"ინტელექტბანკის" დამფუძნებლები საკუთარი ქონების დაბრუნებას და იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ, რომელთა უშუალო მონაწილეობით აღნიშნული ბანკი ჯერ გაკოტრებულად გამოცხადდა და უკვე შემდგომ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გასხვისდა. ბანკის საქმეში მთავარ პასუხისმგებელ პირებად კი ეროვნული ბანკის მაშინდელ პრეზიდენტს რომან გოცირიძეს და დროებით ადმინისტრატორს გიორგი ქადაგიძეს ასახელებენ.
80-მილიონიანი კაპიტალის მქონე "ინტელექტბანკი" ეროვნულმა ბანკმა გაკოტრებულად 2006 წლის თებერვალში გამოაცხადა. აღნიშნული ბანკის საქმეში ჩართული ორგანიზაციის, "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ბანკის გაკოტრებულად გამოცხადებისა და იქ დროებითი ადმინისტრაციის შესვლის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ "ინტელექტბანკის" დამფუძნებლებმა ბანკის დათმობაზე უარი თქვეს.
კაიკაციშვილის განცხადებით, საკუთრების დათმობის საქმეში ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება. სწორედ გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა ეროვნული ბანკის მიერ შექმნილ დროებით ადმინისტრაციას, რომელიც სს "ინტელექტბანკში" შეიჭრა, განახორციელა ბანკისთვის საზიანო და კანონსაწინააღმდეგო მოქმედება და სს "ინტელექტბანკი" სიმბოლურ ფასად - 1 ლარად სს "საქართველოს ბანკს" მიყიდა.
"სს "ინეტელექტბანკის" მიმართ იკვეთება გიორგი ქადაგიძის ბრალეულობა, ვინაიდან ეროვნული ბანკი ყველა საშუალებით ცდილობდა "ინტელექტბანკის" მიმართ გაეტარებინა ისეთი ღონისძიებები, რაც ზიანს მიაყენებდა მას. 2006 წლის 10 თებერვალს სს "ინტელექტბანკში" შევიდა სებ-ის მიერ შექმნილი დროებითი ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) რაზმთან ერთად. დროებით ადმინისტრაციას ხელმძღვენელობდა ეროვნული ბანკის დღევანდელი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.
კანონით, ბანკში დროებითი ადმინისტრაციის შესვლის საჭიროება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დამდგარიყო, როდესაც იარსებებდა აუცილებელობა მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ყველა დოკუმენტი ამტკიცებს, რომ სს "ინტელექტბანკში" სებ-ის დროებითი ადმინისტრაციის შესვლის საჭიროება არ არსებობდა. გიორგი ქადაგიძემ ყველა გადაწყვეტილება ბანკის გაკოტრების მიმართულებით მიიღო.
დადასტურებული ფაქტია, როდესაც დროებითმა ადმინისტრაციამ, ბანკში შესვლისთანავე, შეცვალა ბანკის დაცვა, ორი დღე-ღამის განმავლობაში, ბანკის თანამშრომლები ჩაკეტილი ჰყავდათ შენობაში და არ აძლევდნენ ბანკიდან გასვლის საშუალებას. ზეწოლით, პირადი ხასიათის მუქარით და შანტაჟის გამოყენებით თანამშრომლებს აიძულებდნენ ბანკთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემასა და ხელის მოწერას დროებითი ადმინისტრაციის მიერ შედგენილ და მათთვისვე სასურველ სხვადასხვა დოკუმენტზე", - განაცხდა არჩილ კაიკაციშვილმა.
"ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, სს "ინტელექტბანკის" საქმის შესწავლისას ყურადღება უნდა დაეთმოს იმ გარემოებსაც, რომ სწორედ დროებითმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა ოფიციალურად სს "ინტელექტბანკის" გაყიდვის შესახებ, რომელიც სიმბოლურ ფასად - 1 ლარად "საქართველოს ბანკს" გადაეცა.
"ბიზნეს რეზონანსი": ანუ კონკრეტულად ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ბანკის მიმართ მოხდა?
არჩილ კაიკაციშვილი: პროკურატურისგან ჩვენ მოვითხვოთ ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმასაც, ვინაიდან სებ-მა არ განახორციელა სს "ინტელექტბანკის" დაცვა და დროებითი ადმინისტრაციის საქმიანობის კონტროლი, ბანკის გაკოტრებას და გასხვისებას ხელი შეუწყო.
საერთოდ, როდესაც პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, რომ იმ კითხვებს, რაც "ინტელექტბანკის" საქმესთან დაკავშირებით დაგროვდა, პასუხი გაეცეს. კითხვები კი ასეთია - რას ამბობდა კანონი ეროვნული ბანკის შესახებ დროებითი ადმინისტრაციაზე? როგორ მოხდა ადმინისტრაციის ბანკში შესვლა? როგორ ჩარატდა აუქციონი? რატომ გაიყიდა 1 ლარად "ინტელენქტბანკი"? რატომ არ არის დროებით ადმინისტრაციის ბანკში შესვლის შესახებ დოკუმენტზე მაშინდელი ეროვნული ბანკის პროზიდენტის გოცირიძის ხელმოწერა და ა.შ.
საქმის მასალების შესწავლისას, არსად ჩანს თუ როგორ "ზრუნავს" დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე ბანკის გადარჩენაზე, არადა დროებით ადმინისტრაციის უფლებამოვალეობა სწორედ ბანკის გაკოტრებისგან გადარჩენა იყო. რატომ არ გააკეთა ეს ქადაგიძემ? ეს არის კითხვები, რომლებიც არსებობს და მასზე პასუხები ინსტიტუტებმა უნდა გასცენ - მოცემულ შემთხვვააში ეროვნულმა ბანკმა, პერსონიციფირებულმა პირებმა, ანუ რომან გოცირიძემ და გიორგი ბადაგიძემ", - დასძინა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას კაიკაციშვილმა.
"ინტელექტბანკის" ერთ-ერთმი დამფუძნებელი, აქციონერი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ნუგზარ ჯაყელი-ხუნდაძე იმედოვნებს, რომ მათ საქმეს პროკურატურაში არსებული ახალი დეპარტამენტი აუცილებლად შეისწავლის. კაიკაციშვილის ანალოგიურად ჯაყელიც ფიქრობს, რომ ქონების დაკარგვაში პასუხისმგებლობას გოცირიძესა და ქადაგიძეს ეკისრება.
მისი თქმით, 2006 წლოს 10 თებერვალს სოდ-ის, კუდ-ისა და პროკურატურის წარმომადგენლები, ეროვნული ბანკის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენელებთან ერთად, შევიდნენ. გიორგი ქადაგიძე იმ დროს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტში მუშაობდა და დროებითი ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა. "თანამშრომლები ქუჩაში გაყარეს და 36 საათში ბანკი "საქართველოს ბანკს" 1 ლარად მიჰყიდეს", - განაცხადა ჯაყელმა.
"ბ.რ": ამაში პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?
ნ.ჯ: რამდენიმე დღის წინათ სააკაშვილმა ერთ-ერთ ტელეინტერვიუში "ინტელექტბანკი" გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს ბანკი გადაარჩინა, რადგან ბანკის მფლობელები იყვნენ შევარდნაძის ახლობლები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თურმე ის ისეთი გულუხვი ყოფილა, რომ ბანკის 21 დამფუძნებელი გამოგვიყვანა მდგომარეობიდან და გადაგვარჩინა. არადა, იმ დროს ერთ-ერთი წამყვანი ბანკი ვიყავით და 80 მილიონამდე კაპიტალი გვქონდა. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა, გიორგი ქადაგიძე და რომან გოცირიძე კი შემსრულებლები იყვნენ.
"ბ.რ": როდის შეიტანეთ პროკურატურაში სარჩელი?
ნ.ჯ: ჩვენ სარჩელი შევიტანეთ 2013 წლის 6 თებერვალს. თავდაპირველად 3 თვის განმავლობაში გამოძიება აქტიურად მიმდინარეობდა, მერე კი შეჩერდა. ახლა პროკურატურაში გახსნილ ახალ დეპარტამენტში გადაიტანეს ჩვენი საქმე და რაღაც ძვრა ისევ შეინიშნება. იმედი გვაქვს, რომ საქმე ბოლომდე მივა.
ჩვენ ქონების დაბრუნება და ბანკის აღდგენა გვსურს. ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ იმიჯი აღვიდგინოთ. 1 ლარს დავუბრუნებთ და გადმოგვცენ 1 ლარად წართმეული ქონება თავისი კომპენსაციით.
როგორც ცნობილია, მთავარი პროკურატურა "ინტელექტბანკის", "სტანდარტბანკის", "სახალხო ბანკის" და "ქართუ ბანკის" საქმეებზე გამოძიებას აქტიურად აწარმოებს. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, როცა გამოძიება მივა იმ ეტაპზე, რომ საჭირო გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაკითხვა, გიორგი ქადაგიძე აუცილებლად დაიკითხება.
ქადაგიძე კი აცხადებს, რომ თუ მისი ბრალეულობა 4 კომერციულ ბანკში განვითარებულ პროცესებში დადასტურდა, ის მზად არის კითხვებს სასამართლოში უპასუხოს.
"ყველა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. ეს პროცესი არ დაწყებულა დღეს. გამოძიება დაიწყო 2012 წლის ნოემბერში. ამ ქვეყანაში არსებობს გამოძიება, პროკურატურა, სასამართლო. დაკითხულია ყველა მონაწილე. საბანკო სექტორში ყველამ იცის ამის შესახებ. თუ გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, რომ ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას, მაშინ ის ვალდებულია წავიდეს სასამართლოში. მეც მივალ სასამართლოში და ვუპასუხებს კითხვებს", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.