პირველი შეტევა საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივმა კომიტეტებმა მიიტანეს
მაკა ხარაზიშვილი
26.05.2015

 ეროვნული ბანკის ანგარიში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უარყოფითად შეაფასა. უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მათ კითხვებზე ამომწურავი პასუხი ვერ მიიღეს. ზოგიერთმა მათგანმა ქადაგიძის გამოსვლა დემაგოგიად შეაფასა და აღნიშნა, რომ სებ-ის პრეზიდენტი ციფრებით მანიპულირებდა. სხდომაზე ქადაგიძეს რამდენიმე ბანკის გაკოტრების საკითხი და 2009-10 წლებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე ზეწოლის საქმეებიც შეახსენეს.

გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე 2014 წლის ანგარიშით გამოვიდა. დეპუტატებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დაახლოებით 60 შეკითხვა დაუსვეს.

გიორგი ქადაგიძემ ხაზი გაუსვა, რომ რამდენიმე თვეში ბანკის მომავალ პრეზიდენტს აწყობილ სისტემას ჩააბარებს, რომელსაც ვალებიც კი აღარ აქვს. "ეროვნულ ბანკს პირველად 1994 წლის შემდეგ ვალი აღარ აქვს. იმ გუნდს, რომელსაც ჩვენ გადავაბარებთ ეროვნული ბანკის ინსტიტუტს, ვაბარებთ გამართულ, აწყობილ ინსტიტუტს, ვალების გარეშე. რა თქმა უნდა, მე ამ აუდიტორიას არ ვაკადრებ იმ არასერიოზული ბრალდების ახსნას, თითქოს ჩვენ წინსწრებით დავფარეთ 400 მილიონი და ამან ხელი შეუწყო ლარის კურსს და ა.შ. ეს რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება", - განაცხადა ქადაგიძემ და აღიარა, რომ მუშაობის პროცესში მასაც ბევრი ხარვეზი ჰქონდა, რომელზედაც პასუხისმგებლობას იღებს.

ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ისევ ანტისაბანკო განწყობა მძვინვარებს, რომელიც ძალიან სახიფათო პროცესია, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ისე ინვესტიციების შემოსვლის თვალსაზრისით.

"დღეს მოსახლეობას აქვს ძალიან დიდი ნდობა საბანკო სექტორისადმი. ხალხი ანაბრებს ინახავს არა ბალიშებში, არამედ ბანკებში, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ შემდგომ ბანკები აკრედიტებენ ჩვენს ეკონომიკას", - განაცხადა ქადაგიძემ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში საბანკო კრედიტები ხელმისაწვდომია, ხოლო საპროცენტო განაკვეთები შესაბამისობაშია არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

"ბანკირები ბევრ ქვეყანაში არ უყვართ. ეს არ არის ახალი ფენომენი, მაგრამ ანტისაბანკო განწყობის გაღვივება და თუნდაც ქულების ჩაწერა, ძალიან სახიფათო თამაშია. ეს არის დადასტურებული უმრავი საერთაშორისო მაგალითით და ბევრ ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა ასეთი გზით სიარული. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ იმ შეცდომებს გავიმეორებთ, რომელიც უამრავ ქვეყანას ჰქონდა, რამდენიმე წლით უკან დავიწევთ", - განაცხადა ქადაგიძემ.

რაც შეეხება ლარის გაუფასურებას ქადაგიძე ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს და პრობლემას გარე ფაქტორებით ხსნის. მისი შეფასებით, გაუფასურება გამოიწვია საგადასახდელო ბალანსის 625 მილიონ დოლარამდე გაუარესებამ, ექსპორტის, გადმორიცხვებისა და ტურიზმის შემცირებამ. ამ პროცესების საწინააღმდეგოდ კი სებ-ს არაფრის გაკეთება არ შეეძლო.

დეპუტატმა ჯაბა ებანოიძემ კი აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეროვნული ბანკის იმისთვის არსებობს, რომ მსგავსს კრიზისულ ვითარებაში გამოიყენოს მონეტარული ინსტრუმენტები და შეამციროს გარე ფაქტორების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. "გაურკვეველია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა. ეროვნულ ბანკი მთავრობასთან ერთად პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე ფინანსურ და ეკონომიკურ პროცესებზე", - აღნიშნა ებანოიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საკმაოდ ბევრი კითხვა დაუსვეს რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდაზე. დეპუტატებისთვის ისევ პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა - როდესაც ლარის კურსი უფასურდებოდა, რატომ ზრდიდა ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების მოცულობას. ამ კითხვას ქადაგიძემ ტრადიციული პასუხი გასცა, რომ ამ ინსტრუმენტს იმისთვის იყენებს, რათა ბანკებს მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემები არ შეექმნას, ამასთანავე ხელს უწყობს ლარში სესხების გაცემას. "თუკი მთავრობის სურვილი იქნება, მაშინვე ამოვიღებ უკვე გაცემულ 1 მილიარდამდე მოცულობის სესხს, თუმცა ეს პრობლემას შეუქმნის ეკონომიკას", - აღნიშნა ქადაგიძემ.

დეპუტატები კი სებ-ის პრეზინდენტისგან ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე - რატომ აიყვანა სესხების მოცულობა მილიარდიან ნიშნულამდე, კონკრეტულად სად მიდის ეს სესხი და როგორია მისი ეფექტი. როგორც აღვნიშნეთ, მათ ქადაგიძისგან ამ კითხვაზე დეტალური ინფორმაცია ვერ მიიღეს.

უმრავლესობის დეპუტატმა ნანა ყეინიშვილმა, 2008 წელი გაიხსენა. იმ პერიოდში სებ-მა კომერციული ბანკების დოლარში დარეზერვების ნორმა 15%-იდან 5%-მდე შეამცირა, ახლა კი ამ მექანიზმს გვერდი აუქცია, არადა, ასეთი ნაბიჯით, შესაძლოა, ქვეყანას ლარის კატასტროფული გაუფასურება თავიდან აეცილებინა.

ქადაგიძის განმარტებით კი, იმ პერიოდში ქვეყნიდან კომპანიებმა დოლარის გატანა დაიწყეს, შესაბამისად, ბანკებს შეუმცირდათ დარეზერვების მაჩვენებელი, რათა კომპანიების მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ. ამჯერად ქადაგიძე დოლარში დარეზერვების ნორმის შემცირებას საჭიროდ არ მიიჩნევს, ვინაიდან ფუნდამენტური პრობლემა გარედან მოდის.

დეპუტატებმა მას 2010 წელიც შეახსენეს, როდესაც ეროვნული ბანკი 50-ჯერ მაინც ჩაერია ინტერვენციებით კურსის ფორმირებისას, თანაც მცირე თანხებით. "მგონია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. აბსოლუტურად არ ვიზიარებ მის მოსაზრებებს. ეს არის დემაგოგია და ციფრებით მანიპულირება. მისი ანგარიში ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს", - განაცხადა პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ.

უმრავლესობის დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს მიმართეს და ჰკითხეს, როდესაც ისინი საქართველოში ყველა ინსტიტუტს აკრიტიკებენ, ეროვნულ ბანკს კბილებით რატომ იცავენ? ამის შემდეგ უმცირესობიდან პეტრე ცისკარიშვილმა ქადაგიძეს კითხვა ფინანსთა სამინისტროს თაობაზე დაუსვა და სახაზინო ვალდებულებების მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით აზრი ჰკითხა. ეს შანსი სებ-ის პრეზიდენტმა კარგად გამოიყენა და განაცხადა, რომ სახაზინო ვალდებულებების მოცულობა მონეტარულ პოლიტიკაზე გავლენას ახდენს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქადაგიძეს 4 ბანკის გაკოტრება-გაყიდვის საქმეც შეახსენეს, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ კი აღნიშნა, რომ მას შეხვდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც 2009-10 წელს მთავრობის ზეწოლაზე, საპროცესო გარიგებებით "დაყაჩაღებაზე" საუბრობდნენ. მან ქადაგიძეს ჰკითხა, თუ მართლა არსებობდა მსგავსი ფაქტი, რატომ არ ჩაერია ამ პროცესში? რაზედაც ქადაგიძემ უპასუხა, რომ მას ეს ინფორმაცია არ ჰქონდა. "მე ამ კითხვას არ გავურბივარ. 2012 წლის ნოემბრიდან საქმეს იძიებს პროკურატურა, ამიტომ ეს აქ განსახილველი თემა არ არის, ეს ვთქვი, ადრეც წლებში და ვიმეორებ ახლაც. თუ საჭიროა სასამართლოზეც ვისაუბრებ ამის შესახებ", - განაცხადა ქადაგიძემ.

საბოლოოდ კომიტეტებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიში არადამაკმაყოფილებლად ჩათვალეს. ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ გაურკვეველია ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა, კერძოდ, რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობდა 2013-14 წლებში სავალუტო ინტერვენციებისას. 2009-13 წლებში სებმა 96-ჯერ ჩაატარა სავალუტო აუქციონი, აუქციონზე გამოტანილი თანხის მაქსიმუმი იყო 30 მილიონი, ძირითადად კი მცირე თანხები იყიდებოდა. ამიტომ, დეპუტატებისთვის პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა, ბოლო პერიოდში რა გათვლებზე დაყრდნობით ახორციელებდა სებ-ი 40-მილიონიან ინტერვენციებს?

რაც შეეხება სპეკულაციებს, ტყემალაძემ აღნიშნა, რომ იგი ამ კუთხით არ საუბრობს და არაფერს ამტკიცებს, თუმცა ახლახან მსოფლიოში ცნობილი 5 ბანკი სპეკულაციაში ამხილეს და ბუნებრივია ეს კითხვები საქართველოშიც გაჩნდა.

და ბოლოს, დეპუტატებმა ვერ მიიღეს დეტალური ინფორმაცია რეზერვებთან დაკავშირებით, რა რაოდენობის სავალუტო რეზერვია ადგილზე და რეზერვების სიმცირე ხომ არ აფერხებდა ინტერვენციებს. შესაბამისად, კომიტეტებმა სებ-ის პრეზიდენტის ანგარიში უარყოფითად შეაფასეს და "ნაციონალებისგან" თითქმის მთლიანად დაცლილ დარბაზში მის წინააღმდე ყველა დეპუტატმა ერთხმად მისცა ხმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×