"პირდაპირი ზარალი დაახლოებით 150 მილიონი ლარია, საერთო ხარჯი ნახევარ მილიარდ ლარს გასცდება"
მაკა ხარაზიშვილი
23.06.2015

 თბილისურმა წყალდიდობამ საქართველოს ეკონომიკა კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. სწორედ სტიქიის გამო სპეციალისტები წელს მშპ-ს დამატებით 1%-მდე შემცირებას ვარაუდობენ. ეს პროცესი დამოკიდებული იქნება მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და უცხოური დახმარებების სიდიდეზე, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს.

ოფიციალური მონაცემებით, პირველ კვარტალში მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა, შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,2%-ის დონეზეა. მთლიანად 2015 წლის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი კი 2%-ის ფარგლებში იქნება. მასშტაბური სტიქის შემდეგ სპეციალისტები ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად შემცირებას ვარაუდობენ. ამის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფოს მოუწევს ახალი პროექტების შეჩერება და გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა იმ პროექტებზე, რომელიც ერთხელ უკვე დაფინანსდა.

როგორც ცნობილია, ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით, უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. მისი მეშვეობით გადაწყდება როგორც დროებითი, ასევე გრძელვადიანი საკითხები.

"ჩვენ უკვე დავიწყეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. იწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი, ასევე მოწესრიგებულია ჩახერგილი გვირაბების ნაწილი და პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. გარდა ამისა, დავიწყეთ საყრდენი კედლის მშენებლობა, რომელიც უსაფრთხოს გახდის წყნეთის ქუჩა #13-სა და მის მიმდებარე ტერიტორიას", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მდინარე ვერეს ხეობაში ასევე იგეგმება, ნაკრძალის მოწყობა, კალაპოტის გაფართოება, ესტაკადის პროექტის შეცვლა. დამეწყრილ ზონებში ადრეული შეტყობინების სისტემის დამონტაჟება და სხვა.

მთავრობაში აცხადებენ, რომ სტიქიისგან მიყენებული პირდაპირი ზარალი 100 მილიონ ლარს სცდება. ამ თანხის ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს, ანუ თანხა სხვა პროექტებს ჩამოეჭრება. მთავრობა დახმარებას დონორი ორგანიზაციებისგან ელის. თუკი უცხოელები ახალ დახმარებას არ გამოყოფენ, მთავრობა მეორე სცენარზე გადაერთვება - უკვე დამიტკიცებული პროექტების დაფინანსების მიზნობრიობის შეცვლა და ამ თანხის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოყენება. საბოლოო ჯამში, ეს ბევრი ახალი პროექტის შეფერხების საფრთხეს ქმნის.

"ვმუშაობთ, რათა სახელმწიფო ბიუჯეტში მოხდეს თანხების გადანაცვლება. ამავე დროს ვეხმიანებით დონორებსაც, რომ ახალი დაფინანსება მივიღოთ ან იმ დაფინანსებას, რომელიც აქამდე გვქონდა, შევუცვალოთ მიზნობრიობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ეკონომისტი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ სტიქია პირდაპირ ახდენს გავლენას ეკონომიკაზე. აქვე მხედველობაშია მისაღები რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის სტიქიის დაძლევის ღონისძიებების სწრაფად გატარება.

"აღნიშნული პროცესები პირდაპირ მოახდენს გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ მოგვიწევს ერთხელ უკვე გაღებული ხარჯის ხელმეორედ გაწევა და იმ თანხის გამოყენება, რომელიც უნდა წასულიყო ახალი პროექტების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკის ზრდას ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს", - ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარება.

ამის საილუსტრაციოდ, სოსო არჩვაძე 2008 წლის აგვისტოს იხსენებს და ამბობს, რომ იმ პერიოდში მასშატაბურმა ფინანსურმა დახმარებამ საქართველოსთვის სტაბილიზატორის როლი შეასრულა. შესაბამისად, იმდროინდელი ფინანსური კრიზისის ფონზე, საქართველოში ეკონომიკური ვარდნა გაცილებით მცირე იყო, ვიდრე დონორ ქვეყნებში (მაგალითად, თურქეთი, გერმანია და სხვა).

ბუნებრივია, ახლა ქვეყანა ასეთ მასშტაბურ დახმარებას ვეღარ მიიღებს და საერთოდ რა სახის დახმარებას, შემოგვთავაზებენ დონორები ჯერ ისიც კი არ გარკვეულა. ზარალი კი გრანდიოზულია.

"შეიძლება დავთვალოთ რამდენია ჩვენი პირდაპირი და სრული ზარალი. პირდაპირი ზარალი დაახლოებით 150 მილიონი ლარია, ხოლო იმისთვის, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს ასეთი შემოტევებისგან მოსახლეობის დაცვა და მიაღწიოს ეკონომიკური მდგრადეობის უფრო მაღალ დონეს, ხარჯი იქნება რამდენიმე ასეული მილიონი, ვფიქრობ, 3-4 წლის განმავლობაში ნახევარი მილიარდიდან ერთ მილიარდ ლარამდე. ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა, რომელიც პირადპირ აისახება მშპ-ს სიდიდეზე", - ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ 150 მილიონი ლარის პირდაპირ ზარალს აქვს თავისი მულეპლიკატორული ეფექტი. ამიტომ ამ ოდენობის ზარალი მშპ-ს 0,8-1%-ის ფარგლებში შეამცირებს.

არაპირდაპირი ზარალის სიდიდე შეიძლება რამდენიმე წელზე გაიწეროს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მშპ-ს ზრდას 3-3,5%-ით უკან დასწევს. "ანუ ის საოცნებო და ოპტიმისტური 4-5%-იანი ეკონომიკური ზრდა მთლიანად ზარალის დაძლევას დასჭირდება და ეს არის სერიოზული დარტყმა ეკონომიკისთვის", - ამბობს სოსო არჩვაძე.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული პირდაპირი ზარალის მოცულობა სახელმწიფო ბიუჯეტის 1%-ზე მეტია. ამიტომაც, არსებული ვითარება მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს ქვეყნის ბიუჯეტსა და შესაბამისად, ეკონომიკის ზრდას, თუმცა ავთო სილაგაძე დამაიმედებელ სცენარსაც არ გამორიცხავს. თუკი დონორები გულუხვ მოწყალებას გაიღებენ და ქვეყანას სტიქიის სალიკვიდაციოდ საჭირო თანხის დიდ ნაწილს გამოუყოფენ, ბიუჯეტსა და ეკონომიკურ ზრდაზე წნეხი მნიშვნელოვნად შემცირდება.

"ასეთი დონის სტიქია, ბუნებრივია, მოქმედებს მშპ-ს ზრდაზე, ასევე ბიუჯეტის ხარჯის შემცირებაზე. თუკი დაიგეგმება და სწრაფად დაიწყება ამ ხეობის ახლებურად დაპროექტება, ეს დამატებით, გაუთვალისწინებელ, საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვს, რომელიც ეკონომიკის განვითარებას ნამდვილად არ წაადგება. გრძელვადიან პერსპექტივაში, თუკი დონორებისგან ახალ დაფინანსებას მივიღებთ, გარკვეულწილად, ეკონომიკური ზრდის შემცირების კომპენსირება მოხდება", - ამბობს ავთო სილაგაძე.

იგი ფიქრობს, რომ ზარალი გაცილებით მეტია, ვიდრე დასახელებული 100 მილიონი ლარი და იგი მომავალი წლის ბიუჯეტზეც იქონიებს გავლენას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×