გამყარებისა და დასტაბილურების ნაცვლად, ლარი ისევ ნახტომისებურად გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 დოლარი 2,2905 ლარი ღირს. ეს მაშინ, როდესაც მთავრობის წარმომადგენლებმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოსახლეობა დაარწმუნეს, რომ კურსის გაუფასურება აღარ მოხდებოდა. უფრო მეტიც, პარლამენტში დახურულ შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობას აღარ გაზრდიდა და ლარის სტაბილურობას შეუწყობდა ხელს. ყველაფერი კი პირიქით მოხდა.
საქართველოში ნდობას არა მარტო ეროვნული ვალუტა კარგავს, არამედ ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპირებებიც. როგორც კი მთავრობის ან სებ-ის წარმომადგენლები კურსის სტაბილურობაზე გააკეთებენ განცხადებას, ეროვნული ვალუტა მაშინვე გაუფასურებას იწყებს.
"ლარის კურსთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ გაუფასურებამ გავლენა მოახდინა იმპორტზე, ამოიწურა დანაკლისი, რაც გვქონდა და კურსს აქვს გამყარების მიმართულება. საშუალოვადიან პერსპექტივაში მეტ გაუფასურებას არ ველოდები", - ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ორიოდე დღის წინ გააკეთა.
"საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ ბოლო დროის პროცესებზე, მათ შორის, გაცვლითი კურსის ტენდენციებთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ კურსის დასტაბილურება გაგრძელდება. როგორც აქამდე არ ყოფილა ბიუჯეტის ზეგავლენა გაცვლით კურსზე, არც მომავალში იმოქმედებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ამ განცხადებებიდან მოყოლებული, ლარი ყოველდღიურად უფასურდება, ხოლო 27 მაისს მორიგი ნახტომი გააკეთა. ამჟამად სავალუტო ბაზარზე 1 დოლარი 2,3 ლარს გადასცდა.
რამდენიმე დღის წინათ პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურს, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს შორის დახურული შეხვედრა შედგა.
საინფორმაციო პორტალ "ნიუსპორტის" ინფორმაციით, ამ შეხვედრის მიზანი იყო მთავრობისა და ეროვნულ ბანკისთვის იმ კოორდინაციული გეგმის შემუშავება, რომლითაც მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შესაძლებელი გახდებოდა ლარის კურსის სტაბილიზაცია. ამ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სხვა საკითხებთან ერთად, ვალდებულება აიღო, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობას აღარ გაზრდიდა.
წინა ხუთშაბათს სებ-მა ბაზარზე დამატებით 130 მილიონი ლარის რეფინანსირების სესხი გაუშვა, მთლიანობაში 1,007 მილიარდი ლარი. აღსანიშნავია, რომ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში განიხილებოდა, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ რეფინანსირების სესხებზე გამახვილდა და თამაზ მეჭიაურმა ქადაგიძეს მოსთხოვა, აეხსნა თუ რატომ გაუშვა ისევ რეფინანსირების სესხის დამატებითი მოცულობა. ქადაგიძის განცხადებით, დამატებით 130 მილიონი ლარიდან ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი ისევ ამოიღო.
ფაქტი ერთია, რომ წინა ხუთშაბათს, აღნიშნული სესხების გაზრდის შემდეგ, 2,25-2,26 ლარამდე გამყარებული ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. დღეს მორიგი აუქციონი ჩატარდება და ყველას აინტერესებს, თუ რას მოიმოქმედებს სებ-ი რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებით.
ეკონომისტები ირწმუნებიან, რომ ლარის გაუფასურების ფაქტორები აღარ არსებობს. იმპორტი შემცირებულია, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების კლება ასევე შეჩერებულია.
"ლარის გაუფასურებაზე ეკონომიკური პროცესები კარგა ხანია გავლენას აღარ ახდენს. აქ, მე მგონი, უფრო ადამიანების ფაქტორთან გვაქვს საქმე. ოფიციალური სტატისტიკა სხვა ანალიზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. მიუხედავდა იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი დისკუსია გაიმართა, მაინც არ მესმის, რა პოლიტიკას ადგას ეროვნული ბანკი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს, არ არის ზეწოლა ლარზე", - ამბობს ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე.
მისი აზრით, გაუგებარია ეროვნული ბანკის განცხადება, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობის გაზრდით კომერციულ ბანკებს ლარში დაკრედიტების შესაძლებლობას აძლევს და ამით ეკონომიკას ასტიმულირებს.
"პირიქით, არსებულ გაურკვეველ სიტუაციაში ბიზნესმენი კრედიტის აღებასა და წარმოების გაფართოებას ერიდება, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა ბანკი მას სესხს ლარში შესთავაზებს თუ დოლარში. ეკონომიკას სწორედ ეს აფერხებს", - ამბობს კაპანაძე.
კიდევ ერთი ეკონომისტის, ვახტანგ ხომიზურაშვილის განცხადებით, სავალუტო ნაკადებისა და ექსპორტის შემცირება რამდენიმე თვის წინ უკვე აისახა ლარის კურსზე. იმის შემდეგ ეკონომიკაში ისეთი მნიშვნელოვანი კატაკლიზმები არ მომხდარა, რომ ლარის დევალვაციაზე გავლენა მოეხდინა.
"დღეს უკვე გამორიცხულია იმაზე საუბარი, რომ საგარეო და საშინაო პროცესები ლარის გაუფასურებას უწყობს ხელს. არაფერი ისეთი აღარ ხდება. ლარის ისევ დევალვაცია, გაურკვეველი მდგომარეობა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობას ანადგურებს, რაც ძალიან ცუდია. კომპანიები, რომლებსაც თავისუფალი სახსრები აქვთ, დოლარს იმარაგებენ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამთავრობო სტრუქტურები თავიანთი ქმედებით აბსოლუტურ უნდობლობას და უპატივცემულობას აყალიბებენ ეროვნული ვალუტის მიმართ", - ამბობს ვახტანგ ხომიზურაშვილი და დასძენს, რომ ზოგადად ლარის კურსის ფორმირებასთან დაკავშირებული გაუმჭვირვალე სისტემა ქმნის პანიკას.
"კურსის ფორმირება სასწრაფოდ გამჭვირვალე უნდა გახდეს. კომპანიებმა და ხალხმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს რა ხდება რეალურად, რათა პროგნოზირება უფრო მარტივი იყოს. გაუმჭვირვალე სისტემა კი პროგნოზს ართულებს და აჟიოტაჟის შექმნას უწყობს ხელს", - ამბობს ხომიზურაშვილი.