დედაქალაქში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. მოსახლეობა ელოდება, რომ ლარი უფრო მეტად გამყარდება და დოლარის შესყიდვისგან თავს იკავებს. ამასობაში, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 ლარი 2,25-ის ნიშნულამდე გამყარდა. შიდა სავალუტო ბაზარზე ხელოვნურად გამოწვეული აჟიოტაჟი ჩაცხრა.
გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, სავალუტო ბაზარზე ვალუტის კურსი რამდენჯერმე შეიცვალა. ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც ვალუტის გამყიდველები არა ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ხელმძღვანელობდნენ, არამედ "ბლუმბერგზე" მიმდინარე ვაჭრობის შედეგების მიხედვით. დღის განმავლობაში 1 დოლარის ყიდვა 2,23-2,27 ლარის დიაპაზონში იყო შესაძლებელი. ამასთანავე, ვალუტის გამყიდველები თავს იზღვევდნენ და დოლარის ყიდვა-გაყიდვის მარჟასაც ზრდიდნენ.
"ბოლო ორი დღეა, დოლარზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.ის კი არა, უფრო მეტად ლარზეა მოთხოვნა. ასეთი სიტუაცია კარგა ხანია არ ყოფილა. როგორც ჩანს, ხალხი, ლარის კიდევ უფრო მეტად გამყარებას ელოდება და დოლარის ყიდვისგან თავს იკავებს", - ამბობს პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გამყიდველი ნოდარ გოგოლაძე."დღის პირველი ნახევარი ისე გავიდა, რომ არც ერთ ვალუტაზე მოთხოვნა არ შეინიშნება - არც დოლარს ყიდულობს ვინმე და არც ლარს. ევროზე და რუბლზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. უკვე მერამდენიმე წელია აქ ვმუშაობ და ასეთი მწირი ვაჭრობა არ მქონია. როგორც ჩანს, მოსახლეობა სიტუაციას აკვირდება.
დღის განმავლობაში რამდენჯერმე შევცვლეთ კურსი. დღის პირველ ნახევარში 1 დოლარის ყიდვა 2,24 ლარად იყო შესაძლებელი. შუადღით კურსი 2,26 ლარამდე ავწიეთ, დღის ბოლოს ისევ 2,24 ლარზე ჩამოვედით. ვერ გეტყვით, რა ხდება. ერთი რამ ცხადია: ორი-სამი დღეა დოლარი თითქმის არ იყიდება", - უთხრეს "რეზონანსს" საბურთალოს ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში.
დოლარის მოთხოვნის შემცირებაზე საუბრობენ რუსთაველის გამზირზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტშიც: "სამშაბათიდან მოთხოვნა მკვეთრად შემცირებულია. თუ აქამდე რამდენიმე ათას დოლარს ვყიდდით, დღეს, მაგალითად, მხოლოდ 600 დოლარი გავყიდეთ. სხვათა შორის, არც ლარზეა მოთხოვნა და პროცესი არის გაჩერებული. გაოცებული ვარ. გასაგებია, რომ დოლარი უფასურდება და ამიტომ მას არ ყიდულობენ (ხალხი კიდევ უფრო მეტად ელოდება ლარის გამყარებას), მაგრამ მე ის მიკვირს, ვისაც დოლარი აქვს, სიტუაციას რატომ არ იყენებს და არ ყიდის?".
ზოგიერთ სავალუტო პუნქტში აღნიშნავენ, რომ უფრო მეტად ლარის ყიდვის ტენდენცია აღინიშნება.
"დღეს უფრო მეტი ლარი გავყიდე, ვიდრე დოლარი, თუმცა ზოგადად ვაჭრობა არის მკვეთრად შემცირებული. დოლარს თითქმის აღარ ყიდულობენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ორ დღეში 100 დოლარი 10-12 ლარით გაიაფდა. კურსის ასე მკვეთრი ცვლილება კარგა ხანია არ ყოფილა. შეიძლება ამის მიზეზი არის ისიც, რომ რატომღაც, ორშიბათიდან მოყოლებული, დოლარს გამალებით აღარ ყიდულობენ", - ამბობს ვაგზლის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გამყიდველი ვახტანგ გაბუნია.
არადა, რამდენიმე თვის განმავლობაში შიდა სავალუტო ბაზარზე დოლარის აჟიოტაჟური მოთხოვნა შეინიშნებოდა. უფრო მეტიც, სავალუტო ჯიხურებში აღნიშნავდნენ, რომ დიდი რაოდენობით ამერიკულ ვალუტას ხშირად ერთი და იგივე ადამიანები ყიდულობდნენ. ზოგიერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დოლარის გაყიდვაზე საერთოდ უარს ამბობდა და მყიდველს უარს იმ მიზეზით ეუბნებოდა, რომ უცხოური ვალუტის დეფიციტი იყო. ეს ყოველივე სავალუტო ბაზარზე უფრო მეტ ქაოსს იწვევდა, შესაბამისად, ეკონომისტები ვარაუდობდნენ, რომ ლარის ხელოვნური გაუფასურებისთვის სპეკულაციური ფონი იქმნებოდა.
ეკონომისტი ლევან კალანდაძის აზრით, ლარის გამყარება სპეკულაციის შემცირებამ გამოიწვია. "ის სპეკულაციური მომენტი, რომელიც ბოლო პერიოდში კურსის გაუარესების თვალსაზრისით ლართან მიმართებაში ნეგატიურ როლს თამაშობდა, გარკვეულწილად შემცირდა. სავარაუდოდ, სპეკულაციური ფონის შესუსტებამ გამოიწვია ლარის მცირედით, მაგრამ მაინც გამყარება", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.
რაც შეეხება იმას, გაგრძელდება თუ არა ეროვნული ვალუტის გამყარება, ექსპერტის აზრით, ლარი კიდევ გამყარდება, თუმცა ის საწყის ნიშნულს ვერ დაუბრუნდება.
"მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენების ეფექტურობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. ამ ყველაფერმა გარკვეული როლი ითამაშა ლარის კურსთან დაკავშირებით", - აღნიშნავს ლევან კალანდაძე და დასძენს, რომ მონეტარული გადაწყვეტილების ეფექტურობის საკითხის აქტიური განხილვა უნდა გაგრძელდეს. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სპეკულაციური კომპონენტის მოხსნას. გარდა ამისა, ის უწყებები, რომელთა ხელშიც არსებობს და არის მონეტარული ინსტრუმენტები, უფრო მეტად მოტივირებული იქნებიან სწორი პოლიტიკის გასატარებლად.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მიმართ გამოთქმული ბრალდებები საეჭვოდ დაემთხვა ლარის კურსის გამყარებას. ამას ემატაბა ისიც, რომ პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, ნოდარ ხადური და ნოდარ ჯავახიშვილი დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ "საიდუმლო სერობის" მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ლარი გამყარებისკენ წავიდოდა და გაუფასურება მოსალოდნელი აღარ იყო.
ეკონომისტების აზრით, სპეკულაციის შემცირებას ზაფხულში სეზონურობისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური აქტიურობაც დაემატება და ლარი კიდევ უფრო გამყარდება. გამორიცხული არ არის, ძალიან მალე ლარის კურსმა 2,15-ის დიაპაზონში იტრიალოს.