"აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და აზერბაიჯანის ოთხ მედიასაშუალებას, მათ შორის "რეზონანსს", გააცნო, თუ როგორ ხვდებიან მონაწილენი მნიშვნელოვან ღონისძიებას და როგორია მისი ხედვა ინიციატივის მომავლის შესახებ.
თავიდანვე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში ჩართული იყოს არა მარტო როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. იგი დარწმუნებულია, რომ რიგის სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ევროპის კურსის უცვლელობას.
"ჩვენ ყოველგვარი ეჭვის გარეშე ერთგულნი ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტისა," - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
იგი დარწმუნებულია, რომ ვილნიუსის სამიტის, დონბასში კრიზისისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ ინიციატივის მონაწილენი სრულიად ახალ სიტუაციაში იმყოფებიან.
"ვილნიუსის შემდეგ აქ, ბრიუსელში ჩვენ გვქონდა მრავალი დისკუსია ახალი რეალობისა და გამოწვევების შესახებ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ რიგის სამიტი დაადასტურებს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არის თანმიმდევრული. ეს დადასტურდება თუნდაც ევროპელი ლიდერების რიგაში ყოფნით - ყველა პირველი პირი მიიღებს მონაწილეობას ამ სამიტში. თქვენ ალბათ იცით, რომ სხვადასხვა ქვეყნის ჩართულობა ამ პროცესში იყო განსხვავებული და ახლა უკვე შეგვიძლია ვილაპარაკათ საერთოევროპული პოლიტიკის შესახებ, თანაც არა მხოლოდ უკრაინის დრამატული კრიზისის გამო," - აღნიშნა მან.
პრეზიდენტის აზრით, რიგის სამიტის მთავარი მიზანია, სახელმწიფოებრივი მშენებლობის გარანტირება და ევროკავშირის მზაობა, დაეხმაროს პარტნიორებს ამ ძალიან რთულ და კომპლექსურ პროცესში.
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი თქვენთვის არაა ადვილი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის ის მეთოდი, რომელსაც ჩვენ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში გთავაზობთ, არ გამომდინარეობს მხოლოდ შექმნილი რთული სიტუაციით, არამედ ეს არის გზა, რისი მეშვეობითაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ შევქმენით ევროკავშირი. რიგის სამიტი გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე პროცესის მომდევნო ელემენტი იქნება," - განაცხადა ტუსკმა.
ამბობს, რომ ესმის პარტნიორი ქვეყნებისა და მათი ლიდერების მისწრაფება და მოლოდინი, რაც რეალობაზე - სამიტის შესაძლო შედეგებზე - უფრო მაღალია.
"მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამიტის გადაწყვეტილებები თანაბრად უპასუხებს როგორც ევროპაში არსებულ რეალობას, ასევე პარტნიორთა მისწრაფებებსაც.
"ეს შეიძლება არ არის საკმარისი, მაგრამ საშუალოსტატისტიკურ ევროპელში ჩამოყალიბებულ თვალთახედვასთან შედარებით გაცილებით მეტია. ეს არა მარტო ჩემი მოსაზრებაა, რომ სამიტისათვის ჩვენი მხრიდან შეთავაზებული პოზიცია ევროკავშირის ზოგიერთი წევრის პოზიციაზე გაცილებით ამბიციურია.
"ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ხანდახან ძნელია კომპრომისის მონახვა არა მარტო ევროკავშირის 28 წევრს შორის, არამედ ექვს პარტნიორ ქვეყანას შორისაც. სამიტის წინ რთული მოლაპარაკება იყო, მაგრან ჩვენ მაინც შევძელით ერთიანი პოზიციის მიღწევა. ჩემი მოწოდებაა ლიდერებისადმი, რომ უკმაყოფილება კი არ გამოხატონ, არამედ ჯეროვნად შეაფასონ მიღწეული შედეგი," - მოუწოდა პრეზიდენტმა ტუსკმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერებს და დაუმატა, რომ მიღწეული შედეგი "რთულ სიტუაციაში მიღწეულ კომპრომისს წარმოადგენს."
დონალდ ტუსკი შეეხო არაღიარებული ტერიტორიების პრობლემებსაც, რომელიც მეტ-ნაკლებად საერთოა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების უმეტესობისათვის. აღნიშნა, რომ არ შეიძლება ვილაპარაკოთ ევროკავშირის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე. გადაწყვეტის ინსტრუმენტები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ მიდგომა საერთოა - ეს არის არაღიარების პოლიტიკა.
"ჩვენი პოზიცია ცალსახაა ყირიმის ანექსიის, დნესტრისპირეთის ნახევარ-ოკუპაციის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნახევრად-ანექსიისა და დონბასში შექმნილი სიტუაციის მიმართ და ასეთივე არაღიარების პოლიტიკა ძალაშია მთიანი ყარაბაღის შემთხვევაშიც."
მისი აზრით, ბელარუსმა თავი წარმოაჩინა, როგორც ნამდვილად დამოუკიდებელ და ნეიტრალურ მხარედ ძალიან რთულ სიტუაციაში. ამ ქვეყნის ინიციატივები მართლაც სასარგებლო იყო. მაგრამ ევროკავშირი ვერ შეიცვლის პოზიციას ბელარუსის შიგნით მიმდინარე პრიცესების მიმართ, როცა საკითხი ეხება ადამიანის უფლებებს და პოლიტიკურ პატიმრებს.
"როცა ლაპარაკია მომავალ ნაბიჯებზე, ყველაფერი ლუკაშენკოსა და ბელარუსზეა დამოკიდებული. მე შემიძლია განვაცხადო, რომ თუ მინსკის მხრიდან კეთილი ნება იარსებებს, ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ არასტანდარტული (შემხვედრი) ნაბიჯები," - აღნიშნა ტუსკმა.
"რეზონანსის" კითხვაზე, ექვსი პარტნიორი ქვეყნის განსხვავებული მიზნებიდან გამომდინარე, ხომ არ ხედავს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ორ ნაწილად გაყოფის აუცილებლობას, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ფორმატის შეცვლის საჭიროებას ვერ ხედავს.
"სავსებით ცხადია, რომ სხვადასხვა ქვეყნების მიმართ ჩვენ გვჭირდება განსხვავებული ინსტრუმენტები, უნარ-ჩვევები და მეთოდები. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა შესაძლებელია არსებულ ფორმატში. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ უნდა დავანაწევროთ არსებული, ექვსი ქვეყნისაგან შემდგარი პოლიტიკური ფორმატი და გამოვიყენოთ განსხვავებული ინსტრუმენტი თითოეული მათგანისათვის. რა თქმა უნდა, ჩვენი განზრახვაა, და რიგის სამიტზე ალბათ ეს პირველად ნათლად დადასტურება, პარტნიორებისადმი დიფერენცირებული მიდგომა. ჩვენი მიზანია არა რაიმეს გაყოფა, არამედ წინსვლა და ეფექტურობის ამაღლება," - განაცხადა ტუსკმა.
"რეზონანსი": ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში შიდა და გარე ფაქტორების გამო მოხდა საქართველოს ეროვნული ვალუტის დევალვაცია, გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეოაბა. მეორე მხრივ, შარშან ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას. ეს ორი მოვლენა არაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ხომ არ ფიქრობთ, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, რათა მოქალაქეებმა იგრძნონ ხელშესახები შედეგები, მე, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს უვიზო მიმოსვლა...
დონალდ ტუსკი: უპირველეს ყოვლისა, უვიზო რეჟიმი ანუ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვანი, არსებითი შემადგენელი ნაწილია. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეს არაა რაიმე საჩუქარი იმედისმომცემი პარტნიორი ქვეყნებისათვის. ასეთია არსებული წესი და ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიცირებისას. მოლდოვას მოქალაქეები უკვე სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით.
ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ პროექტს. ჩვენთვის, ევროპისათვის, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური კეთილგანწყობის დემონსტრირება. ეს უნდა იყოს ტექნიკური, პრაქტიკული და სამართლებრივი პროცესი, რადგან უვიზო რეჟიმი შეიძლება იყოს მხოლოდ პროცესის დასასრული, რომელიც მოიცავს პარტნიორ ქვეყნებში პროცედურებისა და ინსტიტუტების გაუმჯობესებას. თავის მხრივ, ჩვენ მზად ვართ, ყოველმხრივ შეგიწყოთ ხელი, მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი დახმარება.
მაგრამ უვიზო რეჟიმის მინიჭება არ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ გვჭირდება როგორც ევროკავშირის ინსტიტუციების, ასევე ყველა 28 წევრი ქვეყნის თანხმობა. თქვენ ალბათ საქმის კურსში ხართ, რომ შენგენის ზონასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვთ წევრ ქვეყნებსაც კი - რუმინეთსა და ბულგარეთს იმიტომ, რომ ჩვენი წევრი ქვეყნები ძალიან მგძნობიარენი არიან, როცა საქმე ეხება წესებისა და პროცედურების დაცვას, ამ შემთხვევაში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებში.
მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ... შესაძლებელია, უკვე ნოემბერში ევროკომისიის ტექნიკურმა ჯგუფმა მოამზადოს შემდეგი დაკვნა და თუ ყველა პირობა იქნება დაკმაყოფილებული, ეჭვგარეშეა, რომ ან მომავალი წლის დასაწყისში ან ცოტა მოგვიანებით, გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მე, ჩემი მხრივ, მზად ვიქნები, ძალისხმევა არ დავიშურო ჩვენი ევროპელი პარტნიორების დასარწმუნებლად, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი მიანიჭონ.
მინდა ნათლად განვაცხადო, რომ დონბასში შექმნილი კრიტიკული სიტუაცია არ წარმოადგენს უვიზო რეჟიმის შემოღების შემაფერხებელ პირობას. მე ვიცი, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებების შესახებ, რომ სანამ დონბასში გრძელდება კონფლიქტი, ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ. მაგრამ ეს არ იქნება სამართლიანი, რადგან გამოდის, რომ გასაღები არის რუსეთის ხელში და მისი თანხმობაა საჭირო. იგივე მიდგომა გვქონდა მოლდოვასთან მიმართებაშიც, რადგან მასაც აქვს დნესტრისპირეთთან დაკავშირებული მსგავსი პრობლემა. ჩემი პოზიციაა, რომ მიდგომა ყველას მიმართ უნდა იყოს ერთნაირი.
"რეზონანსი": რუსეთს ჰყავს არა მარტო ტანკები და თანამედროვე შეარაღება, იგი ასევე აკონტროლებს ელექტრონულ მედიას ქვეყნის შიგნით და ეწევა პროპაგანდას მის საზღვრებს გარეთ, მათ შორის ევროპაში და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებშიც. რა შეიძლება დაუპირესპიროს ამ ყველაფერს თავისუფალმა მედიამ?
დონალდ ტუსკი: მინდა, პერველ რიგში, ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით მტკიცედ განვაცხადო, რომ საუკეთესო კონტრპროპაგანდა არაა საკუთარი პროპაგანდის წარმოებაა, არამედ სიმართლის გავრცელება. რუსეთის მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია ევროპისა და უკრაინის შესახებ, მაგრამ პრობლემა გვაქვს არა მარტო აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ კონტინენტის შუაგულშიც კი.
ევრიკავშირში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამ პრობლემაზე, რათა ხელი შეუწყოს რეალური ინფორმაციის მომზადებასა და გავრცელებას, რათა უფრო ხელმისაწვდომი გახადოს იგი მედიისათვის.
კვლავ მინდა აღვნიშნო, რომ მთავარია თქვენს მედიასაშუალებებში არ აწარმოოთ საკუთარი პროპაგანდა, თუ ტყუილის გამოყენებით შეეცდებით ტყუილის დამარცხებას, ვერ შეძლებთ საზოგადოების დარწმუნებას თქვენს სიმართლეში."