაციის ნაკლებობაც იჩენს თავს?
ა.ა: კი, ინფორმაციის ნაკლებობაც და დასავლეთის პოზიციაც, ხელის დაფარება ქვეყნის მმართველების უმსგავსობებზე, იქნებოდა ეს არჩევნების გაყალბება, ადამიანის უფლებების დარღვევა თუ კიდევ სხვა საკითხები.
"რ": გორის აქციაზე რას ფიქრობთ, სადაც წითელ დროშებს აფრიალებდნენ?
ა.ა: ეს ნიშნავს იმას, რომ სტალინი ჯერ კიდევ არ დამარცხებულა. სტალინის დამარცხება ძეგლების აღებით კი არ ხდება, არამედ ისეთი ცხოვრება უნდა შექმნა, რომ აღარც აღარავის გაახსენდეს სტალინი და დარჩეს მხოლოდ ისტორიაში.
ცხოვრების შექმნაში ვგულისხმობ სოციალურ ფონსაც და რეალურ დემოკრატიასაც. როდესაც ადამიანის უფლებები დაცულია, როცა კეთილდღეობაა.
ვინც კარგად იცის საბჭოური მმართველობა, მას არ სურს დაბრუნება, მაგრამ არსებობს სხვადასხვაგვარი მცდარი შეხედულებები. მათ შორის მოქმედებს ყბადაღებული სტალინის ქართველობაც. გახსოვთ, რომ პრემიერ-მინისტრმაც ბრძანა, რომ მეორე მსოფლიო ომი ქართველმა მოიგოო. ტყუილი კი არ არის ეს, მაგრამ იმასაც გააჩნია რითი ამაყობ.
"რ": რამდენიმე დღე რჩება რიგის სამიტამდე, საიდანაც სავარაუდოდ, უვიზო მიმოსვლას ვერ მივიღებთ. ასეთ საფუძველს ქმნის იმ დასკვნა, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა და სადაც ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ აღებული ვალდებულებები ბოლომდე ვერ შეასრულა...
ა.ა: რასაც "ნაციონალები" აკეთებდნენ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მცდარ მოლოდინს უქმნიდნენ, არიქა, ახლა მაპ-ი იქნება და მერე მაპ-ზე უკეთესიო, საბოლოოდ კი რაც მივიღეთ, ნოტოსაც სჯობს, მაპ-საც და ა. შ. ამას აკეთებს "ოცნებაც". თუ ხელისუფლებამ არ იცოდა, რომ ვიზალიბერალიზაციას არ მოგვცემდნენ, კიდევ უფრო ცუდად ყოფილა საქმე. ასოცირებაზე ხელმოწერით პროცესი დასრულდა, ყოველ შემთხვევაში, შეჩერებულია.
"რ": ალასანიას გუნდი ამბობს, რომ მათი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ დაწყებული საქმე "ოცნებამ" ჯეროვნად ვერ გააგრძელა...
ა.ა: შესაძლოა, ეს განცხადებები საფუძველს მოკლებული არ იყოს, მაგრამ ეს პროცესი მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე დამოკიდებული ვერასდროს ვერ იქნება. საჭიროა ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომლისგანაც შორს ვართ, ამიტომ ჩვენი პრეტენზიები ევროპის მიმართ გაუმართლებელია.