იაგო ნაცვლიშვილი
15.06.2015

 შესაძლოა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ოფიციალურად დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციები მედიაში პერიოდულად ვრცელდება. მის შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობენ პოლიტიკის სპეციალისტებიც. ყველა მათგანი თანხმდება, რომ მას პოლიტიკაში დაბრუნებისკენ ერთადერთმა რამ შეიძლება უბიძგოს - ქვეყანაში შექმნილმა კრიზისმა.

ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკა ექს-პრემიერის არჩევანი არც თავის დროზე ყოფილა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მაშინაც გარემოებებმა უბიძგა. შესაძლოა, გარემოებებმა იძულებული გახადოს ის, რომ იგივე ნაბიჯი ახლაც გადადგას.

ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ივანიშვილი პროცესებს შემოდგომამდე დააკვირდება და თუ კრიზისი გამოსწორების ნაცვლად კიდევ უფრო გაღრმავდება, ალბათ ამ ნაბიჯს კიდევ გადადგამს.

შექმნილი კრიზისიდან ერთადერთ გამოსავალს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაში ხედავს კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტან ძაბირაძეც. ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი საკუთარი მოსაზრებების რეალიზებას უკვე საკუთარ გუნდშიც კი ვერ ახდენს, რამაც შესაძლოა ყოფილი პრემიერი აიძულოს, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს.

რამდენად რეალურია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ხელისუფლებაში და რამ შეიძლება უბიძგოს მას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ, ამ საკითხებზე "მთელი კვირა" პოლიტიკის სპეციალისტებს ესაუბრა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება თეორიულად შესაძლებელია.

"თუ სურვილზე ვისაუბრებთ, მაშინ მას არ ექნება პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი. რამდენადაც მე ვიცი, მას არ აქვს ასეთი სურვილი. პოლიტიკა არ ყოფილა მისი ოცნება და მისი არჩევანი. თავის დროზე პოლიტიკაში მოსვლისკენ მას გარემოებებმა უბიძგა. როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, მან დატოვა პოლიტიკა და ოფიციალურ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი მას არ აქვს.

"რაც შეეხება გავლენას, პოლიტიკურ პროცესებზე ამას თითოეული ჩვენგანი ვახდენთ, რა თქმა უნდა მეტ-ნაკლები დოზით. ბუნებრივია, ივანიშვილი გაცილებით მეტად ახდენს გავლენას, მაგრამ ოფიციალურად პოლიტიკაში ყოფნის სურვილი მას არ აქვს.

"დღესაც პოლიტიკური პროცესი მთლიანად მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არის. ასეთი აღქმაა საზოგადოებაში. თუ კრიზისმა რაღაც გარკვეულ კრიტიკულ წერტილს მიაღწია და გამოჩნდა, რომ არსებულ ხელისუფლებას ამ გამოწვევების გამკლავება არ შეუძლია, მაშინ "ჩემი აზრით, ის დაბრუნდება ხელისუფლებაში. ამას ვამბობ თეორიულად, დადგება თუ არა პრაქტიკულად ეს საკითხი, არ ვიცი. მოგეხსენებათ, მან წასვლის წინ თქვა, რომ თუ რამე არ იქნება სწორად, მაშინ მე დავბრუნდებიო. როდის ჩათვლის კრიზისულ წერტილად ხელისუფლების მოქმედებებს, ამის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს.

"მე ვფიქრობ, რომ ასეთი კრიზისული პერიოდი უკვე დამდგარია. როგორც ჩანს, ივანიშვილი ასე არ ფიქრობს და მისთვის კრიზისული წერტილი უფრო ღრმა კრიზისია, ვიდრე ვთქვათ, ჩემთვის ან სხვისთვის.

"მისი გადაწყვეტილება დამოკიდებულია შემდგომ ვითარებაზე. გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები შემოდგომამდე. როგორი იქნება ეკონომიკური და სოციალური რისკები, ლარის კურსის თემები, საგარეო გამოწვევები... ბევრ რამეზეა მის გადაწყვეტილება დამოკიდებული.

"თეორიულად გამოსარიცხი ნამდვილად არ არის, თუმცა, პრაქტიკულად რამდენად მივალთ იმ წერტილამდე - ამის თქმა გამიჭირდება. სასურველი ნამდვილად არ არის, რომ ქვეყანაში იმდენად დრამატულად განვითარდეს ვითარება, რომ ივანიშვილი იძულებული გახდეს, კიდევ ერთხელ გააკეთოს ის, რაც მას არ უნდა", - უთხრა გია ხუხაშვილმა "მთელ კვირას".

ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების მოტივაცია ბევრია.

"დღეს ასეთი პოლიტიკური რეალობაა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, იკლო "ქართული ოცნების" ავტორიტეტმა ქვეყანაში. ამიტომ აუცილებელი ხდება ძლიერი პოლიტიკური გუნდის შექმნა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ ასეთი ცვლილებისთვის არსებობს არა მხოლოდ აუცილებლობის არგუმენტები, არამედ გარკვეული საფრთხეების შემცველი მოტივაციაც.

"საფრთხეებში ბიძინა ივანიშვილის პირადი დამოკიდებულება ვიგულისხმე, რომელიც მას აკავშირებს მოქმედ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მისთვის "იოლი პრივატიზაციის საგნები" არ გახდნენ. იგი მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტს და ყოფილ თავდაცვის მინისტრს. ფაქტი კი ის არის, რომ ვისაც კი თავს ესხმოდა ბატონი ბიძინა, მათი რეიტინგი ქვეყანაში მატულობდა. ამ შემთხვევაში საგრძნობლად გაიზარდა გიორგი მარგველაშვილისა და ირაკლი ალასანიას რეიტინგები.

"ამიტომ ნათქვამია, ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბიძინა ნაუცბათევ ან დაუფიქრებელ ნაბიჯს არ გადადგამს. თუ ის დაბრუნდება, ის უნდა დაბრუნდეს, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელი და არა პიროვნული დამოკიდებულებებიდან, მოწონება-არმოწონების თემის გასაღვივებლად. თუ ის დაბრუნდება, მაშინ მან უნდა სძლიოს საკუთარ სიჯიუტეს და არ განაგრძოს მუდმივი თავდასხმა საპრეზიდენტო საქმიანობის წინააღმდეგ.

"ასეთი ინფორმაციაც მაქვს, რომ ის ვერ ახერხებს საკუთარი მოსაზრებების რეალიზებას საკუთარ პოლიტიკურ გუნდშიც კი და ამან შესაძლოა აიძულოს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ყველაზე მტკივნეული თემა ამჟამად არის საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა. არ გამიკვირდება, იმედგაცრუებულმა ივანიშვილმა გადაწყვიტოს, რომ მოვიდეს და ღიად აგოს პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც ხელისუფლების მიმართ დაგროვდა განვლილი ორი წლის განმავლობაში," - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახატანგ ძაბირაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანაში ვითარება ძალიან რთული და ამავე დროს მყიფეა,რამაც შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს ოფიციალურად პოლიტიკაში დაბრუნებისკენ უბიძგოს.

"მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებზე წავიდოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამას არ აპირებენ. არადა, სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება. მეორე საკითხია ის, თუ რას მიიჩნევს საზოგადოება.

"ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი წარმართავს პოლიტიკურ პროცესს. თუ ის არ იღებს გადაწყვეტილებას, უთანხმებენ მაინც მისი გუნდის წევრები მისაღებ გადაწყვეტილებებს. ასე მხოლოდ "ნაცმოძრაობა" არ ფიქრობს, როგორც ამას მმართველ გუნდში აცხადებენ, ასე სრულიად საზოგადოება ფიქრობს. მარტივი გამოკითხვის ჩატარება შეიძლება ამაზე და ყველა დარწმუნდება, რომ ხალხი ასე ფიქრობს.

"რეალობის აღქმა ასეთია, რომ ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებებს. აქედან გამომდინარე გამოჩნდა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა შეცდომა იყო. მგონია, რომ ქვეყანაში სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად სჯობს, აქტიურ პოლიტიკას დაუბრუნდეს. რამდენად რეალურია ეს - ამის პროგნოზირება ძნელია.

"ოფიციალურ პოლიტიკაში დაბრუნებისკენ მას შესაძლოა, ქვეყანაში შექმნილმა კრიზისმა უბიძგოს. ასე ჩანს, დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ამას გვკარნახობს. სხვა თეორიული ფაქტორიც შესაძლოა იყოს, მაგრამ რა - ამის თქმა მე არ შემიძლია", - გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×