საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღების ინიციატივით გამოდიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრვალესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
მისი თქმით, ახალი მინისტრი მთის რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს.
"უმრავლესობაში ჩამოყალიბდა ასეთი ინიციატივა, რომ შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელიც უზრუნველყოფს ამ კანონების აღსრულებას, მთის რეგიონების განვითარების ხელშეწყობას, სხვადასხვა უწყების კოორდინირებას ამ საქმიანობით. ვფიქრობ, რომ მთავრობა გაიზიარებს ჩვენს წინადადებას. პირველივე მოსმენაზე ჩვენ ამ საკითხს დავაყენებეთ - სახელმწიფო მინისტრის ინისტიტუტის შემოღების თაობაზე, რომელიც დაკავებული იქნება მთიანი რეგიონების განვითარებით", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა მთის მინისტრის და მსგავსი პოსტების შემოღება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გია ბურჯანაძე (მსახიობი): მინისტრის პოსტის შემოღება კი არა, მთის კანონის ამოქმედებაა საჭირო. ამის გარდა არსებობს ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის სამინისტროები, გამგეობები, გუბერნიები, მუნიციპალიტეტები და თავს ნუ "იპაზორებენ", რა.
გიორგი შენგელაია (კინორეჟისორი): მსგავსი მინისტრები ბევრ ქვეყანაში არსებობს - ავსტრიაში, იტალიაში, დარწმუნებული ვარ, ტიბეტშიც არის. იქ, სადაც მთებია, ძალიან სპეციფიკური გარემოა, ამიტომ საქართველოსთვისაც აუცილებელია. კომპეტენტური ადამიანი გვჭირდება, რომელიც მთის პრობლემებს მოაგვარებს. ვფიქრობ, კარგი იდეაა.
დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): მთის მინისტრი კი არ არის საჭირო, არამედ მთელი სტრუქტურაა შესაცვლელი. ქართული მთა მართლაც დიდი პოტენციალის მატარებელია, ამიტომ შესაძლებელია საჭიროცაა. ქართული მთის ძალიან ბევრი ასპექტია გამოსაყენებელი. ამას სჭირდება დრო და ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგება.
მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): მთის მინისტრის არსებობა საჭიროა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მთას რომ მიხედვა უნდა, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. არ მახსოვს, საქართველოში ასეთი პოსტი ოდესმე თუ ყოფილა. მე არ ვიცი, პოსტია საჭირო თუ რაღაც სისტემის შექმნა, რომელიც მთას მიხედავს.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): მთის პრობლემები ყველა სამინისტროს ეკუთვნის, ამიტომ სააგენტოს სახით ჰორიზონტალური კავშირის შემქმნელი ინსტიტუციაა საჭირო და არა უწყებრივი სამინისტრო. ხომ არ შეიძლება, რომ ზღვის სანაპიროს მინისტრი გვყავდეს? მთაში გამჭოლი პრობლემები არსებობს, მთა მხოლოდ გეოგრაფია არ არის, ესაა - დემოგრაფია, სოციალური საკითხები, კულტურა, ანუ გამჭოლი საკითხებია, რომელმაც ყველა სამინისტრო უნდა გაიაროს. ვფიქრობ, უფრო მთის განვითარების სააგენტოა საჭირო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე