სირიისა და ერაყის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" გააქტიურებას ჩრდილოეთ კავკასიაში იწყებს, ყოველ შემთხვევაში - დეკლარაციის დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერორიზმის საფრთხე საქართველოს საზღვრებს უახლოვდება.
"ისლამურმა სახელმწოფომ" (ისის) ჩრდილოეთ კავკასიაში საკუთარი პროვინცია "კავკასიის ვილაიეთის" დაარსებისა და იქ მოქმედი მეამბოხეთა მთავარი ქოლგა-დაჯგუფების, "კავკასიის იმარატის" მებრძოლთა უმეტესობის გადმობირება-შეფიცვის შესახებ განცხადება გაავრცელა. "ვილაიეთის" მმართველად "იმარატის" დაღესტნის ფრთის ყოფილი მეთაური, 34 წლის აბუ მუჰამად ალ კადარი დაინიშნა, რომლის ნამდვილი სახელია რუსტამ ასელდეროვი. მან ისის-ს შარშან დეკემბერში შეჰფიცა ერთგულება და სწორედ ეს გახდა "ემირობიდან" მისი ჩამოქვეითების მიზეზი, რადგან "იმარატი" ისი-ის მოსისხლე მტერს, ალ-ქაიდას ემხრობა.
კავკასიის საკითხებში ექსპერტების თქმით, ბოლო პერიოდში ჩრდილოკავკასიაში "იმარატის" სტრუქტურა მოიშალა და თითქმის ყველა საველე მეთაური, მებრძოლების 80% "ისლამურ სახელმწიფოს" თანაუგრძნობს, ამიტომაც ისის-ის გააქტიურება მოსალოდნელიც იყო.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა არეშიძის განცხადებით, თუკი ადრე საქართველოდან ახალგაზრდა ისლამისტი შეფიცულები სირიასა და ერაყში მიდიოდნენ საომრად, ახლა მათ გააქტიურებას ადგილზე მოთხოვენ, რაც საქართველოსთვის ბევრად დიდი საფრთხეა, ვიდრე სირიაში საომრად წასვლა. მით უმეტეს, რომ ამ ადამიანების ადგილზე პარტიზანებად გამოყენების დიდი ალბათობაც არსებობს, რაც ხიფათს ერთიორად ზრდის.
მამუკა არეშიძე: "პირველ ხანებში შესაძლოა არაფერი შეიცვალოს, თუმცა რადგანაც ჩრდილო კავკასიაში პროვინცია დაარსეს, ე.ი. ისის-მა რაღაც უნდა გააკეთოს. სულ მცირე, ეს იმას ნიშნავს, რომ სირიასა და ერაყში ჯგუფურად წასვლა არ მოხდება, ისინი ადგილზე დარჩებიან, რომ ადგილზე ერთგვარი წინააღმდეგობის ფრონტი შექმნან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა ტიპის ბრძანებას მიიღებენ ისინი ალ-ბაღდადის შტაბიდან და რა ტიპის გააქტიურებას მითხოვს ის. მთავარი იმის გარკვევაა, ამ ადამიანებს ადგილზე გამოიყენებენ როგორც იდეოლოგიურ მებრძოლებს, თუ როგორც ისლამისტ პარტიზანებს.
"პირველ რიგში, მთავარი ხიფათი საქართველოს წინაშე არ დგას, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაში ორგანიზებული ჯამაათებია, საქართველოში კი ასეთი ორგანიზებული ძალა მარტო პანკისის ხეობაშია, იქაც უფრო იდეოლოგიური მიმართულებისკენ აქვთ გადახრა. თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა მდგომარეობაა, რა მასშტაბებია და რამდენად ორგანიზებულები არიან ქვემო ქართლში. მთავარი ფრონტი ჩრდილოეთ კავკასია იქნება და, არ გამოვრიცავ, რომ ჩრდილოეთ აზერბაიჯანიც."
კავკასიის საკითხებში ექსპერტის, ალეკო კვახაძის განცხადებით, "თუკი ადრე საქმე ისეთ დაჯგუფებასთან გვქონდა, რომელიც ჩრდილოკავკასიელებისაგან იმართებოდა და ამიტომაც მათგან საქართველოს მისამართით რაიმე რადიკალური იდეა არ მოდიოდა, ახლა "კავკასიის ვილაიეთი" ერაყსა და სირიაში მყოფი პირებისგან იმართება, მათ შორის მათგანაც, რომლებსაც კავკასიასთან კავშირი არა აქვთ, მაგალითად, როგორიცაა ისის-ის მთავარი ხალიფა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი. ამიტომაც რა დავალება მოვა სირიიდან და ერაყიდან, არაპროგნოზირებადია.
თუმცა კვახაძე იქვე იმედს გამოთქვამს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის ესკალაცია უახლოეს წლებში არ მოხდება და ისის-ის რიგებში გადასული "კავკასიის იმარატის" ყოფილი ლიდერების მხიდან რუსეთის წინააღმდეგ პარტიზანულად ბრძოლის ტაქტიკის შეცვლას არ ელის.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედი "კავკასიის იმარატის" ყოფილი მეთაურები "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერს, აბუ-ბაქარ ალ ბაღდადის რუსულ ენაზე მიმართავენ და მის წინაშე ერთგულების ფიცს დებენ.
საუბარია იმაზე, რომ დაღესტენიდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან და ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან ამბოხებულები ამ გადაწყვეტილებაში ყველა ერთიანია და მათ ამ საკითხზე უთანხმოება არ აქვთ.
"ვულოცავთ "ისლამური სახელმწიფოს" ჯარისკაცებს კავკასიაში ხალიფასადმი ერთგულების ფიცის დადებას. ის იღებს თქვენ ფიცს და აბუ მუჰამად ალ-ქადარის ნიშნავს კავკასიის მმართველად", - ამბობს ისის-ის იერარქიაში მეორე პირი (ალ-ბაღდადის შემდეგ), ალ-ადანი ინტერნეტში გავრცელებულ განცხადებაში.
ეს ინფორმაცია ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაცია "ომის შესწავლის ინსტიტუტმა" გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ალ-ქაიდას მოკავშირე დაჯგუფება "კავკასიის იმარატის" წინა მეთაური, ალიასხაბ კებეკოვი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს 19 აპრილს მოკლეს. მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ "იმარატის" მეთაურის მოვალეობას მუჰამად სულეიმანოვი, იგივე აბუ უსმან გიმრი შეასრულებდა.
მაშინ რუსულ მედია წერდა, რომ სწორედ კებეკოვი იყო კავკასიაში "ისლამურ სახელმწიფოს" ტრიუმფალური სვლის შემაკავებელი ფაქტორი. მისი ლიკვიდაციის შემდეგ კი რეგიონში ისის-ის გაძლიერების შესაძლებლობა უფრო და უფრო გაიზრდებოდა და ეს კავკასიასა და რუსეთს დიდ საფრთხეს უქადდა.
იწერებოდა ისიც, რომ ჩრდილოკავკასიელი ამბოხებულების ლიდერების დიდი ნაწილი "ისლამური სახელმწიფოს" შეფიცული ხდებოდა, რის გამოც "კავკასიის იმარატში" მებრძოლების მწვავე კრიზისი იყო, რაც იმას მოასწავებდა, რომ კავკასიაში ისის-ი გააქტიურდებოდა. პოლიტოლოგების პროგნოზი ნელ-ნელა მართლდება.
მამუკა არეშიძის ცნობით, ალ-ქაიდას მოკავშირე "კავკასიის იმარატი" მებრძოლებისაგან დაიცალა და საუბარია იმაზე, რომ ამ ეტაპისათვის "კავკასიის იმარატის" ერთგულებას მხოლოდ ყაბარდო-ბალყარეთის ჯამაათი და ავარების საველე მეთაურები ინარჩუნებენ. ამ ფონზე კი ისის-ი გაძლიერდა.
"აქიდან გამომდინარე, კავკასიაში გარკვეული დაპრისპირება შეიქმნება, მაგრამ სამხრეთ კავკასიაზე ეს დაპირისპირება არ იმოქმედებს, რადგან სამხრეთში ისის-ის გავლენა ბევრად დიდია, განსაკუთრებით ჩრდილოეთ აზერბაიჯანში," - ამბობს არეშიძე და დასძენს: "რუსეთისთვის ცხელი დღეები დაიწყება და მე ვთვლი, რომ ეს ის მდგომარეობაა, როდესაც კონსულტანციები უნდა დაიწყოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის ამ ფრონტის წინააღმდეგ."
რუსული გამოცემა "კავკაზსკი უზელის" ცნობით, მაგალითად 12 ივნისს ერთ-ერთი ცნობილი საველე მეთაური ასლან ბუტუკაევი ყველა ჩეჩენი ამბოხებულის სახელით "ისლამური სახელმწიფოს" შეფიცული გახდა.
მამუკა არეშიძის თქმით, კავკასიის მმართველად დანიშნულ ალ კადარის სწორედ ასლან ბუტუკაევი ლობირებს, რომელსაც კებეკოვის ლიკვიდაციის შემდეგ "კავკასიის იმარატის" მეთაურობა სურდა და მას შემდეგ გაწევრიანდა ისის-ში, რაც ეს სურვილი ვერ დაიკმაყოფილა და "კავკასიის ვილაიეთის" დაარსების საკითხიც წამოიწყო. ჯერ არ არის ცნობილი, "ისლამური სახელმწიფო" კავკასიის ვილაიეთის საშუალებით რა ოპერაციების განხორციელებას გეგმავს. თუმცა ის, რომ ისის-ის კავკასიაში მოახლოება დიდ საფრთხის მოახლოებას მიანიშნებს, საქართველოში ყველა აღიარებს.
როგორც ცნობილია, ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს საქართველოდან 150-ზე მეტი ადამიანი იბრძვის, ძირითადად აჭარის და ქვემო ქართლის მუსლიმური თემებიდან, მათ შორის პანკისის ხეობიდან 50-მდე ახალგაზრდა. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ, შსს-ს კონტრტერორისტულმა ცენტრმა, სპეცოპერაციის შედეგად, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი დააკავა. "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი პანკისის ხეობის მკვიდრი 29 წლის თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანია. ასევე ცნობილი მეთაური მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ალ-შიშანი. "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ დაჯგუფებას "იარმუკს" ხელმძღვანელობს 2012 წლის აგვისტოში, კახეთში, სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე ახმედ ჩატაევი, იგივე "ცალხელა ახმედა".
ალეკო კვახაძე ამბობს, რომ კავკასიაში განახლდება ბოლო წლებში კებეკოვის მიერ აკრძალული თავის აფეთქებები და სხვა ტერაქტები. საქართველოში კი რაიმე ცხელ ამბებს არ პროგნოზირებს.
"ისლამურ სახელმწიფოს სამხედრო თვალსაზრისით ძალიან რთული ვითარება აქვს. მათი მთავარი საზრუნავი სირიასა და ერაყში არსებული ტერიტორიების შენარჩუნებაა, თუმცა მათ ასევე მსოფლიოს სხვა ისლამურ რეგიონებში საკოორდინაციო ცენტრიც სჭირდებათ, მაგრამ უშუალოდ საქართველოში რაიმე წარმონაქმნის შექმნა არ იგულისხმება. ჩვენი მოქალაქეები ჩვეული სქემით ისევ სირიასა და ერაყში წავლენ. ჩრდილოეთ კავკასიაში მათი გადასვლა ძალიან რთულია. ერთადერთი ის არის, რომ ჩრდილოკავკასიიდან სირიასა და ერაყში პირების რეკრუტირება საქართველოს ან აზერბაიჯანის გავლით უნდა მოხდეს, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. მით უმეტეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახსენა, რომ საქართველოს გავლით ხდება სირიასა და ერაყში მებრძოლების ტრანზიტი. ამან კი შესაძლოა უფრო მეტი უხერხულობა შეგიქმნას. გარდა ამისა, რაღაც სახის შეიარაღებაც შეძლება დაილექოს საქართველოში. აქ მთავარია, როგორ იმოქმედებენ ჩვენი სპეცსამსახურები. თუკი პროცესი მიუშვეს, მაშინ შესაძლოა არაპროგნოზირებადი შედეგები მივიღოთ", - დასძენს კვახაძე.