უკრაინაში ვითარება კიდევ დაიძაბა. ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის მამუკა მამულაშვილის თქმით, მიმდინარეობს რუსული სამხედრო ტექნიკისა და რეგულარული არმიის მობილიზება და უკრაინა ფართომასშტაბიანი ომის მოლოდინშია. მამულაშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთის რეგულარული არმია პირველ რიგში თავდასხმას ქართულ ლეგიონზე განახორციელებს.
უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და იქ მებრძოლ ქართველებზე "მთელი კვირა" ქართველთა ლეგიონის ხელმძღვანელ მამუკა მამულაშვილს ესაუბრა.
მამუკა მამულაშვილი: უკრაინაში ვითარება დღითიდღე მძიმდება. რუსეთმა უკვე ძალიან დიდი ძალა შემოიყვანა ოკუპირებულ რეგიონში და კიდევ თანდათან ზრდის. ხდება სარაკეტო დანადგარების შემოყვანა. ვფიქრობ, რუსეთი ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაღვივებას აპირებს.
"მთელი კვირა": უკრაინის არმია თუ არის ამისთვის მზად?
მ.მ.: ამ ეტაპზე უკრაინის არმია ბევრად უფრო კარგადაა მომზადებული. კარგად მარაგდებიან და მზად არიან შეეგებონ რუსეთის აგრესიას. ასე რომ, ველოდებით.
ჩვენც გვაქვს ჩვენი მონაკვეთი, რასაც აკონტროლებს ქართული ლეგიონი და სავარაუდოდ, პირველი დარტყმა ჩვენს სექტორზე განხორციელდება.
"მ.კ.": ექსპერტების აზრით, რუსეთი მთავარ შეტევას მარიუპოლზე განახორციელებს ყირიმთან სახმელეთო გზის გაჭრისთვის...
მ.მ.: იყო ლაპარაკი, რომ ეს იქნება მარიუპოლი, მაგრამ სავარაუდოდ ასე არ იქნება და რუსეთი ისეთ მიმართულებას აირჩევს, რომელსაც არ ელოდებიან. მაგრამ პრინციპში უკრაინის ჯარები ფრონტის ხაზზე ყველგან არიან მობილიზებული. ამ დრომდე უკრაინის მხარე არ არღვევს მოლაპარაკებებს და არ იყენებს მძიმე არტილერიას.
"მ.კ.": ბოლო პერიოდში ისევ გააქტიურდა დასავლეთის მიერ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევაზე საუბარი. თქვენთვის თუ არის რამე ცნობილი ამის შესახებ?
მ.მ.: ამაზე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკება და როგორც გავიგე, არა ჭორის დონეზე, არის ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში აშშ უკრაინას მოაწვდის ლეტალურ იარაღს, ჰაერსაწინაღმდეგო დანადგარებს, არ დაგიკონკრეტებთ რას, და ასევე საუბარია, ტანკსააწინააღმდეგო სისტემების გადმოცემაზე.
"მ.კ.": სხვა ქვეყნებისგანაც ხომ არ ელოდება უკრაინა მსგავსი სახის დახმარებას?
მ.მ.: ვერ გეტყვით, ძნელია ამაზე საუბარი, იმიტომ, რომ ევროპის ქვეყნები თავს არიდებდნენ კონფლიქტს და ცდილობდნენ არ დაენახათ რეალური ვითარება და დღესაც მიმდინარეობს ასეთი პოლიტიკა.
"მ.კ.": რაც შეეხება, ქართველ მებრძოლებს, ამჟამად რამდენი ჯარისკაცი იბრძვის უკრაინის მხარეს?
მ.მ:. ადგილობრივი ქართველები, ვინც იქ ცხოვრობდენ, იბრძვიან სეპარატისტების მხარეს, თუმცა, არ არის ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა. ჩემი ინფორმაციით, სავარაუდოდ 8 კაცია. სამწუხაროა, რომ ისინი მოღალატეები არიან.
"მ.კ.": და უკრაინის მხარეს რამდენი ქართველი იბრძვის?
მ.მ.: ვერ დაგიკონკრეტებთ, იმიტომ, რომ ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. თუმცა, ბევრად მეტია, ვიდრე სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართველები.
"მ.კ.": საქართველოდან ჩასვლას კიდევ ხომ არ აპირებენ მოხალისეები?
მ.მ.: მე ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ შევაჩერო, შეწყდეს ჩამოსვლა. ვცდილობ გავუფრთხილდე იმ რესურსს, რომელმაც უნდა დაიცვას საქართველო. ამიტომ ვცდილობ, რომ არ ჩამოვიყვანო, თორემ ისე, რა თქმა უნდა, ეს არის ფრონტის ხაზი, რომელზედაც გადის საქართველოს ინტერესებიც.
უკრაინის რადამ პირველ მოსმენაზე მიიღო კანონი უცხოელი მოხალისეების შესახებ და ახლა ჯერი პრეზიდენტზეა, რომელმაც რეზოლუცია უნდა დაადოს და მერე შევა ეს კანონი ძალაში. მაგრამ პრინციპში უკვე ძალიან გაადვილებულია თანამშრომლობა და კოორდინაცია შეიარაღებულ ძალებთან.
"მ.კ.": საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თუ ხვდებით ხოლმე?
მ.მ.: ყველას აქვს აზრი, რომ თითქოს ჩვენ ახლოს ვართ მიხეილ სააკაშვილთან ან რომელიმე სხვა ჯგუფთან. ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს. არ მინდა ვინმე შევიდეს შეცდომაში და ეგონოს, რომ წარმოვადგენთ სააკაშვილის, ან რომელიმე პარტიის გუნდს. ჩვენ უბრალოდ ვიბრძვით საქართველოსთვის და სიმართლისთვის. ვართ იქ, სადაც სჭირდება საქართველოს. საერთოდ არ გვაქვს შეხვედრები პოლიტიკოსებთან, არც სააკაშვილთან და არც ადგილობრივებთან. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ერთიანობის იდეას.
"მ.კ.": ქართველების გარდა უკრაინაში კიდევ, რომელი ქვეყნის მოხალისეები იბრძვიან?
მ.მ.: არიან ჩვენი ძალიან ახლო მეგობრები - ჩეჩნური შენაერთი, ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონი, რომელიც ჩვენი მოძმე ბატალიონია და ვმოქმედებთ კორდინირებულად. ასევე არიან შვეიცარიიდან და სხვა ქვეყნებიდან საკმაოდ მრავალნაციონალური შენაერთები.
"მ.კ.": თუმცა, ქართველები ყველაზე მეტნი არიან, როგორც ვიცი...
მ.მ.: კი, ბატონო, ქართველები მეტნი არიან, იმიტომ, რომ საქართველოს ინტერესი პირდაპირ უკავშირდება უკრაინის ინტერესს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რუსეთმა უკრაინაში არ მოახერხოს თუნდაც ერთი ნაბიჯის წინ გადმოდგმა.
რაც შეეხება უცხოელ მოხალისეებს, ახლა 4-მა იტალიელმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენთან ერთად იბრძოლონ. მათი ინტეგრაცია ახლა ხდება ჩვენს რიგებში. ასევე არიან ფრანგები, რომლებიც მალე შემოგვიერთდებიან. ქართველების ცალკე შენაერთია, რომელიც ვთანამშრომლობთ უკრაინულ ბატალიონთან, თუმცა, ცალკე ხელმძღვანელი მე გახლავართ და გადაწყვეტილებებს ვიღებ ჩემი ბიჭების მოქმედებების შესახებ.
"მ.კ.": და მაინც, ხომ არ ფიქრობთ უახლოეს მომავალში ქვეყანაში დაბრუნებაზე?
მ.მ.: ჩვენ გვქონდა შემოთავაზება, რომ უკრაინის მოქალაქეობა მიგვეღო, მაგრამ ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის. აქ სხვა რამეს არ ვემსახურებით - ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეით ვართ შეპყრობილი. ასე რომ, ჯერჯერობით ვერ ჩამოვალთ, იმიტომ, რომ ახლა ვითარება რთულდება. ვემზადებით და იმის საშუალება, რომ ახლა ჩამოვიდეთ საქართველოში, არ გვექნება.