სტოკჰოლმი-თბილისი
შვედეთის სამეფოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ინტეგრირება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. 2030 წლისთვის სტოკჰოლმი შესაძლოა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და ხელმისაწვდომ დედაქალაქად იქცეს ყველასთვის, განურჩევლად სოციალური თუ ფიზიკური ბარიერისა.
ივნისის დასაწყისში თბილისში ამ თემისადმი მიძღვნილი 3 ქართულ-შვედური ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ამ სფეროში არსებულ პრიორიტეტებსა და პრობლემებზე იმსჯელებენ.
8-28 ივნისს თბილისში, ეროვნულ მუზეუმში, შვედეთის ინსტიტუტის ორგანიზებით და საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, ქართველი და შვედი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების ფოტოგამოფენა (სლოგანით "ღირსეული ცხოვრება ყველას!") და 2-დღიანი ქართულ-შვედური კონფერენცია გაიმართება. გარდა ამისა, 8-14 ივნისს შედგება შშმ პირთათვის განკუთვნილი შვედური და ქართული წარმოების პროდუქციის გამოფენა. მანამდე კი შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში შვედეთის წარმატებულ პოლიტიკას 4 ქვეყნის (ბრაზილიის, თურქეთის, საქართველოს და უკრაინის) მედიის წარმომადგენლები სტოკჰოლმში ვეცნობოდით. ვიზიტი შვედეთის ინსტიტუტის ხელშეწყობით და ორგანიზებით შედგა.
შვედეთის თითქმის 2 მლნ მოქალაქე ანუ დაახლოებით ყოველი მეხუთე ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს წარმოადგენს. 2011 წელს შვედეთის მთავრობამ შშმ პირთა საკითხების მიმართ პოლიტიკის ახალი სტრატეგია შეიმუშავა. შვედეთის ინსტიტუტის პროექტების მენეჯერის, სილვია აუგუსტინსონის თქმით, სტრატეგიის მიზანია, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა მიეცეს ყველას, იმ ადამიანების ჩათვლით, ვისაც მხედველობის, სმენის, გონებრივი ხასიათის ან გადაადგილების პრობლემები გააჩნია.
"შვედეთში უკვე დიდი ხანია, რაც შშმ პირთა მიმართ პოლიტიკის მთავარ არსს წარმოადგენს ის, რომ ამ ადამიანებმა თავი საზოგადოების ღირსეულ წევრებად იგრძნონ," - აცხადებს აუგუსტინსონი.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული სტრატეგია 10 პრიორიტეტულ სფეროს მოიცავს, რომელთაგან სამს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა - სასამართლო სისტემას, ტრანსპორტს და საინფორმაციო ტექნოლოგიებს. კერძოდ, შვედეთის სამართალდამცავი ორგანოები საკუთარ საქმიანობას შშმ პირთა სპეციფიური მოთხოვნილებების გათვალისწინებით წარმართავენ. ჯერ კიდევ 2010 წელს შვედეთის პროკურატურამ შეიმუშავა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დანაშაულის მსხვერპლ შშმ პირთათვის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას და მათთვის ამ ინფორმაციის აღქმის გამარტივებას. რაც შეეხება საინფორმაციო სტრატეგიას, იგი ითვალისწინებს შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას როგორც ინტერნეტ-სივრცეზე, ისე სატელევიზიო და ბეჭდური მედიის პროდუქციაზე.
"შვედეთის სააგენტო ხელმისაწვდომი მედიისთვის" სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და მასში 125 ადამიანია დასაქმებული. მისი პრეს-სპიკერის, მია სნიგის თქმით, სააგენტო თანამშრომლობს მთავრობასთან და პარლამენტთან, რათა ტექსტები ხელმისაწვდომი გახადოს იმ პირთათვის, ვისაც ამა თუ იმ მიზეზის გამო კითხვა უჭირს. სააგენტო მათთვის გამოსცემს როგორც წიგნებს, ისე ჟურნალ-გაზეთებს. კერძოდ, 1984 წლიდან ტაბლოიდურ ფორმატში გამოიცემა ყოველკვირეული გაზეთი "8 გვერდი", 11 ათასზე მეტი ტირაჟით. გაზეთის შემოსავლების დაახლოებით 40% მის რეალიზაციაზე მოდის, ხოლო 60% - სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებაზე.
"კვირაში ერთხელ შვედურ აუდიტორიას საშუალება აქვს, უყუროს და უსმინოს გადაცემებს, რომლებსაც თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები უძღვებიან. გადაცემას სტუმრობენ როგორც უშუალოდ შშმ პირები, ისე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. პროგრამა გადაიცემა მიფო-ტვ-ს და მიფო-რადიოს ეთერში და დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი წამყვანის, სოფია ბერგმანის თქმით, ამ საქმიანობამ შეცვალა მისი ცხოვრება და იგი, შეიძლება ითქვას, სრულფასოვანი და მეტად საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს.
"ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მხედველობის, სმენის, გადაადგილების ან სხვა სახის პრობლემები, ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ საზოგადოების ღირსეულ წევრებად იგრძნონ თავი. ამას ემსახურება ჩვენი გადაცემებიც," - ამბობს პროექტის მენეჯერი და პროდიუსერი მატს ლუნდინი.
სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტმა 2030 წლისთვის ქალაქის განვითარების გრძელვადიანი ხედვის ("სტოკჰოლმი ყველასთვის") ფორმირებისას მიზნად დაისახა, აქციოს შვედეთის დედაქალაქი ევროპის ყველაზე უსაფრთხო და ხელმისაწვდომ დედაქალაქად ყველასთვის, განურჩევლად სოციალური თუ ფიზიკური ბარიერებისა.
"სტოკჰოლმში არავინ უნდა იგრძნოს თავი საზოგადოებისგან გარიყულად, მით უმეტეს სხვადასხვა ფუნქციონალური პრობლემების მქონე ადამიანებმა. თითოეულს უნდა ჰქონდეს ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბარში ქალაქის საბჭოს წარმომადგენელმა პერნილა ჟოჰნიმ.
მისი თქმით, ქალაქის საბჭოს ძალისხმევით, რამდენიმე ათასი გადასასვლელი ქვეითად მოსიარულეთათვის იმგვარადაა მოწყობილი (სპეციალური ხმოვანი სიგნალით შუქნიშნის მწვანედ ნათებისას, კონტრასტული ნიშნულებით და სამანქანო გზის მიმდებარე სპეციალური მონაკვეთებით მშშ პირებისთვის), რომ შეზღუდული უნარის მქონე პირებს გაუადვილდეთ დაბრკოლების დაძლევა. 500-მდე ავტობუსის გაჩერება ისეა მოდერნიზებული, რომ ინვალიდის ეტლით მოსარგებლე პირებს აღარ უწევთ სიმაღლის ბარიერის დაძლევა იმისთვის, რომ მიწისზედა ტრანსპორტით ისარგებლონ. გარდა ამისა, 100-მდე სპორტული დაწესებულება გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა შშმ პირებისთვის, სტოკჰოლმის საბჭოსა და სპორტის საქალაქო ადმინისტრაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად.
შვედეთის კანონი განათლების შესახებ სასწავლო დაწესებულებებს ავალდებულებს, დაეხმარონ განსაკუთრებული მოთხოვნილებების მქონე ბავშვებს და მოზარდებს, რომლებსაც საშუალება აქვთ, ისწავლონ როგორც "ჩვეულებრივ", ისე მათთვის განკუთვნილ სპეციალურ სკოლებში. შვედეთში 5 ასეთი რეგიონალური სკოლა ფუნქციონირებს. ამ საქმიანობას კონტროლს უწევს ეროვნული სააგენტო სპეციალური საჭიროების განათლებისა და სკოლებისთვის.
გარდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციებისა, აღსანიშნავია სტოკჰოლმში მედიის წარმომადგენლების შეხვედრა შშმ პირთათვის მომუშავე სამოდელო სააგენტო "ფანკი მოდელსის", ასევე კომპანიების "დიზაინი ყველასთვის", "სამჰალის" და "ტოკა ბოკას" წარმომადგენლებთან. "სამჰალი" სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიაა და იგი ხელს უწყობს შშმ პირების დასაქმებას და მათთვის შესაბამისი ვაკანსიების მოძიებას შრომით ბაზარზე. "ტოკა ბოკა" ანვითარებს კომპიუტერულ თამაშებს სპეციფიური უნარ-შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის.
"შვედეთის სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული პოლიტიკის სფეროში უდიდესი გამოცდილება დააგროვა. ამდენად, ის ღონისძიებები, რომლებიც 8 ივნისიდან თბილისში ქართულ-შვედური კონფერენციისა და გამოფენის ფარგლებში ჩატარდება, შვედური გამოცდილების გაზიარების კუთხით მეტად მნიშვნელოვანია. შვედეთიდან გვეწვევიან სოციალურ საკითხებზე მომუშავე ის ექსპერტები, რომლებიც შესაბამის სტრუქტურებში მუშაობენ და ქმნიან პოლიტიკას, ახორციელებენ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციას და მონიტორინგს," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას პროექტის კოორდინატორმა მაია ბერაძემ. მისი ინფორმაციით, ქართულ-შვედურ ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 14 შვედი და 8 ქართველი შშმ პირის ფოტოპორტრეტი, მათი პირადი ისტორიებით და აუდიო აღწერილობით.
კონფერენციის მონაწილეები მიმოიხილავენ შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ შვედეთის პოლიტიკას, ასევე საქართველოს სახელმწიფოს მიერ წარმოებული ანალოგიური პოლიტიკის მთავარ ასპექტებს. ღონისძიებას სტუმრებთან ერთად ხელისუფლების, თბილისის მერიის, იუსტიციის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, არასამთავრობო სექტორის, უფლებადაცვითი სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.