ბერძენ ამომრჩეველს 5 ივლისის რეფერენდუმზე უნდა გადაეწყვიტა, დაუჭერდა თუ არა მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვდნენ.
ევროზონის ლიდერების პოზიციაა, ათენმა გადასახადები გაზარდოს და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯები შეამციროს, რასაც ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება.
საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 61,3 პროცენტი წინააღმდეგია, საბერძნეთმა კრედიტორების მოთხოვნა შეასრულოს, 38,7 პროცენტი კი ამ მოთხოვნების შესრულების მომხრეა.
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთში შექმნილ ვითარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გარიცხავენ თუ არა ევროზონიდან საბერძნეთს, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამის პროგნოზირება უჭირს, თუმცა მიიჩნევს, რომ საბერძნეთში განვითარებულ მოვლენებს საქართველოზე გავლენა აუცილებლად ექნება.
"წინა წლის 5 თვის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები, დაახლოებით, 15-16 მილიონი დოლარის ფარგლებში დაგვაკლდა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ საბერძნეთის ეკონომიკაში უკვე საშუალოვადიანი უარყოფითი ტენდენცია გაჩნდა, იქ დასაქმებულ ადამიანებს სხვა სამსახურის შოვნა მოუწევთ, "რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება".
თქვენი აზრით, საბერძნეთის კრიზისმა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე და ევროპაზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ნებისმიერ სახელმწიფოში, სადაც ჩვენი თანამემამულეები ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო არიან წასულები და იქ კრიზისი შეიქმნა, რა თქმა უნდა, საქართველოზე დიდ გავლენას მოახდენს. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ამ შემთხვევაში სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებს და როგორმე თავს გაიტანენ.
ლაშა ჩხარტიშვილი (უფლებადამცველი): საბერძნეთის კრიზისის გავლენა საქართველოზე, რა თქმა უნდა, ნეგატიური იქნება. იმიტომ, რომ საქართველოში არსებული უმძიმესი ეკონომიკური პირობების გამო რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი ქართველი სწორედ საბერძნეთშია წასული.
ქართველები საბერძნეთს აფარებენ თავს და იქ ელემენტარულ სამუშაოს შოულობდნენ. აქედან გამომდინარე, გავლენა ცუდი იქნება. რაც შეეხება ევროპას - ევროკავშირის წინაშე სერიოზული ამოცანა დადგა, მათ საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): საბერძნეთის კრიზისმა მსოფლიოში გაბატონებულ ე.წ ბნელ ძალებს უჩვენა, რომ ამ ერს წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. საბერძნეთი პირველი მერცხალია მთელ ევროპაში, რომელმაც მსოფლიო საბანკო კაპიტალს ფაქტობრივად ომი გამოუცხადა და უთხრა, რომ ჩვენი თავი მხოლოდ ჩვენ უნდა გვეკუთვნოდესო. საერთაშორისო კრედიტორები ამ შემთხვევაში საბერძნეთის სახელმწიფოს ინტერესებზე შემომჯდარი წურბელები აღმოჩნდნენ.
საბერძნეთის კრიზისი, რა თქმა უნდა, ჩვენს ეკონომიკაზე და მის განვითარებაზე დიდ გავლენას მოახდენს იქედან გამომდინარე, რომ უამრავი ქართველი უბედობის გამო ამ ქვეყანაშია გადახვეწილი. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ევროპაზეც დიდ გავლენას მოახდენს. საბერძნეთმა ევროპას დაანახა, რომ მათ პოლიტიკა უნდა შეცვალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ე.წ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. დღეს საბერძნეთია, ხვალ ესპანეთი იქნება, შემდეგ პორტუგალია და ა.შ
იგორ კვესელავა პოლიტოლოგი): როგორც ცნობილია, საბერძნეთში ათიათასობით ქართველი საშოვარზეა წასული, რომლებიც საქართველოში გარკვეულ თანხებს აგზავნიან. ეს დაახლოებით რომ დავიანგარიშოთ, წელიწადში 40-50 მილიონ დოლარს მივიღებთ. ამიტომ ეს თანხა საქართველოს ერთბაშად თუ მოაკლდა, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.
სამწუხაროდ, ასეთი ვითარება სხვა ქვეყნებშიც შეიძლება შეიქმნას, სადაც ქართველები ბევრნი არიან, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასეთი ქვეყანა რუსეთიც აღმოჩნდეს. საბერძნეთში და რუსეთში ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში ჩვენ უმძიმეს სოციალურ მორევში აღმოვჩნდებით.
საბერძნეთს ვალი 60 მილიარდზე მეტი აქვს, რაც კატასტროფულად დიდი რაოდენობაა, ამდენი ვალი ჯერ არცერთ ქვეყანას არ ჰქონია. საქართველოს დაახლოებით 13-14 მილიარდამდე ვალი აქვს, წარმოიდგინეთ, რამხელა თანხაზე გვაქვს ლაპარაკი, როდესაც საბერძნეთის კრიზისზე ვსაუბრობთ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე