თაია არდოტელი
06.06.2015

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რუსთაველის სახელობის აეროპორტი გახდეს.

პრემიერის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერ დავით ნარმანიას, უკვე ესაუბრა, თუმცა, საკითხი საბოლოოდ თბილისის საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს.

"საკითხი ეხება თბილისის აეროპორტს და მის სახელს. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვერ მოხდა თბილისის აეროპორტისთვის სახელის შერჩევა და გადარქმევა. ალექსეევკა, რაც ბოლო წლების განმავლობაშია დამკვიდრებული, დღემდე, სამწუხაროდ, ასეა. აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა. მე მინდა ეს უბრალოდ შევთავაზო თბილისის საკრებულოს და მერიას, რომ იმსჯელონ ამ საკითხზე.

"იდეა არის შემდეგი, რომ თბილისის აეროპორტს დაერქვას რუსთაველის სახელობის აეროპორტი. იმედი მაქვს, იმსჯელებენ ამ საკითხზე და ასევე, რა თქმა უნდა, მოსახლეობის აზრიც მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ მომავალ წელს რუსთაველის 850 წლის იუბილეა. ჩვენ ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით შევქმნათ სპეციალური სახელმწიფო კომისია," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისაღებია თუ არა თქვენთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ბაღაშვილი  (მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი): "ეს იდეა პირველად გავიგე, თუმცა, პირველივე რეაქცია ცალსახად დადებითია. გამორიცხულია, სხვა რეაქცია მქონდეს, იმიტომ, რომ როდესაც ყველაზე დიდი ავტორიტეტის, დიდი ქართველის სახელის ხსენება გჭირდება, ვინც ქართულ ღირებულებებს ყველაზე უკეთ განაზოგადებს, პირველ რიგში ეს შოთა რუსთაველი გახლავთ.

"იყო პერიოდი, როდესაც შოთა რუსთაველი თავისი უკვდავი ქმნილებით უდიდესი შემაკავშირებელი ძალის მქონე გახლდათ. ამიტომ, აეროპორტისთვის რუსთაველის სახელის მინიჭებას რომელი მხრიდანაც უნდა შევხედოთ, დადებითის მეტს ვერაფერს დავინახავთ.

"ქართველისთვის ეს სახელი ეროვნული გრძნობის აღმძვრელი და გამღვივებელია, ხოლო უცხოელისთვის - ინტერესის გამჩენი, რომ გაიგოს, გაეცნოს შოთა რუსთაველს და თუკი ეს მოხერხდა, ყველაზე დიდი მიზანი იქნება მიღწეული, რადგან ნებისმიერი უცხოელი, ვინც რუსთაველს ზედაპირულად მაინც გაეცნობა, უფრო აღმატებული აზრის იქნება საქართველოზე, ვიდრე მანამდე იყო."

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "საიუბილეოდ თუ აკეთებენ, არ ვიცი, მაგრამ მერე ხომ ვეღარ გადაარქმევენ. რუსთაველი მე უფრო დიდი რაღაცისთვის მემეტება, ვიდრე აეროპორტისთვის.

"რაც შეეხება ახლანდელ სახელს, თუ მართლაც ალექსეევკა ჰქვია, ეს არასწორია და სხვისი სახელი შეიძლება, მაგრამ რუსთაველი აეროპორტის სახელად არ მომწონს."

 

 

 ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): "აუცილებლად უნდა გახდეს რუსთაველის სახელობის, იმიტომ, რომ შოთა რუსთაველი იგივე საქართველოა, იგივე საქართველოს სახელია. მას ისეთი ღვაწლი აქვს, მისი ქმნილება ისეთი საგანძურია, რომ უფლება აქვს, ყველაფერს რაც დღეს საქართველოში არსებობს, მისი სახელი ერქვას. რატომაც არა?! მისი სახელი უნდა უკვდავყოთ და შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიც უნდა გვქონდეს. არამარტო მე, არამედ ჩემი მეგობრებიც თანახმა ვართ, რომ აეროპორტმა ამ დიდი ოქროს ასოებით ჩაწერილი მგოსნის სახელი ატაროს."

 

 ქეთი ბექაური (იურისტი): "ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოში ყველა აეროპორტს თავისი განსაკუთრებული სახელი აქვს, რაც იმ ქვეყნის ღირსშესანიშნაობასთან, კულტურულ-ისტორიულ წარსულსა თუ პიროვნებებთან ასოცირდება. ცუდი არ იქნება, თუ თბილისის აეროპორტი რუსთაველის სახელობის იქნება, მივესალმები ამ ინიციატივას.

"თუმცა, მანამდე საუბარი იყო, რომ ზვიად გამსახურდიას სახელობის გამხდარიყო. მართალია, რუსთაველის სახელობის თუ იქნება, მიუღებელი არ არის, თუმცა, ვფიქრობდი და მოლოდინი მქონდა, რომ აეროპორტს ზვიად გამსახურდიას სახელი დაერქმეოდა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×