"აქ შევარდნა და რაღაც ბრიყვული ქცევები არ იქნება"
ელზა პაპოშვილი
13.06.2015

 "თანასწორობის ფრონტის" ლიდერი ირაკლი კაკაბაძე "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ იწყებს აჯანყებას ხელისუფლებისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოება ურცხვად მოატყუა და სასწრაფოდ ზომებია მისაღები, რათა ამ ხელისუფლების დამხობა მოხდეს.

კაკაბაძე მიიჩნევს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ღარიბაშვილი და ივანიშვილი შედეგებს გააყალბებენ. ამიტომაც ჯობია, რომ მათი პოლიტიკიდან გაშვება მშვიდობიანად, თუმცა უკომპრომისო ბრძოლით მოხდეს.

კაკაბაძე აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველ ერს გადაგვარება ემუქრება, რადგანაც 2 მილიონამდე ჩვენი მოქალაქე უკვე ქვეყნიდანაა გასული და თუ ასე გაგრძელდა და არაფერი შეიცვალა, მაშინ უარეს შედეგს უნდა ველოდოთ.

ირაკლი კაკაბაძე: ყველა მოქალაქის მოვალეობაა, როდესაც მისი ხელისუფლება ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, უბრალოდ ადგეს და მოიშოროს თავიდან მთავრობა, რომელიც პრემიების ხარჯზე მდიდრდება და არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ გაჭირვებულ ხალხს მიხედონ, სამართლიანობა აღადგინონ. ამიტომაც ყველა მოქალაქის უფლებაა, მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზებით ეს ხელისუფლება დაამხოს.

"რეზონანსი": დამხობაში რას გულისხმობთ, უკიდურეს ზომებს გამოიყენებთ?

ი.კ.: არსებობს ბევრი მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა, ანუ თავიდან მოშორება. ჩვენ ამ საკითხზე ჯერჯერობით საიდუმლოდ ვმუშაობთ და გასაჯაროებას ჯერ არ ვაპირებთ. ამას დრო გვიჩვენებს და ხალხიც დაინახავს, რა და როგორ იქნება. შევკრებთ ჩვენს მოქალაქეებს და მაშინ ყველა ყველაფერს დაწვრილებით გაიგებს.

"რ": აქციების გამართვას აპირებთ?

ი.კ.: ღარიბაშვილის ჩერჩეტული ქცევები ხალხს უკვე ისე აქვს ყელში ამოსული, რომ არც ამას გამოვრიცხავთ. ქართველი ერი მოტყუებულია და ღარიბაშვილი კლანის მონობაში ჩავარდნილი აღმოჩნდა. მან და მისმა უშუალო უფროსმა ივანიშვილმა ხალხი მოატყუა. ახლა ნახავენ, გაპამპულავებულ და დამცირებულ ხალხს რა შეუძლია.

"რ": რაიმე კონკრეტული გეგმა გაქვთ?

ი.კ.: რა თქმა უნდა, წინასწარი გეგმა არსებობს. ამაში მეორე აზრი არ არის, თუმცა, წინასწარ ამაზე საუბარს ჯერ არ ვაპირებ. ხალხი ახლო მომავალში ისედაც დაინახავს, რაც მოხდება.

ღარიბაშვილის ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაემხოს და ამას რომ მთელი საზოგადოება იზიარებს, ჩვენს ვაიხელისუფლებას მალე დავანახებ. ისინი დაგვპირდნენ სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავზე დაგვაკლეს იური ვაზაგაშვილი, ბესო ხარძიანი, ეროსი კიწმარიშვილი. უსამართლობის ზეიმი კვლავ გრძელდება.

"რ": თქვენ ფიქრობთ, რომ მთავარი პრობლემა ირაკლი ღარიბაშვილია?

ი.კ.: პირველი ნაბიჯი იქნება ირაკლი ღარიბაშვილის მოშორება, ხოლო მარიონეტის გარეშე დარჩენილ ივანიშვილს შემდეგ მოვუვლით. მერე უკვე უფრო ღიად გამოჩნდება, ვინ არის მთავარი მმართველი და ხალხის წინაშე ვინ უნდა აგოს პასუხი.

"რ": საპარლამენტო არჩევნები მომავალ წელს უნდა გაიმართოს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი რადიკალური ზომები საჭირო არ არის, რადგანაც ხალხი თუ უკმაყოფილოა, ეს არჩევნებზე ძალიან კარგად გამოჩნდება?

ი.კ.: არა, დრო აღარ იცდის. ხალხი მას სასწავლებლად გაუშვებს, რომ მიიღოს განათლება და გაიგოს, რა და როგორ უნდა გააკეთოს. არ დავუშვებთ, რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არჩევნები გააყალბონ, რასაც, რა თქმა უნდა, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისას აპირებენ.

ეს არ იქნება პარლამენტში და მთავრობაში შევარდნა, ეს იქნება მშვიდობიანი აქციები, რომლის შემდეგაც ღარიბაშვილი თავის დამქაშებიანად ამ ქვეყნიდან მოშორდება. აქ შევარდნა და რაღაცა ბრიყვული ქცევები არ იქნება. ხალხის გენოციდი და ქვეყნიდან ჩვენი მოქალაქეების მასობრივი გადინება სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. 2 მილიონი ადამიანი უკან უნდა დავაბრუნოთ, როგორც გააქციეს აქედან.

"რ": ამდენი ემიგრანტის უკან დაბრუნებას როგორ აპირებთ?

ი.კ.: რა თქმა უნდა, მათი დაბრუნება შესაძლებელია, თუკი სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გატარდება, აღარ იქნება ნეპოტიზმი და უდიდესი პრემიების გამოწერა. ესენი ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან, არ ქმნიან სამუშაო ადგილებს. ვინც მუშაობდა, ისინიც გამოყარეს და საკუთარი ოჯახის წევრები მიიყვანეს.

ქვეყანაში სრული განუკითხაობაა, ხალხო, რა დროს ჯდომა და ყურებაა. თუ რამე არ მოვიმოქმედეთ, ქვეყანაში მარტო ესენიღა დარჩებიან.

ჩვენ პოლიტიკოსები გვატყუებენ, რომლებიც მხოლოდ თავიანთ თავზე ფიქრობენ. უნდა მოვიდეს ძალა, რომელიც მხოლოდ ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნებს. ანუ, პირდაპირი დემოკრატიული მმართველობა და არა საიდანღაც ვიღაცის კარნახით მოქმედება.

ჩვენ ვაპირებთ საყოველთაო გაფიცვას, დაუმორჩილებლობას, ყველაფრის პარალიზებას. ძალიან ბევრ ადამიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა, იმას ვერ გეტყვით, ვისთან და კონკრეტულად რა საკითხებზე. ყველაფერს გავასაჯაროებ, როცა ამის საჭიროება იქნება.

"რ": მოქმედებას რომელიმე პოლიტიკურ პარტიებთან ერთად აპირებთ?

ი.კ.: რა თქმა უნდა, ვაპირებ. ეს იქნება სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლა, რომელშიც უკან დახევა არ იქნება. როგორც წინაც ვთქვი, აგრესიასა და ძალისმიერ მეთოდებს არ მივმართავთ. ხალხი თვითონ გადაწყვეტს, რა უნდა ქნას.

მათ ჩვენი მოსახლეობის 90%-ის მარგინალიზაცია მოახდინეს. ჰოდა, ახლა ამ ხალხს პასუხი გასცენ. ესენი არიან უკანონო ქურდები, რომლებიც ხალხის ფულსა და კაპიტალს იპარავენ. ესენი არიან "კაგებეს" დროინდელი კადრები. ღარიბაშვილს მართავს მისი სიმამრი თამაზაშვილი, რომელიც შევარდნაძის დროინდელი მაფიოზია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×