ლიკა ამირაშვილი
11.06.2015

მსოფლიოს 94 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა ერთ წლამდე გაეზარდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ ახალი დადგენილება მიიღო. მთავრობის დადგენილებით სიახლეა ის, რომ 94 ქვეყნის მოქალაქეს, რომელთაც 180-დღიან პერიოდში 90 კალენდარული დღის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება ჰქონდა, ახლა აღნიშნული უფლება 1-წლის ვადით ეძლევა. ამას კი თავის მხრივ, პარლამენტის მიერ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ შარშან მთავრობამ დიამეტრულად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო, რითაც უცხოელებს საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის პირობები გაურთულდათ, რაც საზოგადოების დიდი ნაწილი კრიტიკის საგანი იყო, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელებს კი სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

თქვენი აზრით, სახელმწიფო როდის მოიქცა სწორედ - შარშან, სავიზო რეჟიმის გამკაცრებისას თუ ახლახან, შერბილებისას? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):  როგორც ცნობილია, ტურისტების რაოდენობა 20 პროცენტით შემცირდა. თუ ეს ციფრები ამ გამკაცრებასთან არის დაკავშირებული, ვფიქრობ, ძალიან კარგად მოიქცა, როდესაც უვიზო შემოსვლა ისევ შეარბილა. ეს გამკაცრება არაფერს რეალურს არ აკეთებდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ შერბილება ქვეყნისთვის უკეთესი იქნება.

 

 

 გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): მე რომ უფლება მომცენ, ვიზებით მიმოსვლას მთელ მსოფლიოში გავაუქმებდი. არავითარი ვიზა და ქვეყენების დაყოფა, ჩვენ ერთამეთისაგან გასაყოფი არაფერი არ გვაქვს. საზღვრები ჩაკეტილი როცა აღარ იქნება, მშვიდობა მაშინ დაისადგურებს.

 

 

 

 ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონი" ხელმძღვანელი): ვფიქრობ, სავიზო რეჟიმის შემოსვლის შერბილებით არასწორედ მოქცეულან. ჩვენი მიწა და წყალი ისედაც არ გვყოფნის. საქართველო უცხოელებით გაივსო. ქართველები სულელი ტოლერანტები ვართ.

 

 

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ქვეყნებთან, რომელთანაც სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ინტერესები გვაკავშირებს, სავიზო რეჟიმი უფრო ლიბერალური უნდა იყოს. მაგრამ არიან ქვეყნები, რომელთანაც სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს. არ შეიძლება უკონტროლოთ შემოდიოდნენ ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც ძალიან სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის. ისეთი ადამიანები შემოდიან, რომლებსაც არც ტურიზმთან და არც საქმიან მიმოსვლასთან არაფერი საერთო არ აქვთ, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×