ავტომობილების ქართული ბაზრით თურქები დაინტერესდნენ. ბოლო ერთი თვეა, რაც თურქი გადამყიდველები რუსთავის ავტობაზრობაზე გამოჩნდნენ. მათ საქართველოში ავტომობილების სიიაფე იზიდავთ. დილერების ინფორმაციით, თურქების გააქტიურებამ მოვაჭრეებს იმედი ჩაუსახა.
"ბიზნეს-რეზონანსი" დაინტერესდა, რა ხდება რუსთავის ავტობაზრობაზე, სადაც ავტომობილების ყველაზე დიდი არჩევანია საქართველოში, რა ასულდგმულებს ამ ბიზნესს და რის იმედად არიან დილერები, რომლებსაც მანქანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავთ...
ქვეყნის მთავარი ავტობაზრობისთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, რომ უამრავი ადამიანის გასაჭირი დაინახო. აქ პრობლემა აქვს ყველას - დამოუკიდებელ დილერებს, ავტომანქანის გასაყიდად მყოფ რიგით მოქალაქეებსა თუ კომპანიებს, რომლებსაც თვეობით უჭირთ რეალიზაცია. შეიძლება ითქვას, ეს ადგილი უფრო მანქანების საგამოფენო დარბაზს ჰგავს.
დილერები ამბობენ, რომ ავტობაზრობა 90-95%-ით მუშაობდა სომხეთისა და აზერბაიჯანის ხარჯზე. როცა ეს მიმართულება დაიკეტა, პრობლემების მთელი წყება გაჩნდა.
რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზევე ხდება ავტომობილის განვადებით შეძენა, განბაჟება, ტექნიკური დათვალიერება და ნებისმიერი პროცესი, რომელიც რეალზიაციას უკავშირდება. წარმოდგენილი ტრანსპორტის უმეტესობა მეორადია.
ერთადერთი იმედი, რაც ბოლო დროს გაჩნდა, თურქ მოვაჭრეებს უკავშირდება. დილერების ინფორმაციით, საქართველოში ისინი ავტომანქანების სიიაფემ ჩამოიყვანა, მაგრამ პრობლემას ვერც ამით ეშველა.
კომპანია "რობანის მოტორსს" რუსთავის ბაზრობაზე კუთვნილი ადგილი აქვს, სადაც რამდენიმე ავტომანქანას ყიდის. კომპანიის თანადამფუძნებლის, ელგუჯა ჯამაგიძის თქმით, მანქანების ფასმა იმდენად დაიწია, რომ ლამისაა, თვითღირებულებას ჩამოსცდეს. როგორც იმპორტიორი ამბობს, შექმნილი სიტუაციით კარგად სარგებლობენ თურქები, მათ იაფად ნაყიდი ავტომანქანები თურქეთში მიჰყავთ.
"ერთი თვეზე ცოტა მეტია, რაც თურქი მოვაჭრეები გააქტიურდნენ, თუმცა გარკვეული დრო დასჭირდათ, რომ არსებული სიტუაციისთვის ალღო აეღოთ. თურქეთში ავტომობილი ძალიან ძვირი ღირს, ამიტომ აქ ყიდულობენ და საკუთარ ქვეყანაში მიჰყავთ. ეს ადვილი პროცესი არ არის, გარკვეული შეზღუდვის გამო, რაც თურქეთმა ავტომობილებზე დააწესა, პრობლემა მათაც აქვთ. ზოგიერთი თურქი გადამყიდველი რაღაც ხრიკებით სიტუაციის მოგვარებას ახერხებს.
ეს პროცესი აქტიურია კიდეც, მაგრამ თვითონ საქართველოში ავტომობილების ბიზნესს იმდენად უჭირს, რომ ვერც თურქების ფაქტორი შველის. მათი გამოჩენით ცოტა არ იყოს იმედი მოვეცა, მაგრამ შედეგი ჯერ არ გვიგვრძვნია, იაფად გვიწევს გაყიდვა და იმიტომ.
ჩვენი კომპანია ავტობაზრობაზე ოთხ ავტომობილს ყიდის. ჯერ მყიდველი არ ჩანს, ხარჯი კი ყოველდღიურად მატულობს. რა თქმა უნდა, თურქები ჯერაც აკვირდებიან პროცესებს და არ ჩქარობენ. დღესდღეობით ასეა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - ამბობს ჯამაგიძე.
დილერების ინფორმაციით, ბაზარზე ცვლილებაა იმ მხრივაც, რომ "ოპელის" მარკის ავტომობილების რეალიზაციას გაუსწრო "მერსედესმა" და ის ჯერჯერობით ლიდერ პოზიციაზეა.
დილერ კახა მუშკუდიანის თქმით, "მერსედესის" ღირებულება "ოპელის" ფასს გაუთანაბრდა, ხოლო ერთ დროს ყველაზე პოპულარული მოდელის გაყიდვა ავტომობილის მფლობელებს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად უწევთ.
"ავტობაზრობაზე შემთხვევით მყიდველს მომენტში არჩევანის შეცვლა უწევს. მაგალითად, როდესაც "ოპელის" მსურველი მოდის, ის უნებლიეთ ყიდულობს "მერსედესს", რომლის ყიდვა ბაზრობაზე უკვე 2000 დოლარიდან შეიძლება. "ოპელი" კი მოსალოდნელზე მეტადაც გაიაფდა და მისი საბაზრო ღირებულება მინიმუმამდე დაეცა. თუ სამიოდე თვის წინ 2000 წელს გამოშვებული "ოპელი" 2500-3000 დოლარი ღირდა, დღეს უკვე 1500 დოლარად იყიდება. როცა არჩევანის ასეთი საშუალება, ადამიანი არჩევანს ყოველთვის "მერსედესზე" გააკეთებს. ასეცაა და ამით "ოპელის" მფლობელი ზარალდება", - ამბობს მუშკუდიანი.
მოვაჭრეები ტარიფების გაიაფებას ითხოვენ. მათი უმეტესობა ამბობს, რომ გადასახადის გადახდას ვერ აუდის, რის გამოც ავტომანქანის მიზერულ ფასად გაყიდვა უწევს და ზარალს ზარალზე განიცდის.
"საშემოსავლო, დღგ, სადგომის ფასი და სხვა, უამრავი გადასახადია, რაც მძიმე ტვირთად გვაწევს. სამწუხაროდ, ავტომობილებს რეალურ ფასადაც ვერ ვყიდით. 18 წელია ამ ბიზნესში ვარ. ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ დამიწუწუნია და არც სახელმწიფოსგან მითხოვია დახმარება. ახლა ძალიან მიჭირს და მთავრობის თანადგომა მაკლია.
ავტომობილის გასაჩერებლად კვირაში 30 ლარის გადახდა მიწევს, აქ ყველას უჭირს, უნდა შემოიღონ დამატებითი რეგულაციები, რომ ხალხმა შეღავათი იგრძნოს. წუწუნი, რომ აზერბაიჯანის საზღვარი ჩაიკეტა, ვერაფერს გვიშველის, გამოსავალი უნდა ვნახოთ.
არ ვიცი, რამდენად პოზიტიური იქნება ჩვენთვის თურქების გამოჩენა, ბოლო დროს მრავლად არიან, მაგრამ რა გეგმა აქვთ და რა მიზანი ამოძრავებთ, ვერავინ გეტყვით. ფაქტია, რომ პირადი კეთილდღეობის გამო ჩამოვიდნენ. მთავარია, უკეთესობა ვიგრძნოთ, ალბათ, სიტუაცია შეიცვლება, მუდმივად კრიზისში ხომ არ ვიქნებით?" - ამბობს ცირა გვასალია, დილერი.
იმპორტიორები და გადამყიდველები ჩივიან, რომ შეჩერებული რეალიზაციის ფონზე ხარჯის გაწევა უჭირთ. სამუშაო დღეებში ავტომანქანის დაყენების საფასური 2 ლარია, შაბათ-კვირას ტარიფი კი 25 ლარამდეც ადის, ადგილის შესაბამისად, საშუალოდ, 15 ლარის გადახდა უწევთ.
ყველაზე იაფი 2007 წლამდე გამოშვებული მანქანის განბაჟებაა, რომელიც 1500 ლარამდე ჯდება, გაფორმება კი 70 ლარი ღირს.
მყიდველების ძირითადი ნაწილი დასვენების დღეებს ირჩევს, სხვა დღეებში ავტობაზრობას ხალხი იშვიათად სტუმრობს, თუმცა, დიდად არც უქმე დღეებს აქვს უპირატესობა, შეიძლება მანქანა ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდეს, მაგრამ თვეობით იყიდებოდეს.