ნოდარ ნათაძე
რუსეთის იმპერიაში ყოფნის მთელი 190 წლის მანძილზე საქართველო მასში შემავალ ქვეყანათა შორის განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქართველებისა და მათი ქვეყნის ფეხზე დაყენება რომ იმპერიის გეგმებში არ შედიოდა, ეს მაშინვე გამოჩნდა. სათანადო პოლიტიკა, სხვა მრავალ პარამეტრთა შორის, მოიცავდა საქართველოს ტერიტორიაზე არა ერთი და არა ორი არაქართველი ეთნოსის გამრავლება-მოშენება-აყვავებასაც ქართველების პოზიციების ხარჯზე.
საბჭოთა წლებში, როცა ამიერკავკასიაში უკვე სამი იურიდიულად სუვერენული სახელმწიფო ერთეული არსებობდა - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი - საბჭოთა პოლიტიკა უკლებლივ ყველა შემთხვევაში და უკლებლივ ყველა კონფლიქტში აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესებს იცავდა საქართველოს წინააღმდეგ.
შედეგსაც მიაღწიეს: თუ 1921 წელს საქართველო ამიერკავკასიის ჰეგემონის არაოფიციალური სტატუსით სარგებლობდა და მისი მოსახლეობა მისი ორივე მეზობლისას უდრიდა ერთად აღებულს, დღეს აზერბაიჯანი თითქმის ორჯერ უფრო ხალხმრავალია საქართველოზე და სომხეთი თითქმის ტოლია. ეს მიმართულება მოვლენებისაც და იმპერის პოლიტიკისაც საქართველოს გონებრივმა ელიტამ კარგად იცოდა. ამიტომ, ჰსურდა თუ არ ჰსურდა, იგი იძულებული იყო გონების თვალი მუდამ რუსული იმპერიული ცნობიერების ფეთქვის დეტალებისკენ ჰქონოდა მიპყრობილი და მისი ხვალინდელი ნაბიჯების შეძლებისდაგვარად დეტალური პროგნოზირება ეხდინა.
ამ ვითარებას ისიც უწყობდა ხელს, რომ, ჯერ ერთი, ქართული გონებრივი ელიტა რუსულ ცივილიზაციაში სრულყოფილად აკულტურირებული იყო (ანუ, თავისასთან ერთად, რუსული ენაცა და კულტურაც ისევე იცოდა, როგორც რუსმა ინტელიგენციამ), მეორეც, იმპერიის ცენტრში სტალინისა და ბერიას სუფევის შედეგად (მათი ძალიან მრავალრიცხოვანი აპარატებ-ამალებითურთ), საქართველოში შემოდიოდა, ჯამურად, უხვი ინფორმაცია "იქაური" ვითარების, "ამინდის" და მმართველ ზედაფენაში არსებულ სულისკვეთებათა ევოლუციის შესახებ. ამ პროცესთა მექანიზმების მიხვედრის უნარი და სათანადო ალღო, მწარე გამოცდილებით შექმნილი, საზოგადოებაში დღესაც არსებობს.
დღეს შოვინისტი რუსი "ვანიას", მისებრვე შოვინისტი რუსი პროფესორის, რუსი ასევე შოვინისტი სამხედრო პირის, სამღვდელო პირის და ბიუროკრატის სულისკვეთების ანალიზისათვის, დიაგნოსტირებისათვის და პროგნოზირებისათვის ქართველი საზოგადოებრიობის შედარებით ინფორმირებულ ფენებს, ჯერჯერობით, საკმაოდ ფართო პოტენციალი აქვთ.
აშშ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, რესპუბლიკელი ჯეფ ბუშის ამას წინათ გამოთქმული ერთი პუნქტი მისი პროგრამისა - რომ, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ ყველა საშიშროებათა ფონზე, დასავლეთს მაინც არ ჰმართებს, რომ ზედმეტი სიმკაცრით რუსეთს "ჩინეთთან ჩახუტებისკენ უბიძგოს", ქართველ საზოგადოებრიობას, ჯამურად, არარეალისტურად გვესახება.
რუსეთის ჩახუტებასა და არჩახუტებას ჩინეთთან, ჩვენის აზრით, განსაზღვრავს ერთადერთი ფაქტორი: თუ რუსეთს უჩნდება იმედი, ან იმედის ნაპერწკალი, რომ რუსეთსა და ჩინეთს ერთობლივი ძალით შეუძლიათ დღეს მსოფლიოში საკომანდო პოზიციების მქონე დასავლეთს, პირველ ყოვლისა კი - ანგლოსაქსებს მსოფლიო საჭეზე ხელი ააღებინონ, ან მას თუნდაც დაახლოებით ტოლძალი მოპირიპირის სახით წინ დაუდგნენ, რათა მსოფლიოს ისევ ორი პრინციპულად თანასწორი პოლუსი გაუჩნდეს, მაშინ რუსეთი სულითა და გულით იქნება განუყრელი და ერთგული მოკავშირე ჩინეთისა იმის განურჩევლად, აქვს თუ არა ჩინეთს მისი საწინააღმდეგო ტერიტორიული ინტერესები, მით უმეტეს - ურთიერთგანსხვავებული ფსევდოიდეოლოგიური და ფსევდოთეორიული პოზიციები (კომუნისტურ "იდეოლოგიებს" დღეს მსოფლიოში არავინ სერიოზულად აღარ უყურებს თვით ჩინეთისა და რუსეთის ჩათვლით).
თუ ამის იმედი არა აქვთ, მაშინ ისინი, გაბატონებული დასავლეთის მიერ განსაზღვრულ საზღვრებსა და ჩარჩოებში ჩაკეტილნი, ერთმანეთთან არსებობისათვის ბრძოლაში იქნებიან ჩაბმულნი, როგორც ჩაებნენ მას შემდეგ, რაც კორეის ომში ერთობლივი დამარცხება განიცადეს (ეს მოხდა 1952-1953 წლებში).
1955 წელს სსრკ და ჩინეთი უკვე იდეოლოგიური საბაბით უწყალოდ კინკლაობდნენ მოსკოვში მიმდინარე რაღაცა მეორეხარისხოვანი პარტიული კონფერენციის ტრიბუნიდან და ამ წვრილმანის უკან მომავალი დაუნდობელი დაპირისპირების აჩრდილი იდგა.
ჩვენს ამ პროგნოზს ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური, სოციოფსიქოლოგიური და გეოპოლიტიკური ფესვები აქვს. პეტრე პირველის ეპოქიდან რუსეთმა იცის, რომ ხარისხობრივად ევროპის პროვინციაა და ეს მისი ხვედრი ისტორიული გადახედვის პერსპექტივას არ შეიცავს. მაგრამ სურვილი და ცხოველი ოცნება, რომ ეს მიმართება შეტრიალდეს ან გასწორდეს, ძალაშია. იხ. მაგალითისათვის თუნდაც ჩერნიშევსკის მიამიტი რომანი "რა ვაკეთოთ?" სადაც იგავური ენით (სიზმრის ფორმით) რუსეთის მიერ მსოფლიო პროგრესის წინამძღოლობის ვიზიონერული სურათი ფიგურირებს.
მისწრაფება თავდამკვიდრებისაკენ, რომელიც ადამიანებს გვმართავს ინდივიდთა სახითაც და მეგა-შიდაჯგუფთა სახითაც, როგორიცაა, მაგალითად, ყველაზე დიდი და ფუნდამენტური ამ მეგაჯგუფთა შორის - ერების სახით, დაუძლეველი და დაუძლევადი თვისებაა ადამიანური ბუნებისა. ეს ფსიქოლოგიური თავდამკვიდრება არ ხდება არც ვაკუუმში, არც მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორების ფონზე (ერი არ ამაყობს იმით, რომ ბუნების ძალებს სძლევს, ისევე როგორც ადამიანი არ ამაყობს იმით, რომ ორი ფეხი და ორი ნესტო აქვს).
ფსიქოლოგიური თავდამკვიდრება ხდება მხოლოდ თავის მსგავსთა ფონზე - ინდივიდი თავს იმკვიდრებს (ამაყდება, თავისი "მეს კონცეფციას" ამდიდრებს) ინდივიდთა ფონზე, ერი - ერების ფონზე.
რუსი ერის საუკუნოობით გულში ჩახვეული ოცნება - რომ დასავლეთს დაეწიოს და გაუსწროს - მიმართულია, კერძოდ და კონკრეტულად, დღეს მსოფლიოში გაბატონებული ძალის - დასავლეთის, და ამ უკანასკნელის შემადგენლობაში ანგლო-საქსების - ევროპა-ამერიკა-ავსტრალიის წინააღმდეგ. მისი დაძლევა ან მასთან გატოლება რუსეთს დღეს, ანუ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის მიერ გერმანიის დამარცხების შარავანდი გაუქრა და გაუცვდა (მით უფრო, რომ მარტოს არც სსრკ-ს, არც რუსეთს არასოდეს არავინ არ დაუმარცხებია თავისი ისტორიის მანძილზე), რუსეთს დასავლეთის ძლევის ან მისი გატოლების იმედი მხოლოდ ჩინეთთან ერთად აქვს.
ლოგიკა "რუსეთის სივრცე და ჩინეთის მილიარდნახევრიანი მოსახლეობა ერთად უძლეველია" დღეს რუსი ერის ცნობიერებაში მუშაობს და შეუძლებელია არ მუშაობდეს.
რაც ყველაზე უფრო არსებითია, რუს ერს ჩინელებთან თვითიდენტიფიკაციის განცდა და ცნობიერება აქვს, როგორც ანტიდასავლელთან, ყოფილ კოლონიასთან, რევანშის მაძიებელ ერთან. ჩამოთვლილი ფაქტორები საკმარისია ბოლომდე ურთიერთერთგული საბრძოლო ბლოკისთვის ფსიქოლოგიურ საზრდოდ იმ შემთხვევაში, თუ, ვიმეორებ, ერთობლივი წარმატების იმედის ნაპერწკალი არსებობს.
ამიტომ რუსები მშვიდად უყურებენ ჩინელების მიერ შორეული აღმოსავლეთის დემოგრაფიული ათვისების პროცესს, ჩინელების დაუფარავ ტერიტორიულ პრეტენზიებს რუსეთის მიმართ და მათ გიგანტურ სამხედრო მანევრებს სახელით "ნახტომი ჩრდილოეთისკენ". ერთობლ ივი რევანში დასავლეთზე, რუსისათვის ისეთი ფსიქოლოგიური პრიზია, რომლისთვისაც იგი თავისი ტერიტორიის ერთ მესამედს - მისს აღმოსავლეთ ნაწილს - უჭოჭმანოდ გაიღებს.
ფსიქოლოგიური თვითიდენტიფიკაცია პოლიტიკისა და ისტორიის უუძლიერესი ფაქტორია. ამის გაუთვალისწინებლობა გამორიცხავს პოლიტიკის წარმატებას მსოფლიო სისტემის წინაშეც და ისტორიის წინაშეც. მინდა ეს არც თუ მხიარული მსჯელობა მხიარულ ნოტზე დავამთავრო და ამისთვის ერთ ეპიზოდს გავიხსენებ.
სადღაც 1950-იანი წლების დამლევს ბათუმის "ინტურისტის" ჰოლში მეტ-ნაკლებად შემთხვევითი საზოგადოება შევიკრიბეთ ფეხბურთის მატჩის ტრანსლაციის მოლოდინში. ერთი რუსი ფიზიკოსი იყო ცოლით, შუა ხნისანი, ორივენი - ლექტორები რაღაცა პროვინციული პედინსტიტუტისა რუსეთში. ქალი აღტაცებული ყვებოდა, რა წარმტაცად ერთსულოვანნი არიან ჩინელები: გამოვიდნენ მასობრივად ველ-მინდორში და კოვზ-ქვებები აჩხაკუნეს იმდენ ხანს, რომ დამფრთხალ ბეღურებს დაჯდომის საშუალება არ მისცეს და გულები დაუხეთქეს (მოსავლის დაცვის მიზნით).
მე შევნიშნე: "რა არის ამაში გასაკვირი, როცა თითო ბეღურაზე ორი ჩინელი მოდის, ისინიც - ერთსულოვანნი? (მაშინ 28 წლისა გახლდით). ქმარმა იწყინა. შეპასუხებით ვერ შემეპასუხა (რა უნდა ეთქვა?), მაგრამ აბსტრაქტულად შენიშნა, ვითომ თავისთვის "დიახ, ადამიანი დედამიწის ბატონია და სპობს ყველა იმას, ვინც მისთვის სასურველი არაა". თავი, რა თქმა უნდა, "ბატონის" ანუ ჰიტლერზე გამარჯვებული და ამერიკისთვის ტოლის არ დამდები რუსი ერის ელემენტად მიაჩნდა, "არასასურველებად" კი, ალბათ ამ წუთისათვის დანარჩენი წვრილფეხობა - პირველ ყოვლისა, სსრკ-ის მომცრო, მცირე და ძალიან მცირე ერები ვესახებოდით.
ამ ნეტარი ფსიქოლოგიის შელევა ერისათვისაც და მისი შემადგენელი ინდივიდებისათვისაც, ალბათ, უკიდურესად ძნელია, ეგებ შეუძლებელიც (მით უმეტეს, ერთ თაობაში). ამ ფაქტორთან ხუმრობა, მისი მეტ-ნაკლებად უგულებელყოფის სახით, ალბათ, არ ღირს.