საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონპროექტს გამოეხმაურა. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმას ითვალისწინებს, პარლამენტში კომიტეტის სხდომებზე დაწვრილებით არის განხილული.
"გვეუბნებიან, რომ ვანო მერაბიშვილის შექმნილი რეპრესიული სისტემა დავტოვოთ უცვლელად. ჩვენ ამაზე ვამბობთ არას. გვეუბნებიან, რომ ცვლილება არ არის საჭირო, რატომ? იმიტომ, რომ კარგად მუშაობდა ეს სისტემა და კმაყოფილი ვიყავით ამით? მაშინ საყოველთაო თვალთვალი, საყოველთაო უბედურება გავაგრძელოთ ასე და არ შევცვალოთ? ძალიან ყურადღებით ვისმენთ იმ შენიშვნას, რომელიც გასათვალისწინებელია და, რომელიც გააუმჯობესებს ამ სისტემას," - აღნიშნა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პირადად მისთვის სრულიად გაუგებარი და გასაოცარია, არა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგობა, არამედ მათი, ვინც შსს-ს გაყოფას ითხოვდა.
"ცოტა მიკვირს იმ ხალხისგან, რომელიც ამდენი ხანი ზუსტად ამას ითხოვდა, რომ აუცილებელია მისი გაყოფა. დღეს გვეუბნებიან, რომ არ გავყოთ. თუ რამე კონკრეტული შენიშვნაა, კომიტეტებმა ეს საკითხი განიხილა უკვე ორჯერ, ორი დღის განმავლობაში. თითოეულ წინადადებაზე, რაც არის შემოსული, ან პასუხია გაცემული ან გათვალისწინებულია კანონპროექტში. სხვა მაშინ რა გვინდა? თუ არ გვინდა დემოკრატია, მაშინ მივყვეთ სხვა გზებს," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საჭიროა, თუ არა შს სამინისტროდან უშიშროების ცალკე უწყებად გამოყოფა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): შსს-დან უშიშროების გამოყოფა არამარტო საჭიროა, არამედ აუცილებელიც არის, იმიტომ რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეს სტრუქტრები ყოველთვის ცალკეა. საბჭოთა საქართველოში ეს ყოველთვის ცალკე იყო. თავისი ფუნქციებითა და საქმით განსხვავდებიან. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია მათი გამოყოფა. საერთოდ უფრო ადრე უნდა განხორციელებულიყო. ამ ფუნქციების გაერთიანება "ნაციონალური მოძრაობის" დროს სამწუხარო შედეგები მოგვცა - ერთ ხელში აღმოჩნდა ძალაუფლება. პრეზიდენტის მთავარი დასაყრდენი შინაგან საქმეთა სამინისტრო გახდა.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ადრეც იყო საუბარი, რომ ცალ-ცალკე უნდა ყოფილიყო. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, ამ ორი უწყების მუშაობა ერთად სჯობს. ზოგიერთი კი პირიქით ფიქრობს, რომ ცალ-ცალკე სჯობს. ამ შემთხვევაში მსაჯულად ვერ გამოვდგები, ვერ გეტყვით, რომელი უკეთესია.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): საერთოდ ამ ორი უწყების ერთად არსებობა დემოკრატიული მმართველობისთვის დამახასიათებელი არ არის. როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს ორი უწყება გააერთიანა, სწორედ იმიტომ გააერთიანა, რომ თავიანთი რეჟიმი გაეძლიერებინათ. რეჟიმს გამყარება სჭირდებოდა, ასეთი ერთიანი სიძლიერის მქონე უწყების შექმნით.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): საჭიროა, რადგან ეს ის ორგანოა, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს 9 წლის განმავლობაში დიდი პრობლემები შეგვიქმნა. ამიტომ რასაკვირველია იდეაში მთავარია, ვინ როგორ გამოიყენებს ამას, მაგრამ ფაქტია, სერიოზული პრობლემები შექნა. უკანონო თვალთვალი და საზოგადოებისთვის სხვა ძალიან ცუდი შედეგი იყო, ამიტომ რასაკვირველია მას ძალიან ცუდი სახელი აქვს.
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): ვფიქრობ, ამ ორი უწყების გაყოფას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება. ადრეც იყო გაყოფილი, შემდეგ გააერთიანეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე