13 ივნისის მოვლენების დროს ფსიქოლოგების ჩარევა გარდაუვალი გახდა. 110 დაზარალებული და გადაადგილებული ოჯახების წევრებიდან თითქმის ყველამ თავად მოითხოვა ფსიქოსოციალური დახმარება.
დაზარალებულების, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები, ასევე სახლებიც, მდგომარეობა მძიმე იყო: შოკი, ტირილი, უიმედობა, უსუსურობის განცდა. ფსიქოლოგების აზრით, ასეთ ტრავმულ მოვლენაზე გავრცელებული რეაქციებია: შფოთვა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ჩავარდნები მეხსიერებაში, დეზორიენტირებულობა, ტირილი, სევდა, დანაშაულის განცდა (ე.წ. "გადარჩენილის დანაშაულის განცდა" იმ შემთხვევაში, თუ ახლობლები დაიღუპნენ, ის კი გადარჩა), ბრაზი.
ფიზიკური სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილის დარღვევას, ფიზიკურ ტკივილს, აჩქარებულ გულისცემას და ა.შ. თუ ამ შემთხვევაში პირველადი ფსიქოლოგიური ჩარევა არ მოხდა, ადვილი შესაძლებელია, ადამიანს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა განუვითარდეს, რისი შედეგებიც გაცილებით მძიმეა და ფსიქოთერაპევტის ჩარევას საჭიროებს.
როგორ უნდა მოვიქცეთ კატასტროფის დროს დაზარალებულებთან, სად და ვისთან უნდა გადავამისამართოთ ისინი, როგორ უნდა მოიქცნენ მოხალისეები კატასტროფის ადგილას, თუ შემთხვევით ისინი შემზარავი სცენის მოწმეები გახდნენ - შეკითხვებზე პასუხის გასაცემად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფსიქოლოგს, პირველადი რეაგირების ჯგუფის წევრ, ნინო სირაძეს მივმართეთ.
14 ივნისის დილას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სპეციალურად გაწვრთნილი ფსიქოსოციალური დახმარების გუნდი, პირველი დახმარების გუნდთან ერთად, პირველივე დღეს გავიდა შემთხვევის ადგილას; ასევე - გამგეობაში, სადაც დაზარალებულები დახმარების თუ ინფორმაციის მისაღებად მოდიოდნენ.
"ზოგადად ასეთ დროს დაზარალებულს შესაძლოა უნდობლობა გაუჩნდეს ფსიქოლოგის მიმართ და ეს სავსებით ბუნებრივი რეაქციაა. თუმცა ამ დროს გადამწყვეტი იმ ორგანიზაციის რეპუტაციაა, რომლის სახელითაც სთავაზობ დახმარებას," - ამბობს ნინო სირაძე, "პირველ ეტაპზე სწორედ ნდობის მოპოვებაა მთავარი.
მოხალისედ თავის წარდგენა, უსაფრთხო და მშვიდ ადგილას მათი გადაყვანა, აქტიური მოსმენა და ემოციური მხარდაჭერა ხელს უწყობს ნდობის მოპოვებას და პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბებას, დაზარალებულები იხსნებიან და ყვებიან თავიანთ ისტორიას. ბოლოს მადლობასაც გვიხდიან მხარდაჭერისთვის."
ნინო სირაძის თქმით, კატასტროფის ადგილას ფსიქოლოგის მყისიერი ჩარევა უნდა მოხდეს, რაც ფაქტობრივად განსაზღვრავს ფსიქოლოგიური პირველი დახმარების არსს. ამ დროს ხდება დაზარალებულების ემოციური მხარდაჭერა შოკის ეტაპზე, მათი ემოციური ვენტილაცია, იმ განცდის მიცემა, რომ მარტო არ არიან - მათ გვერდით არის ადამიანი, რომელიც გარდა ემოციური მხარდაჭერისა, პრაქტიკულ მხარდაჭერასაც აღმოუჩენს, უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციით და ა.შ.
"პირველადი ფსიქოლოგიური ჩარევის შემდეგ ნეგატიური ფსიქოლოგიური ემოციების ინტენსივობამ უნდა დაიკლოს და ჩაქრეს. ხოლო თუ ეს ასე არ მოხდა, 3-6 თვის თავზე სიმპტომები კვლავ გამოვლინდება და მათი ინტენსივობა არ დაიკლებს.
"ამ შემთხვევაში უკვე საქმე გვექნება "პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან", რომლის სიმპტომებია: აკვიატებული მოგონებები ან სიზმრები ტრავმული მოვლენის შესახებ, განრიდება, ნეგატიური ცვლილებები ფიქრებსა და გუნება-განწყობაში, ინტერესის დაკარგვა საყვარელი საქმიანობების მიმართ, ემოციური "დამუნჯება" (ადამიანი ვეღარაფერს განიცდის), ცვლილებები ემოციურ რეაქციებში, ქცევის ცვლილება - თვითდამაზიანებელი ქცევების გამოვლენა და ა.შ.
"სიმპტომებმა, შესაძლოა, ერთი წლის თავზეც კი იჩინოს თავი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათი მეთვალყურეობა ამ ხნის მანძილზე და რეფერირება შესაბამის სპეციალისტებთან," - ხსნის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფსიქოლოგი.
13 ივნისის სტიქიის შედეგად განსაკუთრებული ფსიქოსოციალური დახმარება ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს დასჭირდათ.
"პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების დროს ხშირად ყურადღების მიღმა რჩებიან მამაკაცები. ეს ქვეყნის კულტურული თავისებურებიდან გამომდინარეობს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მიჩვეულები არ არიან გრძნობებზე საუბარს და თავს იკავებენ ემოციების გამოხატვისგან. მამაკაცების ფსიქოსოციალურ დახმარებასაც თანაბარი ყურადღება ექცევა."
ჩვეულებრივ მოქალაქეებს ჩვენთვის არ მოუმართავთ, თუ არ ჩავთვლით მოხალისეებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართულები იყვნენ რეაგირებაში და ჩვენი მოვალეობა მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის მეთვალყურეობაცაა, რადგან უბრალო მოწმესაც შეიძლება განუვითარდეს ზეთვ.
სტიქიის ზიანთან ბრძოლის დროს ათასობით მოხალისე ჩაერთო გაწმენდით სამუშაოებში. რეაგირების დროს მოხალისეები ხშირად ხდებოდნენ არასასურველი და ნეგატიური სცენის მოწმეები. ფსიქოლოგებს მათთან მუშაობაც უხდებოდათ, რადგან უბრალო მოწმესაც კი შეიძლება განუვითარდეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
და ბოლოს, ფსიქოლოგის ნინო სირაძის რჩევით, კარგი იქნება თუ მოქალაქეები, ვისაც ამა თუ იმ ფორმით შეხება აქვთ დაზარალებულებთან, კოორდინაციაში იქნებიან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და სხვა პროფესიულ ასოციაციებთან თუ კლინიკებთან და მწვავე მდგომარეობის დაფიქსირების შემთხვევაში გადაამისამართებენ მათ შესაბამის სპეციალისტებთან.
ტექსტი მოგვაწოდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ