სოციოლოგების აზრით კალაძის რეიტინგმა მოიმატა, ხელისუფლების რეიტინგზე კი ვერ თანხმდებიან
იაგო ნაცვლიშვილი
04.07.2015

 13 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურება პოლიტიკურ ძალების რეიტინგებზე გარკვეულ გავლენას იქონიებს, - ასეთია სოციოლოგების აზრი პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით. მათი აზრით, ამ მხრივ ისევ "ქართული ოცნება" ლიდერობს, მეორე ადგილზე კი კვლავ "ნაციონალური მოძრაობაა". სოციოლოგები თანხმდებიან იმაზეც, რომ კატასტროფის დროს აშკარად გაიზარდა ვიცე-პრემიერ კახა კალაძის პიროვნული რეიტინგი.

ზურაბ ბიგვავა მიიჩნევს, რომ "ოცნების" რეიტინგზე ამან დადებითად იმოქმედა, "ნაცმოძრაობაზე" კი უფრო უარყოფითად ვიდრე დადებითად. მას არ ეთანხმება გიგი თევზაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ "ოცნების" რეიტინგი ამ კატასტროფის დროსაც დაეცა, თუმცა აღიარებს, რომ ის კვლავ ლიდერობს. ორივე თანხმდება იმაზე, რომ სტიქიას სხვა პოლიტიკური ძალების რეიტინგებზე გავლენა არ მოუხდენია.

ილიაუნის პროფესორი, სოციოლოგი გიგი თევზაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ თავად მას კვლევა არ ჩაუტარებია, თუმცა მიიჩნევს რომ მოქმედი ხელისუფლების რეიტინგი დაეცა.

"ყველა კვლევა აჩვენებს, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი ეცემა. რა თქმა უნდა, გარკვეულ როლს ამაში იქონიებს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებაც. ამ კატასტროფიდან ძალიან მცირე დროა გასული და შესაბამისად იქამდე ვერცერთი კვლევა ვერ ჩატარდებოდა, მაგრამ ესეც ალბათ იმოქმედებდა მმართველი გუნდის რეიტინგზე და დაბლა დასწევდა.

"რაც შეეხება ოპოზიციას, "ნაციონალური მოძრაობა" ისევ მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება. შეუძლია მას მიიღოს რაღაც ხმები შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ მგონია რომ ეს გამარჯვებისთვის არ ეყოფა. სავარაუდოდ, დაახლოებით 20%-ს მოაგროვებს. იქიდან გამომდინარე რომ "ოცნების" რეიტინგი ეცემა, "ნაცმოძრაობის" კი უცვლელია, ეს 20% შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მთავრობის ფორმირებისათვის. "ოცნების" პროცენტების განსაზღვრა რთულია, მაგრამ როგორც კვლევებიდან ჩანს უმრავლესობაში ისევ "ოცნება" იქნება. მეორე საკითხია ექნება თუ არა მას აბსოლუტური უმრავლესობა, რომ მთავრობის ფორმირება მთლიანად მან შეძლოს", - ამბობს სოციოლოგი, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების" რეიტინგზეც საუბრობს.

"ალასანიას გუნდი ალბათ შევა პარლამენტში, მაგრამ ესეც დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება მთავრობის ფორმირება, ანუ რა პროცენტს აიღებს "თავისუფალი დემოკრატები" ამის განსაზღვრაც რთულია," - დასძენს სოციოლოგი, რომელსაც პიროვნულ რეიტინგებზე საუბარი უჭირს.

"სტიქიის დროს ხელისუფლებიდან ყველაზე პოპულარული ფიგურა ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გახდა. ახლა თავად "ოცნებაზეა" დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს ამ პოზიტიურ ფაქტორს. ეს თავად კალაძეზეც არის დამოკიდებული, მაგრამ მთავარი მაინც პარტიის გადაწყვეტილება იქნება, რა სტრატეგიას შეიმუშავებს კახა კალაძის გამოყენებით.

"არსებობს სოციოლოგიური გამოკითხვები პიროვნულ რეიტინგებზეც. მგონია, რომ ბოლო კვლევებში ვინც იყვნენ გამოკვეთილი ფიგურები, ისევ ისინი რჩებიან დღესაც. მნიშვნელოვანი ცვლილება არა მგონია იყოს იმის გარდა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ", - გვითხრა გიგი თევზაძემ.

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქოს" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ბოლო პერიოდში კვლევა მასაც არ ჩაუტარებია, თუმცა მიიჩნევს რომ რეიტინგებში გარკვეულ როლს თბილისში მოხდარი სტიქიური უბედურებაც იქონიებს.

"გარკვეულ ნიუანსებს, ვეფხვის ამბებს და რაღაცებს თუ არ ჩავთვლით, ხელისუფლებამ კარგად იმუშავა. რეალურად მმართველმა ძალამ დადებითი ქულები დაიწერა. ხელისუფლებას სტიქიური შედეგების ლიკვიდაცია პოზიტიურად ჩაეთვალა. მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლების იმიჯსა და შესაბამისად რეიტინგზეც პოზიტიურად აისახება", - ამბობს ბიგვავა, რომელიც მიიჩნევს, რომ სტიქიამ ხელისუფლების სახეების რეიტინგზეც დადებითად იმოქმედა.

"ნათლად გამოჩნდა, რომ "ოცნების" სახეების პიროვნულმა რეიტინგმა აიწია. განსაკუთრებულად პოპულარული ფიგურა გახლდათ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. კალაძის რეიტინგმა მკვეთრად იმატა, გამოჩნდა ისიც, რომ ვიცე-პრემიერი გუნდურობის მხარდამჭერია. მან ამავე დროს გააკეთა ძალიან ადამიანური განცხადებები, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები აღმოჩნდა. მისი სახე აღმოჩნდა საკმაოდ აქტიურად ჩართული უშუალოდ საქმეში.

"მეტ-ნაკლებად დადებითად შეიცვალა თბილისის მერის დავით ნარმანიას რეიტინგიც. პრემიერ-მინისტრსაც არ ჰქონია უარყოფითი რაიმე, მის რეიტინგს თუ არ მოუმატებია, ყოველ შემთხვევაში არ დაუკლია მაინც", - ამბობს სოციოლოგი, რომელიც მინდია ჯანელიძის შესახებაც საუბრობს.

"მინდია ჯანელიძის მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება გაგრძელება იყო იმ პერიოდის, როდესაც ის თავდაცვის მინისტრი იყო. რომ ვთქვა, რომ ამ სტიქიური უბედურების დროს ჯანელიძის რეიტინგი დაეცა, მგონია რომ სწორი არ იქნება. მას იმიჯის კარგად წარმოჩინების პრობლემები ჰქონდა მინისტრობის დროსაც და ეს დარჩა ახლაც", - უთხრა ზურაბ ბიგვავამ "რეზონანსს".

"ფსიქოს" დამფუძნებელი ოპოზიციის რეიტინგზეც საუბრობს. ამბობს, რომ "ნაცმოძრაობის" ქმედება პარტიული აქტივობა იყო, რაც მის რეიტინგზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს. სხვა ოპოზიციური პარტიები კი საერთოდ არ გამოჩენილა, შესაბამისად მასზე ეს გავლენის მომხდენი ვერ იქნება.

"ახალგაზრდობა ამ პროცესში სპონტანურად ჩაერთო, იქ პარტიის ადგილი არ იყო. "ნაცმოძრაობამ" ამ სტიქიის დროს თავისი "კეთილშობილური" ქმედება მაინც პარტიული მიზნით გააკეთა. პარტიას ეს ქმედება არაფერს არ მატებდა, თუ არ აკლებდა.

"თავისუფალი დემოკრატები" საერთოდ არ გამოჩენილა ამ სტიქიის დროს, შესაბამისად მან ვერც პლუსი მიიღო და ვერც მინუსი. ისე, გამოჩენა პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა მათთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, ისე გამოჩენას, როგორც ეს "ნაცმოძრაობამ" გააკეთა, სჯობდა, რომ საერთოდ არ გამოჩენილიყო.

"დღეს ასეთი მდგომარეობაა, მაგრამ ძალიან ძნელია რა იქნება 2-3 თვის შემდეგ. სოკოებმა ამოყვეს თავი, მაგრამ რომელი სოკო გაიხარებს, ამას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. ამ ეტაპზე ნათლად გამოჩენილი ორი ძალაა - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა". სახელისუფლებო გუნდს აშკარა უპირატესობა აქვს, დაახლოებით 5-1-ზეა "ოცნების" უპირატესობა. მათ ქვემოთ კი არის რამდენიმე პარტია, რომელსაც გარკვეული რეიტინგი აქვს. ვგულისხმობ "დემოკრატებს" ნინო ბურჯანაძის და ირმა ინაშვილის პარტიებსაც. ალბათ კიდევ გამოჩნდება ვიღაცა," - გვითხრა ზურაბ ბიგვავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×