"ასე რომ, მომხდარს მხოლოდ ძლიერ წვიმას ვერ დავაბრალებთ"
თაკო მათეშვილი
16.06.2015

 ანომალიური, მაგრამ ბუნებრივი - ასე აფასებენ ჰიდრომეტეოროლოგები 14 ივნისის ღამეს მოსულ წვიმას და ამბობენ, რომ იგი განსაკუთრებულად ძლიერი იყო, თუმცა საქართველოს და მათ შორის თბილისს, ბევრად ძლიერი წვიმებიც ახსოვს.

მეტი თვალსაჩინოებისათვის შედარება რიცხვებში რომ გამოვხატოთ, 14 ივნისს სამი საათის განმავლობაში 49 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, მაშინ როცა, მაგალითად, 2011 წელს სამ საათში მოსული ნალექის რაოდენობა 78 მილიმეტრს გაუტოლდა, 2012 წელს კი ასევე 3 საათში - 93 მილიმეტრს. თუმცა, მაშინ შედეგი ასეთი მძიმე არ ყოფილა.

შესაბამისად, სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, რომ ძალიან ძლიერ წვიმას სხვა ხელშემწყობი ფაქტორები რომ არ დართვოდა, სტიქია ნაკლებად დამანგრეველი იქნებოდა. ხელისშემწყობ ფაქტორებში კი, პირველ რიგში, მეწყერს გულისხმობენ და ამბობენ, რომ ახლა ისაა გასარკვევი, შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის პროგნოზირება და თავიდან აცილება.

ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი და სინოპტიკოსი სვეტლანა ნიორაძე გასული წლების ძლიერ წვიმებს იხსენებს და ამბობს, რომ 14 ივნისის ღამეს მოსული ნალექის ოდენობა ძალიან მაღალი იყო, ამიტომ ასეთ წვიმას "ჩვეულებრივს" ვერ ვუწოდებთ."ეს ნამდვილად ძალიან ძლიერი წვიმა იყო. 3 საათში 49 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, თუმცა 4 ივნისსაც თითქმის ასევე ძლიერი წვიმა იყო - ერთ საათში 48 მილიმეტრი მოვიდა, მაგრამ ასეთი შედეგი არ ჰქონია, რადგან ამას თან სხვა პროცესები დაერთო. ყველაფერთან ერთად კომპლექსში მოჰყვა ის სავალალო შედეგი, რაც ვიხილეთ.

"წვიმა საწყისი პირობა იყო, მაგრამ ამას მეწყრის ჩამოსვლა და მდინარე ვერეს ჩახერგვა დაერთო. ძირითადი მიზეზი სწორედ ეს ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პროცესი იყო, თორემ თბილისში ბევრად ძლიერი წვიმებიც მოსულა. მაგალითად, 2011 წელს სამ საათში 78 მილიმეტრი მოვიდა, 2012 წელს 3 საათში - 93 მილიმეტრი, უფრო შორს, 1972 წელს დღე-ღამეში 130 მილიმეტრიც კი დაფიქსირდა. ასე რომ, მომხდარს მხოლოდ ძლიერ წვიმას ვერ დავაბრალებთ," - ამბობს ნიორაძე.

 მისივე თქმით, ძლიერი წვიმა პროგნოზში გათვალისწინებული იყო, თუმცა იმის წინასწარ გათვლა, რაც თბილისის ზოგიერთ უბანში მოხდა, ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურს სათანადო აპარატურის უქონლობის გამო არ შეეძლო.

"რადარი რომ გვქონოდა, მისი მეშვეობით დაახლოებით 2 საათით ადრე დავინახავდით ღრუბლიანობის დაწყებასა და შემდგომ განვითარებას. ასეთი რადარი ძალიან ძვირადღირებულია და მისმა უქონლობამ პროგნოზირება გაართულა. თუმცა, როგორც აღვნიშნე, მისი მეშვეობითაც მაქსიმუმ 2 საათით ადრე დავინახავდით, რომ თბილისის თავზე ასეთი სიმძლავრის ღრუბელი ვითარდებოდა," - აღნიშნავს ნიორაძე.

იგი უახლოესი დღეების პროგნოზსაც გვიმხელს და აცხადებს, რომ ძლიერი წვიმის საშიშროება ისევ არსებობს, თუმცა იგი უფრო მთებშია მოსალოდნელი.

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (სუტტ) პროექტის კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ სპეციალისტები ასეთ წვიმას ანომალიურ მეტეოროლოგიურ პირობებს არქმევენ. შესაბამისად, ეს ჩვეულებრივი წვიმა ნამდვილად არ იყო, თუმცა მისი თქმით, ასეთ ანომალიებსაც ახასიათებს პერიოდულობა. ამ დროისათვის კი მისი სიხშირე გაზრდილია.

"ეს განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის ნალექი იყო, რომელიც, მართალია, ანომალიურია, მაგრამ ბუნებრივი. კატასტროფა კი სხვადასხვა ვითარების თანხვედრა იყო, მხოლოდ წვიმა ასეთ შედეგს ვერ გამოიწვევდა, რომ არა ის ფაქტორები, რამაც მას ხელი შეუწყო. წვიმა სულ იქნება, ჩვენ სხვა ფაქტორებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რათა შემდეგში ასეთი შედეგი თავიდან ავიცილოთ.

 "ყველაფერი იმან გაართულა, რომ ძალიან დიდი მოცულობის მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც მდინარე ვერეს ხეობა ჩაკეტა. მდინარე დაგუბდა და რეალურად ეს დრამატული შედეგი არა წვიმამ მოიტანა, არამედ უზარმაზარმა ღვარცოფმა, რომელიც მეწყერმა გამოიწვია," - ამბობს გეთიაშვილი.

შესაბამისად, მისი თქმით, ახლა ანალიზია საჭირო, რათა დადგინდეს, შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება, ან ვის ევალებოდა მეწყრული პროცესების კონტროლი.

"ჩვენ ვიცოდით, რომ მაგ ადგილას მეწყრული პროცესი მიდიოდა და რომ ასეთი წვიმის შემთხვევაში მთის უზარმაზარი მასა შეიძლებოდა ჩამოწოლილიყო? თუ ვიცოდით, რატომ ვერ ავირიდეთ ეს თავიდან და თუ არ ვიცოდით, ვის კომპეტენციაში იყო ამის ცოდნა და მონიტორინგი?

"მოგეხსენებათ, გარემოს დაცვის სააგენტო ბუნებრივ და გეოლოგიურ პროცესებზე დაკვირვებას აწარმოებს, ატარებს პროგრამულ მონიტორინგს. არის ობიექტები, სადაც მონიტორინგი მუდმივად ტარდება. თუმცა, სამწუხაროდ, ეს თბილისში არ ხდება, რადგან 2000 წლიდან თბილისის მერია ამ მონიტორინგს დამოუკიდებლად უნდა ახორციელებდეს. ასე რომ, კითხვები მერიის მიმართ ჩნდება," - ამბობს სპეციალისტი.

ამ ყველაფრის კონტროლისათვის კი, მისი თქმით, უნდა არსებობდეს როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური რესურსი შესაბამისი ბიუჯეტით, რათა პრობლემური ადგილები მუდმივი დაკვირვების ქვეშ იყოს. ამბობს, რომ თბილისი საკმაოდ რთულ გეოლოგიურ არეალშია მოქცეული. თანაც აქ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს, მიდის მშენებლობა და დიდი პროექტები. შესაბამისად, გეთიაშვილის თქმით, არსებობს მუდმივი საფრთხე, რომელსაც ასევე მუდმივად სჭირდება დაკვირვება.

 "ამიტომაც იყრის თავს ბევრი კითხვა მერიის გარშემო. ვიცოდით, რომ ამხელა მეწყერი შეიძლებოდა ჩამოწოლილიყო? თუ ვიცოდით, რატომ არ მოჰყვა ამას რეაგირება?" - ამბობს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×