თბილისში, ავჭალის სარაგბო არენაზე სტარტი აიღო მსოფლიო რაგბის თბილისის თასის მესამე გათამაშებამ, სადაც "ბორჯღალოსანთა" გარდა მონაწილეობენ ურუგვაის ეროვნული ნაკრები, მზარდი იტალია და ირლანდია.
პირველი გამარჯვება მიითვალა მილტონ ჰეიგის რაზმმა, რომელმაც ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო 19:10. საგულისხმოა, რომ "ბორჯღალოსანთა" გურუმ საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო - მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთამერიკელებთან თამაში სარეიტინგო გახლდათ, შემადგენლობაში ერთბაშად ექვსი დებიუტანტი - ბექა გორგაძე, გიორგი ფრუიძე, ნიკა ხატიაშვილი, საბა შუბითიძე, გიორგი თედორაძე და არჩილ ბეჟიაშვილი დააყენა.
უნდა ითქვას, რომ ამ თამამმა ნაბიჯმა გაამართლა და ჩვენმა ნაკრებმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.
"ბორჯღალოსნებმა" ანგარიში მატჩის მე-7 წუთზე გახსნეს - კოტე მიქაუტაძემ ბურთი ლელოს მოედანზე დაამიწა, რასაც ქართველთა მგეზავის ბექა წიკლაურის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა 7:0. მოგვიანებით სამქულიანი ჯარიმა წიკლაურმა ისევ ზუსტად დაარტყა და მე-15 წუთზე საქართველო დაწინაურდა 10:0.
ურუგვაელებს პირველი ქულა პირველხაზელი აგუსტინ ორმაეშეას დარტყმამ მოუტანა, რომელსაც მალევე მსაჯის მიერ ჩათვლილი საჯარიმო ლელო მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა 10:10. პირველი ტაიმის ბოლოს ბექა წიკლაურის ზუსტი მორიგი საჯარიმო დარტყმით "ბორჯღალოსნებმა" ტაიმი მოიგეს 13:10.
მეორე ნახევარში ანგარიში მხოლოდ 65-ე წუთზე გაიხსნა. არასწორი ბოჭვისთვის ურუგვაი კიდევ ერთხელ დაისაჯა და ჩვენებურებმა სხვაობა 6 ქულამდე გაზარდეს 16:10. მატჩის მიწურულს ქართველთა შერკინებამ კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმა მოიპოვა და ლაშა მალაღურაძემ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა 19-10.
მიუხედავად კარგი თამაშისა, საგულისხმოა, რომ ჩვენს ნაკრებში მოისუსტებდა სათამაშო დისციპლინა - ერთ თამაშში სამი სინბინი საკმაოდ ბევრია, რაც დიდი ალბათობით, სხვა თამაშებისას უფრო სერიოზულ პრობლემებს შეგვქმნის.
პაოლო ლემოინი (ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ბევრი სულელური შეცდომა დავუშვით, რამაც საბოლოო რეზულტატზე იმოქმედა. განსაკუთრებით ბევრი შეცდომა იყო პირველ ნახევარში. რაც შეეხება ზოგადად თამაშს - რთული მოწინააღმდეგე გვყავდა, ძლიერი დაცვა ჰყავდათ და მათთან შერკინებაც გაგვიჭირდა. თუმცა ჩემი ბიჭებით მაინც კმაყოფილი ვარ, რადგანაც ნამდვილად კარგი და რთული თამაში ითამაშეს."
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ვფიქრობ, უფრო მეტი აგრესიით უნდა გვეთამაშა. იყო ტექნიკური შეცდომებიც, რაც მეორე ნახევარში გამოსწორდა და ამან შედეგი გამოიღო. ამ თამაშისთვის უკეთ მოსამზადებლად დრო საკმარისი არ გვქონდა და შეცდომებიც ამან განაპირობა. პროცესი გრძელდება და ვეცდებით, შემდეგი თამაში უკეთ ჩავატაროთ.
"ნაკრების ახალმა მოთამაშეებმა თავი მშვენივრად გამოიჩინეს. გორგაძეც კარგად შემოვიდა შეცვლაზე. ხაზი მინდა გავუსვა ფრუიძის თამაშს - ძალიან კარგი იყო. დაახლოებით სამი წელი განიხილებოდა ის ერვნული შემადგენლობისთვის და დღეს ფაქტობრივად მისი დებიუტი შედგა."
ლევან დათუნაშვილი (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "ველოდით, რომ მოწინააღმდეგე აგრესიულ თამაშს შემოგვთავაზებდა. ურუგვაი თბილისში შეთამაშებული ჩამოვიდა, მაგრამ დერეფანში რამდენიმე შეცდომა მაინც დაუშვა. შერკინებაში თავიდან ვერ დავდექით, მაგრამ როცა საჭირო იყო, აქაც ვიმძლავრეთ. ყველამ ბოლომდე იბრძოლა და მოედანზე 13 კაცი რომ დავრჩით, ერთი სანტიმეტრიც არ დავთმეთ. მეტოქეს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ლელოს გატანის შანსი და მეტი ხიფათი არც შეუქმნია.".
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 17 ივნისს, 19 საათზე, "მზარდი იტალიის" წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც პირველ მატჩში "მზარდმა ირლანდიამ" 25:0 აჯობა და 4 ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც ჩაიწერა.