უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა დატოვა. "მე დავწერე თანაამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება," - განაცხადა კვიტაშვილმა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კვიტაშვილის გადაყენების საკითხი რადაში განიხილეს, თუმცა გადაწყვეტილება ამის შესახებ არ მიუღიათ.
თავად ალექსანდრე კვიტაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას თანამდებობის დატოვების არ ეშინია. კვიტაშვილს გადადგომისკენ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმაც მოუწოდა და მიზეზად ნაკლებად აგრესიულობის გამო რეფორმების ვერგატარება დაასახელა.
კვიტაშვილის მსგავსად სხვა ქართველ რეფორმატორებსაც იგივე ბედს უწინასწარმეტყველებს ზოგიერთი ექსპერტი და აცხადებენ, რომ უკრაინაში რეფორმების, მით უმეტეს მტკივნეული მასშტაბური რეფორმების, გატარება შეუძლებელია.
თქვენი აზრით, გაიზიარებენ თუ არა კვიტაშვილის ბედს უკრაინაში თანამდებობებზე მყოფი სხვა ქართველები? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.
ავთანდილ დემეტრაშვილი (კონსტიტუციონალისტი): სრული ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ვიცი, რომ ძალიან ძნელია, დაძლიო საბჭოური სისტემური კორუფცია, რომელიც უკრაინაში არსებობდა, შესაბამისად რეფორმების ჩატარება რა თქმა უნდა გაუჭირდებათ. თუმცა არ მგონია, რომ თანამდებობა ასე ხელაღებით ყველამ მიატოვოს და საქართველოში დაბრუნდნენ, მითუმეტეს, რომ საქართველოს მოქალაქეობა მათ აღარ აქვთ.
ნინო ჩხობაძე (ეკოლოგი): ეს არის უკრაინის ხელისუფლებისა და ხალხის გადასაწყვეტი, რადგან ნებისმიერი თანამდებობა პოლიტიკურია და, მეორე მხრივ, ადამიანი შენს მუშაობაში ეფექტურობას თუ ვერ დაინახავს, მაშინ თანამდებობას დაგატოვებინებს. ეს საკითხი უკრაინელების გადასაწყვეტია და ჩვენი საქმე არ არის.
ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი): მე და პოლიტიკა ერთმანეთისგან შორს ვართ, მაგრამ ის, რომ გაემიჯნენ და გამოაბუნძულეს, ძალიან მწყინს. ნუთუ უკრაინაში არ არიან ადამიანები, ვინც ამ საქმეს გაუძღვება? რაც შეეხება დანარჩენების ბედს, უკრაინელ ხალხს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ძალიან მკაცრი შემფასებლები არიან, თავიანთი ქვეყანა უყვართ და მეშინია, რომ ჩვენი სახელი საერთოდ არ გავიფუჭოთ.
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ეჭვიც არ მეპარება იმიტომ, რომ არანაირი რეფორმა იქ არ გაუტარებიათ. 9 წლის მანძილზე საქართველოში რეფორმის წარმატებულად ჩატარება ვერ მოახერხეს. უკრაინელებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს, რადგან ხალხი, რომელიც აქედან კინწისყვრით გავყარეთ, იქ დიდი პატივით მიიღეს, თუმცა ხალხს მათი საქმე არ მოსწონს. უკრაინელებმა ყველაფერი კარგად იციან, ვინ არის სააკაშვილი, კვიტაშვილი და სხვები.
ია ანთაძე (ჟურნალისტი): ალბათ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. იმის გამო, რომ ეს ადამიანები ქართველები არიან, თანამდებობაზე არც დანიშნულან და არც გათავისუფლებულან. კვიტაშვილის წამოსვლის რეალური მიზეზი რა იყო, არ ვიცით. მან განცხადება თვითონ დაწერა და თქვა, რომ თუ რადა ჩემს შეთავაზებულ კანონებს მიიღებს, მზად ვარ თავი გავწიროო.
ეს განცხადება ცოტა გაუგებარი იყო, რადგან თუ რადა მზად არის მისი დაწერილი კანონი მიიღოს, ე.ი. მისი საქმე კარგად ყოფილა და მაშინ, რატომ მოდის? ისიც გაუგებარია, სააკაშვილმა ნამდვილად ურჩია თუ არა გადადგომა ან რატომ ურჩია. თუმცა ვინმეს გადადგომა ან დანიშვნა არ შეიძლება ეროვნული ნიშნით განვიხილოთ, ყველა შემთხვევა მაინც ინდივიდუალური იქნება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე