თიკო ოსმანოვა
06.07.2015

"რუსეთი მზად არის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს", - ამის შესახებ "დოიჩე ველეს" ცნობით, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ძალაუფლებას იყენებს მეზობელი ქვეყნების დასაშინებლად. "ჩვენი პასუხი არის თავდაცვითი, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებებს შეესაბამება. ჩვენ გავზარდეთ სწრაფი რეაგირების ძალები. ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებთან გავაძლიერეთ სამხედრო წარმომადგენლობა. რუსეთის ქმედებების საპასუხოდ გავაძლიერეთ საჰაერო პატრულირება და წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთით მოსაზღვრე ქვეყნებში", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ყველაფერი, რასაც ალიანსი აკეთებს, არის თავდაცვის ნაწილი.

"ჩვენ ვიცავთ ჩვენს მოკავშირეებს. რუსეთის ქმედებები აგრესიულია. ყირიმის ანექსია არის აგრესიული ქმედება. რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების თანამედროვე იარაღით, თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას, და გზავნის იქ სამხედროებს, ესეც აგრესიაა.

"ჩვენ ვიცავთ ჩვენს მოკავშირეებს, რუსეთი კი იყენებს საკუთარ ძალაუფლებას საზღვრების შესაცვლელად და უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამ განცხადების ფონზე, რამდენად მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან მორიგი სამხედრო აგრესია? ეს კითხვა "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ არა მგონია, რომ რუსეთმა დღევანდელ პირობებში - იმ დროს, როდესაც უკრაინაში ასეთი პრობლემები აქვს, საქართველო და მოლდოვაც ჩართოს ამ დაპირისპირებაში. რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად ბრძოლა დამარცხების ტოლფასია.

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი) ალოგიკურად მიმაჩნია, რადგან ძალის გამოყენებით კიდევ დაიმძიმებს საერთაშორისო მდგომარეობას - რუსეთის მიმართ ძალიან ბევრი სანქციებია.

თუმცა სტოლტენბერგი იმდენად გათვითცნობიერებული კაცია, რომ ეტყობა, რაღაც რეალური მონაცემები აქვს და ეს განცხადება, იმიტომ გააკეთა. ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ შეიძლება ზეპირად საუბრობდეს. როგორც ჩანს, რაღაც ინფორმაციები აქვს.

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი): არა მგონია, რომ ეს რეალური სურათის ამსახველი იყოს კონკრეტული ქმედებების თვალსაზრისით. რუსეთი მზად არის აგრესიისთვის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, ნატოს მხრიდან ეს განცხადება გამაფრთხილებელია.

ჩვენი მოკავშირეა და მოგვიწოდებს სიმშვიდისკენ, თუმცა არა მგონია უახლოეს ხანში რუსეთს აგრესიული ზრახვები ჰქონდეს საქართველოს მიმართ. ჩვენი ქვეყანა მეტ-ნაკლებად გადადებული თემაა ვფიქრობ, რომ ახლა რუსეთს უწინარესად უკრაინის საკითხი აწუხებს.

 

 ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი):  იმპერიული ქვეყნისგან აგრესია ყოველთვის მოსალოდნელია. ყველა ისტორიულ პერიოდში ნებისმიერი იმპერია ყოველთვის გამოირჩევა აგრესიულობით, ასე რომ, ნატოს გენერალური მდივნის განცხადება გასაკვირი არ არის.

რუსეთმა თავის აგრესია ერთხელ უკვე გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ და ჩამოაჭრა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ისტორიული ძირძველი მიწა-წყალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×