საქართველოს ენერგოსისტემა "ენგურჰესის" ელექტროენერგიას თანდათანობით კარგავს. 2015 წლის იანვარ-მაისში აფხაზეთის რეგიონში, "ჩერნომენერგომ" "ენგურისა" და "ვარდნილის" მიერ გამომუშავებული 1-თეთრიანი ელექტროენერგიის 60%-ზე მეტი წაიღო. და საერთოდ ასე ხდება ყოველ ზამთარს. მაშინ, როდესაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის დეფეციტია და ქვეყანა დენის იმპორტს ეწევა, სეპარატისტებს ყველაზე პრობლემურ თვეებში ენგურის გამომუშავებული ენერგია თითქმის მთლიანად მიაქვთ.
1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესის (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60% კი - საქართველოს ელექტროსისტემას.
სეპარატისტული ვირეშმაკობა
აფხაზეთში ელექტრომოხმარება ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, რეგიონის ელოექტრომომარაგებისთვის დადგენილი კვოტები საკმარისი არ არის. 2015 წლის იანვარ-მაისში აფხაზეთის რეგიონმა ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის - "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 63%-ზე მეტი წაიღო. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს ელექტროსისტემა დეფიციტს იმპორტირებული ელექტროენერგიით ავსებს. კერძოდ, 5 თვეში "ენგურჰესმა" და "ვარდნილჰესმა" 1 მლრდ 394 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, აქედან 885,2 მლნ კვტ/სთ აფხაზეთს ხვდა წილად. დაახლოებით იგივე მაჩვენებლები იყო 2014 წლის პირველ 5 თვეში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აფხაზეთს ყველაზე მეტი ელექტროენერგია პიკურ პერიოდებში ზამთარსა და შემოდგომაზე მიაქვს, როდესაც საქართველოს ელექტროსისტემას დეფიციტის შესავსებად რუსეთიდან ენერგიის იმპორტი სჭირდება. კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე, რატომ არ ნაწილდება ელექტროენერგია პიკურ პერიოდებშიც თანაბრად, დაიდო თუ არა ახალი შეთანხმება "ბიზნეს-რეზონანსი" ამ საკითხის გარკვევას შეეცადა.
"ენგურჰესის" დირექტორმა ლევან მებონიამ ჩვენ ზარს არ უპასუხა, კითხვებს თავი აარიდეს ენერგეტიკის სამინისტროშიც და სახელმწიფო ელექტროსისტემაში გადაგვამისამართეს. ბუნებრივია, ეს ორგანო ენერგოპოლიტიკას არ განსაზღვრავს და იქ შესაბამისი პასუხიც მივიღეთ.
"დადგენილი ელექტრობალანსის მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% მოიხმარს აფხაზეთი, 60%-ს დანარჩენი საქართველო. შესაძლებელია თვეების მიხედვით იყოს გარკვეული ცდომილება, თუმცა წლის ჭრილში ბალანსის განხილვისას ენერგობალანსის მაჩვენებელი არ იცვლება", - განაცხადა "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ჯერანაშვილმა.
"გარკვეული ცდომილება" კი მაგალითად ასეთია - 2014 წლის დეკემბერში "ენგურჰესმა" და "ვარდნილჰესმა" 223 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, აქედან 200 მლნ კვტ/სთ აფხაზეთმა წაიღო (90%). იმავე პერიოდში, საქართველოში 157 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი გახდა საჭირო. გარდა ამისა, 2014 წელს კვოტებთან დაკავშირებული შეთანხმება უკვე დაირღვა და სეპარატისტულმა რეგიონმა "ენგურისა" და "ვარდნილიის" მიერ გენერირებული ელექტროენერგიის 42%-მდე მიიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთის ენერგეტიკა მთლიანად ელექტროენერგიაზე დგას. რეგიონში არ არის გაზი და მოსახლეობა, "მუქთა" ენერგიის გამო, შეშის გამოყენების აუცილებლობასაც ვერ ხედავს. დაძველებული და მოუწესრიგებელი ქსელის გამოისობით, დენის დანაკარგი 50%-ის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, მდინარე ენგურის წყალი და ელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის დახარჯული მილიონობით ლარი (ძირითადად კრედიტი) ჰაერში იფანტება. ამ დროს კი, ქვეყნის კონტროლირებადი ტერიტორიების ელექტრომომარაგებისთვის უფრო და უფრო მეტი იმპორტია საჭირო, რომელიც დენის ტარიფის გაზრდას გარდაუვალს ხდის.
ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის რეზო არველაძის განცხადებით, საქართველოსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებს შორის კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს. მოხდა მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება, რომ "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესების" კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ით აფხაზეთის რეგიონი მომარაგდებოდა, ხოლო დარჩენილი 60%-ით დანარჩენი საქართველო.
საყურადღებოა ისიც, რომ "ვარდნიჰესების" კასკადებიდან, რომლებიც გალის რაიონში მდებარეობს, მხოლოდ ერთი ჰესი 220 მგვტ-იანი სადგური მუშაობს, დანარჩენი სამი 40-40 მგვტ-იანი სადგურები ამორტიზირებული და შლამით დაფარულია. 90-იან წლებში ელექტროსადგურებთან მისასვლელი გზები აფხაზებმა თუ რუსებმა დანაღმეს. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის განაწილებისა (კვოტების განსაზღვრისას ვარდნილჰესებიც იგულისხმებოდა) მთელი ტვირთი ენგურზე მოდის.
"სიტყვიერი შეთანხმება იყო ასეთი, რომ წლიურად გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო. აქ არ იყო გაწერილი, რომ ყოველდღიურად ან ყოველთვიურად რამდენი უნდა ყოფილიყო. ეს დოკუმენტი საერთოდ არ არსებობს, უბრალოდ, დაიანგარიშეს", - ამბობს რეზო არველაძე. იმ პერიოდში ენერგეტიკის მინისტრი დავით ზუბიტაშვილი იყო. რეზო არველაძე იხსენებს, რომ მას ზუბიტაშვილმა დაუძახა და ჰკითხა - რამდენად სამართლიანი იყო აფხაზების მოთხოვნა.
არველაძის განცხადებით, როდესაც აფხაზებმა ეს საკითხი დააყენეს, მათი არგუმენტი იყო ის, რომ "ენგურჰესის" ძირითადი ფონდის 40% აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული, შესაბამისად, მათ ელექტროენერგიის 40% უნდა მიეღოთ.
"მე მაშინ ზუბიტაშვილს ავუხსენი, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებაში მონაწილეობას იღებენ არა მარტო ძირითადი ფონდები არამედ ის ნედლეული, რომლიდანაც გამოიმუშავება ელექტროენერგია - წყალი. თუ ვიანგარიშებთ იმას, რომ მდინარე ენგური საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ენერგიის შემცველი ტურბინა მთლიანად საქართველოდან მიდის, მაშინ აფხაზეთის რეგიონის წილი გამოდიოდა არაუმეტეს 10%. ამას დიდად ყურადღება არ მიაქციეს და სიტყვიერად შეთანხმდნენ.
ბუნებრივია, თუკი შესაძლებელია შეთანხმდე 40-60%-იან კვოტებზე, მაშინ ყოველთვიურადაც ასე უნდა განაწილდეს. ამას ყურადღება უნდა მიაქციოს ელექტროსისტემის სადისპეტჩერო სამსახურმა", - ამბობს არველაძე და იქვე დასძენს, რომ დისპეტჩერიზაციას არავინ არაფერს ეკითხება.
"აფხაზები ყოველწლიურად ზრდიან ელექტროენერგიის მოხმარებას. უფრო სწრაფადაც კი, ვიდრე საქართველოს სხვა ტერიტორიები. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი 60%-საც წაიღებენ, თუკი ქართულმა მხარემ რამე არ იღონა. გამოსავალი პოლიტიკურად რთული გადასაწყვეტია, შეიძლება ამან სერიოზული შეხლა-შემოხლა გამოიწვიოს, მაგრამ შეიძლება შედეგს მივაღწიოთ", - ამბობს რეზო არველაძე და დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს.
დომხალი განაწილებაში
კიდევ ერთი ენერგეტიკოსი ანჭორ ჭითანავა, რომელიც აფხაზეთის რეგიონისთვის კვოტების განაწილების დომუმენტზე მუშაობდა ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მხარეები ინდივიდუალურად იღებენ. იგი აფხაზეთის რეგიონის უპირატეს მდგომარეობაში ყოფნას დაუშვებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ წლის ნებისმიერ პერიოდში კვოტები დადგენილი წესით უნდა გადანაწილდეს.
"მე არ მესმის, თუ რატომ უნდა წაიღოს ზამთარში უფრო მეტი ელექტროენერგია აფხაზეთმა, უფრო მეტი ეკონომიკა აქვს თუ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე საქართველოს სხვა ტერიტორიებზე. ეს არ შეიძლება. ალბათ რაღაც შეთანხმებაა, რომელიც იმ ინსტრუქციაში არ გვქონდა გათვალისწინებული. მისი კვოტა 40%-ია - დღიურად, თვიურად თუ სათობრივ რეჟიმში ეს ჩვენ არ გაგვითვალისწინებია, ამას დისპეტჩერები აკეთებენ.
ახლა რა გამოდის? პიკურ და ნახევრად პიკურ (ზამთარსა და გაზაფხულზე) პერიოდში უფრო მეტი იმპორტი შემოგვაქვს და წაგებული ვრჩებით. ეს ნორმალური არ არის. ელექტროენერგია უნდა ნაწილდებოდეს თანაბრად და არავითარი უპირატესობა რომელიმე მხარეს არ უნდა მიეცეს", - ამბობს ანზორ ჭითანავა.
"ენგურჰესის" 16-კილომეტრიანი გვირაბის ნახევარი აფხაზეთის ტერიტორიაზეა, თავისი აგრეგატებით, გამანაწილებელი მოწყობილობით, ქვესადგურით. გვირაბის მეორე ნახევარი და კაშხალი სამეგრელოს ტერიტორიაზეა. ელექტროსადგურის ოპერირება აფხაზეთის ტერიტორიიდან ხდება, თუმცა ასევე მკაცრი ოპერირების ქვეშაა მდინარე ენგურს აქეთ მყოფი კაშხალი - მისი დამუშავება, შევსება, დაცლა.
ჭითანავა ასევე აღნიშნავს, რომ 90-იან წლებში, როდესაც ქართულ მხარეს აფხაზეთთან ურთიერთობა დაეძაბა, შეიქმნა სპეციალური ფორმულა - დოკუმენტი, სადაც გაიწერა აფხაზეთსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებს შორის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების საკითხი. ფორმულა შემდეგ თეზისებს დაეფუძნა:
პირველი - ელექტროენერგია უნდა განაწილებულიყო ელექტროსადგურის ძირითადი ფონდების მიხედვით;
მეორე - მოსახლეობის რაოდენობისა და ელექტროენერგიის მოხმარების მიხედვით (მოხმარებაში იგულისხმებოდა მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა და ა.შ.);
მესამე - რომელი მხარე იყო რესურსის ძირითადი მფლობელი;
"რესურსის ძირითადი მფლობელი არის ქართული მხარე. წყალი არის ჩვენს ტერიტორიზე, აფხაზეთში წყლის ძალიან მცირე ოდენობა მონაწილეობს ჰესის გამომუშავებაში. ამ მიდგომით საქართველოს უნდა დარჩენოდა მთლიანი გამომუშავებული ელექტროენერგია, რასაც აფხაზები, ბუნებრივია, არ დაუშვებდნენ.
საბოლოოდ, ელექტროენერგიის განაწილება მოხდა ძირითადი ფონდების მიხედვით. ამ ფონდების, 60% არის სამეგრელოს ტერიტორიაზე, 40% - აფხაზეთის. შესაბამისად, დღემდე "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს აფხაზეთი უნდა იყენებდეს თანაბრად, 60%-ს დანარჩენი საქართველო", - განაცხადა ანზორ ჭითანავამ და დასძინა, რომ აფხაზებისთვის "ენგურჰესის" 40% თავზესაყრელი ელექტროენერგიაა.
"ენგური 100%-ით უზრუნველყოფს ამ ტერიტორიის ენერგომომარაგებას. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზებმა დაივიწყეს რა არის გაზი, შეშა, ნახშირი. ისინი მთლიანად დენზე არიან გადასულნი. მიუხედავად უხვი რესურსისა, მოძველებული გადამცემი ხაზების გამო, აფხაზეთის ელექტრომომარაგება ხშირად საფრთხის ქვეშაა. ამ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის დანაკარგი 50%-ს აჭარბებს", - ამბობს ჭითანავა.
ენერგეტიკოსების განცხადებით, ენგურჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას თანდათანობით შეამცირებს და ეს ბუნებრივი პროცესია. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წლის შემდეგ მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის დიდ ნაწილს სეპარატისტები წაიღებენ, საქართველო კი ამ უდიდესი ელექტროსადგურის გარეშე დარჩება.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, შარშანწინდელთან შედარებით, ენგურჰესის მიერ გენერირებულმა ენერგიამ 3,3 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, ანუ 274 მილიონი კვტ/სთ-ით ნაკლები 2013 წელთან შედარებით. ჰესის მიერ წარმოებული ენერგიის ვარდნა სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ქვეყანაში, ტრადიციულად, ელექტროენერგიის დეფიციტია და იმპორტი იზრდება ხოლმე.
ენგურის მიერ წარმოებული ენერგიის მოცულობის შემცირება 2014 წლის სექტემბრიდან აღინიშნება. ამ პერიოდში ელექტროსადგურმა 200 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, 125 მლნ-ით ნაკლები 2013 წლის სექტემბერთან შედარებით. ოქტომბერში ენგურის მიერ წარმოებული ენერგია 153 მილიონი კვტ/სთ იყო - 269 მილიონი კვტ/სთ-ით ნაკლები. ნოემბერში ენგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა მცირედით გაიზარდა (40 მილიონი კვტ/სთ-ით), დეკემბერში კი ისევ უკუსვლა დაფიქსირდა. ზამთრის პირველ თვეს ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია 35 მილიონი კვტ/სთ-ით შემცირდა. მთლიანობაში, შარშან შემოდგომაზე, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ენგურჰესიდან ქვეყნის ელექტროსისტემას 390 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია დააკლდა.