მოსაზრება
24.06.2015

რამაზ გახოკიძე

საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი,

ტექნიკური პროგრესი სულ უფრო მეტ ახალ მიღწევას სთავაზობს კაცობრიობას, რაც ერთი შეხედვით კეთილი მიზნით ხდება - გააიოლოს და უფრო კომფორტული გახადოს ჩვენი ცხოვრება. ადამიანი ცხოვრების საკმაო ნაწილს სამზარეულოში ატარებს, რომელიც მავნე ფაქტორების ზემოქმედების ერთობლიობით მავნე წარმოებას შეიძლება შევადაროთ. სამზარეულო ყველაზე საშიში ადგილია სახლში. სულ უფრო მეტი ადამიანი იწამლება არა საკვებით, არამედ ჭურჭლით და სამზარეულო ნივთებით, რომელთა უმრავლესობა სულაც არ არის უსაფრთხო.

მკვლელი ჭურჭელი

ტეფლონი (ფტოროპლასტი) ერთ-ერთი საუკეთესო ელექტროსაიზოლაციო მასალაა, რის გამოც ფართოდ გამოიყენება ელექტრომრეწველობაში - სადენებისა და კაბელების იზოლაციისთვის. ქიმიურ მრეწველობაში გამოიყენება ისეთი დანადგარებისა და აპარატურის დასამზადებლად, რომლებიც გამიზნულია აგრესიულ გარემოში სამუშაოდ (შლანგები, მილსადენები, რეზერვუარები და ა.შ.).

ტეფლონი არ იკარებს წყალსა და ცხიმს, არ იწვავს საკვებს, რის გამოც შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე სრიალა ნივთიერება. ამ უნიკალური თვისების გამო, მისგან დამზადებულმა ჭურჭელმა დიდი ადგილი დაიკავა კვების ობიექტებისა თუ საოჯახო სამზარეულო ატრიბუტიკის არსენალში. ტეფლონის ქვაბები და ტაფები მსუბუქი და მტკიცეა მოხმარებაში, გამოირჩევა მაღალი ქიმიური მდგრადობით. ტეფლონი ქიმიური მდგრადობით აღემატება ყველა ცნობილ ქიმიურ მასალას და კეთილშობილ ლითონებს.

თუმცა ტეფლონი მაღალ ტემპერატურაზე გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს, მაგალითად, პერფტოროქტანმჟავას, რომელიც იწვევს სასუნთქი და რეპროდუქციული სისტემების დაზიანებას, დიაბეტს, თანდაყოლილ სიმახინჯეებს, კიბოს, უშვილობას, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, სისხლშიზრდის ქოლესტერინის საერთო დონეს, იწვევს გასუქებას, არღვევს იმუნიტეტს. იგი შედის ადამიანისათვის ყველაზე საშიშ 28 ქიმიურ ნივთიერებათა სიაში. ტეფლონის მავნე გავლენისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, რადგან ჰაერში გამოიყოფა აქროლადი წვრილი ნაწილაკები და ტოქსინები, განსაკუთრებით, თუ მისი საფარი დაზიანებულია. ტეფლონის ტაფაზე კვერცხის შეწვისას 5 წუთით ზედმეტად რომ დატოვოთ, ნახავთ, რომ იგი ნაცრისფერ-ცისფრად შეიფერება. ტოქსინების გამოყოფის პროცესი ასევე ჩქარდება გამრეცხ საშუალებათა ზემოქმედებით.

ტეფლონისგან გამოყოფილი ტოქსინები გროვდება პურში, წყალში, ნიადაგში. ნაპოვნია ჩიტების, თევზების, ზოგიერთი ძუძუმწოვრის სისხლში. ვირთხები, რომელთაც საკვებში უმატებდნენ პერფტოროქტანმჟავას, ჯერ კარგავდნენ საწინააღმდეგო სქესისადმი ინტერესს, შემდეგ მათ უვითარდებოდათ ავთვისებიანი სიმსივნეები და მალევე კვდებოდნენ.

რვა ამერიკულ შტატში დიასახლისებმა სარჩელი შეიტანეს ტეფლონის მწარმოებელ კონცერნ "დიუპონის" წინააღმდეგ და მოითხოვეს მისი 5 მილიარდი დოლარით დაჯარიმება. მას ბრალი დასდეს კანცეროგენური თვისებების შესახებ ინფორმაციის დამალვაში. ტეფლონის კომპანიის თანამშრომელთა და ქარხნის ახლოს მცხოვრებთა შორის იზრდება ლეიკემიით დაავადებულთა რიცხვი. ქალებში ირღვევა რეპროდუქციული ფუნქცია, ბავშვები იბადებიან სახის სიმახინჯეებით, მამაკაცებში იზრდება პროსტატის კიბოს დაავადებები.

ამერიკის გარემოს დაცვის ფედერალურმა სააგენტომ კატეგორიულად აკრძალა ტეფლონით დაფარული ტაფების გამოშვება და გამოყენება.

როგორ დავიცვათ თავი ტეფლონის ტაფებისგან? აუცილებელია ხის კოვზის ხმარება და არავითარ შემთხვევაში ჩანგლის ან დანის, რომელსაც შეუძლია ტეფლონის ზედაპირის დაზიანება. არ შეიძინოთ სწრაფი მოხმარების საკვები, რომელიც შეფუთულია ტეფლონიან ქაღალდში ან ჭურჭელში (რომელიც განკუთვნილია პიცის, პოპკორნისთვის და ა.შ.). არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები (სახის და სხეულის ლოსიონები, პუდრი, ფრჩხილების ლაქი, საპარსი კრემი), რომელთა შედგენილობაში შედის ნივთიერება სახელწოდებით "ფლუორი", "პერფლუორო" ან ზეაუ.

ასევე არ არის უსაფრთხო ალუმინის ჭურჭელი. ფოლადის ტაფაც საშიშია ფსკერზე შავი ნამწვის წარმოქმნის გამო, რომელიც შესაძლოა კანცეროგენი აღმოჩნდეს. ზოგი უბრუნდება უჟანგავი ფოლადის, თუჯის ჭურჭლის გამოყენებას, მაგრამ ასეთი ჭურჭელი ვერ დაიკვეხნის მიწვის საწინააღმდეგო თვისებებით. ყველას სჯობს კერამიკულ ჭურჭელზე გადასვლა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და შედგება თიხისგან, სილისგან და ქვისგან. ეს ნივთიერებები აბსოლუტურად უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და გარემოზე უარყოფითად არ მოქმედებს.

საბრძოლო იარაღი სამზარეულოში

გერმანელმა მეცნიერებმა ნაცისტების დაკვეთით იმ მიზნით, რომ დრო არ დაეკარგათ საჭმლის მომზადებაზე და ცხელი კერძები არ ეტარებინათ ცივ ზამთარში, გამოიგონეს მიკროტალღური ღუმელი. ექსპლოატაციის პროცესში გაირკვა, რომ მასში მომზადებული საკვები უარყოფითად მოქმედებდა ჯარისკაცების ჯანმრთელობაზე და მის გამოყენებაზე უარი თქვეს. 1942-43 წლებში ეს გამოკვლევები მოხვდა ამერიკელთა ხელში და გაასაიდუმლოეს. ამავე დროს რამდენიმე მიკროტალღური ღუმელი მოხვდა რუსების ხელში და საბჭოთა მეცნიერების მიერ დახურულ კვლევით ინსტიტუტებში საგულდაგულოდ იქნა შესწავლილი მათი ბიოლოგიური ეფექტი, ე.ი. ზესიხშირის გამოსხივების გავლენა ბიოლოგიურ ობიექტებზე.

მიკროტალღები სინათლის სიჩქარით მოძრავი ძალიან მოკლე ელექტრომაგნიტური ტალღებია. თანამედროვე ტექნიკაში მას იყენებენ სატელეფონო კავშირებში, სატელევიზიო პროგრამების გადაცემაში, ინტერნეტის მუშაობაში. სხვათა შორის, მობილური ტელეფონი იმავე სიხშირეზე მუშაობს, როგორზეც მიკროტალღური ღუმელი. საბჭოთა კავშირში მიკროტალღური ღუმელები აკრძალეს 1976 წელს ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამო. აკრძალვა მოიხსნა 90-იანი წლების დასაწყისში.

ასეთ ღუმელში გაცხელებულ რძეში, ხორცსა და მარცვლოვან კულტურებში წარმოიქმნება კანცეროგენური ნივთიერებები, რომლებიც იწვევს კუჭ-ნაწლავის ავთვისებიან სიმსივნეს. ღუმლის ახლოს მიკროტალღური ველი ასევე საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მიკროტალღებით გაცხელება 97 პროცენტით აფუჭებს საკვების ხარისხს (იშლება ვიტამინები და სხვა საკვები ნივთიერებები, რომლებიც აფერხებს დაავადებებს, ზრდის იმუნიტეტს და აძლიერებს ჯანმრთელობას).

მიკროტალღური გამოსხივება "აყუმბარებს" საკვების მოლეკულებს, პოლარულ მოლეკულებს აიძულებს იბრუნოს წამში მილიონჯერ, რაც იწვევს მოლეკულურ ხახუნს და აცხელებს საჭმელს. ეს ხახუნი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საჭმლის მოლეკულებს, ახდენს მათ დაშლას ან სტრუქტურულ დეფორმაციას.

მიკროტალღური ღუმელი ძალიან საშიშია ბავშვებისთვის. ზოგიერთი ამინმჟავა, მაგალითად, დ-პროლინი, რომელიც შედის დედის რძეში და ბავშვთა სხვა საკვებში, გარდაიქმნება ვ-იზომერად, რომელიც ნეიროტოქსიკურია (იწვევს ნერვული სისტემის დეფორმაციას) და თირკმლებისთვის წარმოადგენს შხამს. სამწუხაროდ, მრავალი დედა შვილებს რძის ხელოვნურ შემცვლელებზე ზრდის, რომლებიც კიდევ უფრო ტოქსიკური ხდება მიკროტალღური ღუმელის საშუალებით. მასში დამუშავებული ყველა პროდუქტი იწვევს ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმში. მოხალისეთა სისხლში ჰემოგლობინის დონე ეცემოდა, ხოლო ქოლესტერინისა - იზრდებოდა. მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული საკვების ხშირი მოხმარება შეუქცევადად აზიანებს ტვინს, აფერხებს ან ცვლის მამაკაცისა და ქალის სასქესო ჰორმონების გამომუშავებას. საკვების გაცხელებით წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, რაც იწვევს კუჭ-ნაწლავის ავთვისებიან სიმსივნეს. სწორედ ამით აიხსნება ამერიკაში კიბოს დაავადების სწრაფი ზრდა. ასეთი საკვების ხანგრძლივი მიღება იწვევს სისხლის კიბოს, იმუნიტეტის დაქვეითებას, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუარესებას, ინტელექტის დაქვეითებას. ადამიანი, რომელიც ასეთ პროდუქტს იყენებს, სწრაფად ბერდება.

იუგოსლავიაში, ომის დროს, რუს მეცნიერთა რეკომენდაციით, საყოფაცხოვრებო მიკროტალღურ ღუმელს იარაღად იყენებდნენ. საჰაერო განგაშის დროს მოქალაქეებს აივანზე გამოჰქონდათ მიკროტალღური ღუმელები, ხსნიდნენ მაბლოკირებელ "კლემას" და მიკროტალღებს მიმართავდნენ რაკეტისკენ. მიკროტალღური ღუმლის "გასროლის" მანძილია 1,5 კილომეტრი. ასობით იუგოსლავიელი თავიანთი მიკროტალღური ღუმელის გენერატორის სხივს უშვებდა მტრის რაკეტისკენ, რაც იწვევდა დარღვევას რაკეტის ელექტრონიკაში და ისიც ვარდებოდა.

იმის გასარკვევად, თუ როგორ მოქმედებს მიკროტალღები მცენარეთა ზრდაზე, ჩაატარეთ ასეთი ცდა: ცალ-ცალკე აადუღეთ წყალი ქურაზე და მიკროტალღურ ღუმელში და გააცივეთ. შემდეგ ამ წყლებით მორწყეთ ორი ერთნაირი ყვავილი. რამდენიმე დღეში მიკროტალღურ ღუმელში ნამყოფი წყლით მორწყული მცენარე დაითრგუნება და ბოლოს გახმება.

არსებობს მრავალი მტკიცება იმის შესახებ, რომ მიკროტალღურ ღუმელთან ახლოს ყოფნაც კი საზიანოა და იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, განსაკუთრებით, სისხლის კიბოს. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მიკროტალღურ ღუმელში დაყენებულია საკმაოდ ეფექტური სისტემა მსგავსი გამოსხივებისაგან დასაცავად. საერთოდ, ღუმელის ჩართვისას არ არის სასურველი კართან დგომა, განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვებისათვის.

სამზარეულო - რადიაციის კერა

ძნელი დასაჯერებელია, რომ სამზარეულო ჩვენს სახლებში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რადიაციულად საშიშ ადგილს, თავისებურ გაზის კამერას რადონის არსებობის გამო. რადონი უფერო და უსუნო გაზია. ჩვენ რადიაციას კოსმოსური სხივებისგანაც ვიღებთ, მაგრამ მისგან განსხვავებით, რადონი არა მარტო იჭრება ჩვენს ბინაში, არამედ გროვდება კიდეც იქ. ჩვენ რადიოაქტიურ რადონს მთელი სიცოცხლე ვსუნთქავთ. რადონის შემდგომი დაშლით წარმოიქმნება პოლონიუმის, ბისმუტისა და ტყვიის რადიოაქტიური იზოტოპები, რომელთა გამოყვანა ორგანიზმიდან ძალიან ძნელია.

რადონი ძლიერი კანცეროგენია. იგი იწვევს ავთვისებიანი სიმსივნეების (პირველ რიგში, ფილტვის კიბოს) წარმოქმნას. იმ სახლებში, სადაც რადონი მეტია, ბუნებრივია, მეტია დაავადების რისკიც. რამდენი რადონია ჩვენს სახლში, რა თქმა უნდა, არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რამდენია ამერიკელისა თუ შვედის სახლში! ასეთი მონაცემები შეგიძლიათ ამერიკულ გამოცემებში ნახოთ. რადონის შემცველი სახლები აშშ-ში ფასდაკლებით იყიდება.

შენობებში რადონის შემცველობა დაახლოებით ათჯერ მეტია, ვიდრე გარეთ. მაღალსართულიან სახლებში მისი შემცველობა 3-4-ჯერ ნაკლებია, რადგან იგი ჰაერზე 7,5-ჯერ მძიმეა. რადონს ბინებში შეღწევა შეუძლია ზოგიერთი სამშენებლო მასალიდან (გრანიტი, ტუფი, პემზა). ბეტონის რადიოაქტიურობა, რადონის შემცველობის გამო, ხე-ტყესთან შედარებით, 30-50-ჯერ მეტია.

დიდია რადონის შემცველობა სამზარეულოში, სადაც სისტემატურად ანთია გაზის ქურა. რადონის დაგროვების წყაროს წარმოადგენს წყალი, რომელშიც იგი კარგად იხსნება. ამ მიზეზის გამო სააბაზანო ოთახში რადონის შემცველობა 40-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ოთახებში. დედამიწის მოსახლეობის 10% სვამს რადონის მაღალი შემცველობის წყალს.

გარდა ამისა, სამზარეულოში კერძების შეწვისას გროვდება ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები: ფორმალდეჰიდი, აკროლეინი, აკრილამიდი, ამიაკი, ამინები, პოლიციკლური არომატული ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნება კერძის მომზადებისას. მათი უმრავლესობა მცირე აქროლადობის გამო ილექება ქურის სიახლოვეს. ყველა მათგანი დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, მაგალითად, ფორმალდეჰიდი იწვევს თავის ტკივილს, თვალის გარსის გაღიზიანებას, ყურადღების მოდუნებას, ალერგიულ რეაქციებს, ეგზემის პროვოცირებას, სასუნთქი გზების, ფილტვების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სისხლმბადი სისტემის, ღვიძლის, ელენთის, თირკმლების დაზიანებას და მძიმე შემთხვევებში ავთვისებიან სიმსივნეებს და მემკვიდრულ მუტაციებს.

ფორმალდეჰიდს შეიცავს მელამინის პლასტმასაც, რომლისგან დამზადებული ჭურჭელი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან გამოირჩევა სითბოსადმი მდგრადობით და სიმტკიცით, ძლიერი დარტყმებითაც კი არ იმსხვრევა. მელამინის ჭურჭელი, ძირითადად, ჩინური წარმოებისაა. აღმოჩნდა, რომ ასეთ ჭურჭელში მოთავსებული საკვები შხამიანი ხდება - სითხეებთან შეხებით (განსაკუთრებით ცხელ მდგომარეობაში) აქტიურად გამოიყოფა ფორმალდეჰიდი. დამატებით საშიშროებას წარმოადგენს ჭურჭლის მოხატულობა, რადგან მისთვის გამოყენებულია მძიმე ლითონების (ტყვია, კადმიუმი, მანგანუმი) მაღალი შემცველობის საღებავები.

გაზის წვისას გამოიყოფა ნახშირორჟანგი და სხვა მავნე ნივთიერებები. ვენტილაციის არარსებობის შემთხვევაში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზრდა სამზარეულოში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ნახშირორჟანგის გაზრდილი რაოდენობის ზემოქმედების სიმპტომებია: მაჯისცემის და სუნთქვის აჩქარება, ოფლდენის მომატება, სწრაფი დაღლა, ცნობიერების დასუსტება. სამზარეულოში ყოველთვის მომატებული სინესტეა, დუღილი ჩაიდანსა და ქვაბებში, ონკანის შხეფები, ანთებული გაზის ქურები საშუალოდ იძლევა სამ ჭიქა წყალს ორთქლის სახით. ამან არ შეიძლება ასახვა არ ჰპოვოს ჯანმრთელობაზე. სინესტის ოპტიმალური ზღვარია 40-იდან 60 პროცენტამდე.

გაზის დაწვისთვის საჭიროა მოცულობით ათჯერ მეტი ჰაერი. თუ გაზი არასრულად იწვის, მაშინ გამოიყოფა ნახშირჟანგი (მხუთავი გაზი), წყალბადი და მური. არასრული წვა ხდება ჰაერის არასაკმარისი რაოდენობის შედეგად. ვიზუალურად ამის შემჩნევა შეიძლება ალში ჭვარტლის ენების გაჩენით. მხუთავი გაზი ძალიან საშიშია, იწვევს მოწამვლას და სიკვდილსაც. მოწამვლის ნიშნებია: თავის ტკივილი და თავბრუდახვევა, ხმაური ყურებში, ქოშინი, გულის ფრიალი, ციმციმი თვალებში, სახის სიწითლე, ზოგადი სისუსტე, გულისრევა, რთულ შემთხვევებში კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, კომა.

შხამებისგან ნაწილობრივ თავის დასაღწევად ხშირად გაანიავეთ ბინა, სვით ნახშირის ფილტრში გატარებული წყალი, რადგან რადონს და სხვა მავნე ნივთიერებებს შთანთქავს ნახშირი. კარტოფილსა და ბოსტნეულში რადიონუკლიდები, პირველ რიგში, გროვდება კანში, ამიტომ აუცილებელია მათი კარგად გათლა. გაბინძურებულ მდინარეებსა და ტბებში დაჭერილი თევზი უნდა შეიწვას, მოხარშვა არ შეიძლება, რადგან რადიონუკლიდები, ძირითადად, ძვალში გროვდება. სისტემატურად მიიღეთ ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც მდიდარია რადიაციისა და შხამების გამაუვნებელი უნარის მქონე ნივთიერებებით (ე.წ. რადიოპროტექტორები და ანტიდოტები). ბუნებრივი ნივთიერებებიდან ასეთებია: პექტინი, რომელსაც შეიცავს მცენარეთა ქსოვილები, განსაკუთრებით, ვაშლის კანი; ს ვიტამინი, რომელიც შედის ახალ ბოსტნეულსა და ხილში; უ ვიტამინი, რომელსაც შეიცავს ხორბლისა და ბრინჯის მარცვლები და მცენარეული (მზესუმზირის, სიმინდის, სოიოს, ბრინჯის) ზეთები, აგრეთვე, მცენარეთა მწვანე მასა (სალათი, ისპანახი); გ ვიტამინი, რომელსაც შეიცავს კომბოსტო, ოხრახუში, ტომატი, რძე. რა თქმა უნდა, ეს სასოფლო-სამეურნეო კულტურები სასუქებით და პესტიციდებით არ უნდა იყოს დაბინძურებული, რადგან ადამიანისთვის მათ უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლიათ, ვიდრე რადიაციას.

მშენებლობის დაწყებამდე, რადონის მავნე გავლენისაგან თავის დასაცავად, აუცილებელია გაზომილ იქნეს ტერიტორიის რადიაციული ფონი და სამშენებლო მასალებში რადონის შემცველობა!

სამზარეულო - მიკრობების ბუდე

აღმოჩნდა, რომ მიკრობებით ყველაზე დაბინძურებულ ადგილს წარმოადგენს სამზარეულო. ჩვეულებრივ საკეპ დაფაზე საშიშ მიკრობთა რაოდენობა 200-ჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე უნიტაზის საჯდომზე! ბრიუსელის ჰიგიენის ინსტიტუტის თანამშრომლებმა გამოარკვიეს, რომ მიკრობები ყველაზე აქტიურად მრავლდებიან ხის და ფოროვან ზედაპირზე, მაშინ როცა მეტალური ზედაპირი ბევრად უვნებელია. მდუღარე წყლით გარეცხვაც კი არ არის საკმარისი. მაგალითად, ოქროსფერი სტაფილოკოკი უძლებს 120 გრადუს ტემპერატურას. ფოლადის ფირფიტის სარეცხი საშუალებით გარეცხვისა და ცხელი წყლის გადავლებით დაიხოცა 85 პროცენტი მიკრობებისა, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ნაწლავის ფლორაზე. დეზინფექციისთვის შეგიძლიათ ზედაპირი დაამუშაოთ ღვინის ძმრის ცხელი ხსნარით (40 მილილიტრი 1 ლიტრ წყალზე). შემდეგ ოდნავ სველ ფიცარზე მოაყარეთ თანაბარი ფენით სოდა და დატოვეთ ღამის განმავლობაში. ბოლოს დაფა დამდუღრეთ და გააშრეთ. ასეთი დამუშავებით იხოცება ყველა მიკრობის 99,5 პროცენტი. ასევე შეგიძლიათ კვირაში ერთხელ სუფთა დაფა გაწმინდოთ სპირტით.

დიდი რაოდენობით მრავლდებიან მიკრობები ჭურჭლის სარეცხ ღრუბელზეც. იგი ყოველთვის გასაპნულია, მაგრამ სითბო და მის ზედაპირზე საჭმლის ნარჩენები საუკეთესო პირობებია სტაფილოკოკების, ნაწლავის ჩხირების, სალმონელების და სხვა მიკროორგანიზმების გასამრავლებლად. ამ შემთხვევაში დადებით სამსახურს გაგვიწევს მიკროტალღური ღუმელი. მასში 1-2 წუთით მოათავსეთ სუფთა ღრუბელი სველ მდგომარეობაში (აალების თავიდან ასაცილებლად), გამოიღეთ და გაცივების შემდეგ კვლავ გამოიყენეთ. ამ დროს იხოცება მიკრობთა 99 პროცენტი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×