მოსაზრება
08.07.2015

პაატა კოღუაშვილი პროფესორი

საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული სოფლის მეურნეობის დახმარების ღონისძიებათა წარმატებით განხორციელება დიდად არის დამოკიდებული იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დადგენაზე, რომელიც უზრუნველყოფს ამ დახმარების უკუგების ყველაზე მაღალ ხარისხს. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად აფართოებს დახმარების პოტენციურ მიმღებთა წრეს. უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ფინანსური და ორგანიზაციული რესურსების მიზნობრივ მიმართვას და მეორე მხრივ, აუცილებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებას.

სამწუხაროდ, ისევე როგორც ყოველთვის, ახლაც არსებობს საშიშროება, რომ არასწორი მიდგომის შემთხვევაში გაწეული ფინანსური დახმარების შედეგები იქნება დაბალი ქმედითუნარიანობის მქონე ან სულაც უკუშედეგის მომტანი, როგორც ხდებოდა ბოლო ათწლეულში.

სწორედ ასეთ შეცდომასთან გვაქვს საქმე ე.წ. იაფი კრედიტის პროგრამასთან მიმართებაში, სადაც დაფინანსებული პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციულ ფორმებზე, ძირითადად, შპს-ებზე მოდის და მათ შორის არ არის არც ერთი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

კოოპერატივების მუშაობის სტილი მოქნილია და დღევანდელი მოთხოვნილების ადეკვატური. სახელმწიფოსათვის იგი წარმოადგენს ძლიერ და სანდო პარტნიორს სოფლად რთული ეკონომიკური და ორგანიზაციული პრობლემების მოგვარებისას. ამ მიზნის რეალიზაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიწის წვრილ მესაკუთრეთა ნებაყოფლობითი კოოპერაციული გაერთიანებების შექმნისა და მათი გადამმუშავებელ საწარმოებთან ინტეგრირების გზით. ასეთი სისტემის ფორმირებით გლეხებს მიეცემათ აგრონედლეულის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი საწარმოო ციკლის შექმნის შესაძლებლობა; პროდუქციის ღირებულება ყოველ სამეურნეო საფეხურზე გაიზრდება და აგრონედლეულის მწარმოებლები დაინტერესებულნი იქნებიან საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული მოგებით.

წარმოების ორგანიზაციული ფორმა უნდა იყოს იმდენად სრული, რომ ადგილს არ უტოვებდეს საწარმოო პროცესში სხვის (არაადგილობრივის) დიქტატს.

ამავე მოდელით უნდა ჩამოყალიბდეს სოფელ დარჩელის თხილის პროდუქციის მწარმოებელი კოოპერატივი (თხილის წარმოება, დასაწყობება, შრობა, დამტვრევა-ნაჭუჭისაგან გათავისუფლება, დაკალიბრება, მოხალვა, დაფქვა სხვადასხვა ფრაქციებად, ვაკუუმური შეფუთვა-დაფასოება და რეალიზაცია) და არა ისე, როგორც აქვთ გადაწყვეტილი (მხოლოდ თხილის წარმოება, დასაწყობება და შრობა). ეს არის შეკვეცილი, არასრულყოფილი (გამესამედებული) საწარმოო ციკლი, როდესაც მოგების უდიდესი ნაწილი ამ პროდუქციის შემსყიდველებს რჩებათ, რომლებიც თავად დააკალიბრებენ, მოხალავენ, დაფქვავენ სხვადასხვა ფრაქციებად, ვაკუუმურად შეფუთავენ-დააფასოებენ და გაყიდიან მას.

გლეხები, დაუცველი პოზიციების გამო, იძულებული იქნებიან დათანხმდნენ თხილის შესყიდვის შეთავაზებულ (დისკრიმინაციულ) ფასს, რაც ავტომატურად გამოიწვევს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მოტივაციის და ადგილზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის მოშლას და რაც მთავარია, სოფლად ცხოვრების გაუფასურებას. ჯამში: გლეხს შემოსავალი ან იგივე დარჩება, ან უმნიშვნელოდ გაეზრდება. კოოპერატივის წევრებს ხვედრით წილად მხოლოდ თხილის მოვლა-გაშენება და მოყვანა დარჩება, რაც საბოლოოდ საფრთხეს შექმნის იმისას, რომ გლეხი თხილის პლანტაციას გაყიდის და სოფლიდან აიყრება.

აგრარული სექტორის ფუნქციონირების ეკონომიკური ანალიზი ნათლად წარმოაჩენს ქართული სოფლისა და მისი მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას: გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილნი არიან მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის - შპს-ს სახით, მოგების გაზრდის მიზნით ახდენენ გლეხობისგან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვას რაც შეიძლება დაბალი ფასით. ისინი, პრაქტიკულად, გადაიქცნენ გადაულახავ ბარიერად გლეხობასა და თავისუფალ ბაზარს შორის. ინტერესთა აღნიშნული კონფლიქტი გამოწვეულია სასოფლო-სამეურნეო სისტემის არასწორი ორგანიზაციული მოწყობით. იგი გახდა საფუძველი სოფლებიდან მოსახლეობის გაძლიერებული მიგრაციისა და აგრარული წარმოების პარალიზებისა. ხდება გლეხის ექსპლოატაცია, რომელსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ გაისად ამ დროს ერთი ლარით უფრო მდიდარი იყოს, ვიდრე დღეს არის.

საქმე ეხება ათიათასობით წვრილ გლეხურ (ოჯახურ) მეურნეობას, რომლებსაც არც გამოცდილება და არც ფინანსური საშუალებები არ გააჩნიათ დამოუკიდებლად ფეხზე დადგომისათვის. სწორედ ასეთ ვითარებაშია სახელმწიფო ვალდებული, ქმედითი დახმარება გაუწიოს გლეხთა კოოპერაციულ გაერთიანებებს და იზრუნოს მათი ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ დაცლილ სოფლებს, რაც არ შედის ქვეყნის ინტერესებში.

შპს-ებისა და მოგებაზე ორიენტირებული სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების განვითარებას, რა თქმა უნდა, თავისი მნიშვნელოვანი ადგილი გააჩნია საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაგრამ როცა არსებობს აგროწარმოების განვითარების სხვა, უფრო ძლიერი სოციალური და ეკონომიკური მოტივები, მათი იგნორირება სერიოზულ მეთოდოლოგიურ შეცდომად უნდა ჩაითვალოს.

ქართულ სოფელში, დღეისათვის არსებული სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, სამეურნეო და სხვა მძიმე პრობლემების ფონზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის საშუალებით შესაძლებელია ორი ძირითადი საწყისის გაერთიანება: საკუთრების (რომელიც აძლევს მის მფლობელს არჩევანის თავისუფლებას) და მასშტაბური წარმოების განვითარების. საყურადღებოა ისიც, რომ აგროსამრეწველო ინტეგრაციისა და კოოპერაციის მრავალი წარმატებული მაგალითი გვიჩვენებს, რომ კოოპერაციული შრომის უკუგების ხარისხი გაცილებით მაღალია ინდივიდუალურ შრომასთან შედარებით.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განხორციელება გამიზნულია უშუალოდ სოფლად მცხოვრები ადამიანების და მთელი საზოგადოების სასიკეთოდ. აქედან გამომდინარე, არსებული რეალობის გათვალისწინებით, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და განვითარებული ქვეყნების მსგავსად იკისროს კოოპერაციის პროცესის წარმმართველისა და ხელშემწყობის ძირითადი ფუნქცია.

საქართველოს პარლამენტის მიერ "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" კანონის მიღებას დასაბამი უნდა მიეცეს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების ახლებური, ორგანიზაციული მოწყობისთვის, რაც პირდაპირ უნდა ასახულიყო მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. კანონის არასრულყოფილების გამო ეს ასე არ ხდება.

არ შეიძლება ყურადღების გარეშე დავტოვოთ კანონის ის ხარვეზები, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება კოოპერაციის პროცესზე. კერძოდ, კანონით არ ხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემოსავლების განაწილებისა და საპაიო ფონდის ფორმირების ძირითადი წესების განსაზღვრა, მოგებისა და ზარალის საკითხის რეგულირება.

"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" კანონმა არ გაითვალისწინა არანაირი ეკონომიკურ-ფინანსური მექანიზმი სახელმწიფოს მხრიდან კოოპერატივების ფინანსური ხელშეწყობის მიზნით, რაც უნდა განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტომ და რომელიც მიმართული უნდა იყოს მხოლოდ კოოპერატივებზე და არანაირ სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებზე. ფინანსური ხელშეწყობის გარეშე საქართველოში კოოპერატივების განვითარების სერიოზული პროცესის დაწყება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ეს პროცესი განსაკუთრებით პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება მთიან რაიონებში და ომით დაზარალებულ საზღვრისპირა სოფლებში, სადაც ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს მკვეთრად უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული პროცესები.

კანონით "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" არ ხდება კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობათა მარეგულირებელი ძირითადი წესების განსაზღვრა. ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომლის საშუალებით შესაძლებელია კოოპერატივმა შეინარჩუნოს მისი ძირითადი არსი, რაც განასხვავებს მას მოგებაზე ორიენტირებული სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისგან (შპს, სააქციო საზოგადოება და სხვ.). კოოპერატივის არსებობის მიზანშეწონილობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს არა საპაიო ფონდში შეტანილი ფულადი და სხვა სახის ქონებრივი სახსრები, რომელიც მეპაიეს აძლევს დივიდენდების მიღების საშუალებას, არამედ მისი წევრების შრომითი რესურსების კაპიტალიზაცია, სადაც დომინანტია შრომა, ხოლო მატერიალური რესურსების ერთადერთ დანიშნულებას არა საპაიო შენატანების პროპორციულად დივიდენდების მიღება, არამედ კოოპერატივის წევრთა შრომის უკუგების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

სწორედ ამ ორი კომპონენტის - შრომითი და მატერიალურის ორგანული შერწყმით (სადაც დომინანტია შრომა, ხოლო მატერიალური რესურსების ერთადერთი დანიშნულებაა - არა გაზრდილი დივიდენდების მიღება, არამედ კოოპერატივის წევრთა შრომის უკუგების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა), მიიღწევა მაღალი ეკონომიკური ეფეტიანობის, სოციალურ სოლიდარობაზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული სისტემის ფორმირება.

ევროპული ტიპის კოოპერატივების გამოცდილებიდან ყველაზე ნიშანდობლივია ის, რომ კოოპერატივის მოგება ნაწილდება არა საპაიო შენატანების, არამედ კოოპერატივის საერთო სამეურნეო ბრუნვაში მისი წევრების მონაწილეობის პროპორციულად. ამ მიმართულებით განვითარებული ყველა წარმატებული ქვეყანა ქმნის შესაბამის ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზას, რითაც ახდენენ კოოპერატივების შიდასაწარმოო ურთიერთობების რეგულირებას. საკანონმდებლო დონეზე ამ ურთიერთობებში განმსაზღვრელი უნდა იყოს შრომითი რესურსის ფაქტორი და მასზე მატერიალურმა კაპიტალმა, საპაიო შენატანების სახით, არ მოახდინოს დომინანტური ზეგავლენა.

რაც შეეხება საპაიო შენატანების შეუსაბამობას კოოპერატივის წევრების მონაწილეობასთან კოოპერატივის საერთო სამეურნეო ბრუნვაში, ამან ასახვა უნდა ჰპოვოს კოოპერატივის მოგების განაწილებაში. სწორედ ამისთვის არის განსაზღვრული ისეთი კატეგორიები, როგორიცაა აუცილებელი და დამატებითი საპაიო შენატანები და მათი რეგულირების წესები.

ასეთი ადმინისტრაციული რეგულაციების გარეშე კოოპერატივები ვერ უზრუნველყოფენ ყველაზე მთავარს - იყვნენ ორიენტირებულნი შრომითი რესურსის კაპიტალიზაციაზე, მის მაქსიმალურ უკუგებაზე და არა ფულადი და მატერიალური რესურსების დაბანდებით დივიდენდების მიღებაზე (შპს-ებისა და სხვა მომგებიანი საწარმოების მსგავსად).

ამ მიმართულებით ყველა წარმატებული ქვეყანა ქმნის შესაბამის ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზას, სადაც ისეთი ელემენტების შეტანით, როგორიცაა: საპაიო შენატანი, დამატებითი პაი, კოოპერაციული გადახდა, კოოპერატივის ასოცირებული წევრობა და სხვა. და სწორედ მათი მეშვეობით ახდენენ კოოპერატივების შიდა საწარმოო ურთიერთობების რეგულირებას უშუალოდ საკანონმდებლო დონეზე.

ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს განსხვავებული პრაქტიკაც: საკანონმდებლო დონეზე ხდება კანონის მიღება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ გამარტივებული წესით, რომელიც არ ახდენს კოოპერატივების შიდასაწარმოო ურთიერთობების რეგულირებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს საკითხი რეგულირდება ქვეყნის მთავრობის ან შესაბამისი სახელმწიფო უწყების ნორმატიული აქტით. უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ტიპური წესდების მიღება-დამტკიცებით.

სამწუხაროდ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ თავის დროზე ეს საკითხები არ მიიჩნია სათანადოდ მნიშვნელოვნად. ამიტომ რჩება ერთადერთი სწორი გამოსავალი: შევიდეს ცვლილებები კანონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ და ზემოაღნიშნულმა ნორმებმა ასახვა ჰპოვოს მასში.

აგრარულ სექტორში კოოპერაციის განვითარება სახელმწიფო რეფორმებისა და გარდაქმნების ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ კუთხით ადეკვატური ქმედითი ღონისძიებების გატარებისაგან თავის შეკავება აუცილებლად შექმნის სერიოზულ პრობლემებს, რაც ნეგატიურად აისახება მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უკვე გატარებული და გასატარებელი მასშტაბური ღონისძიებების ეფექტურობაზე და მოსალოდნელ სისტემურ-სინერგიულ ეფექტზე.

საქართველოს უდავოდ შეუძლია, კოოპერაციულ საწყისებზე მოახდინოს სოფლად მოსახლეობის სამეწარმეო აქტივობის მობილიზაცია და არა მარტო სოფლის მეურნეობის, არამედ მასთან ტექნიკურ-ტექნოლოგიურად დაკავშირებული დარგების სწრაფი რეაბილიტაციაც და შემდგომი განვითარებაც. სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული მეურნეობრიობის ახალი ფორმების დამკვიდრებას ავტომატურად მოსდევს სოფლის მოსახლეობის მასობრივი დასაქმება, მათი შემოსავლების მკვეთრი ზრდა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება, სოფლის, როგორც ტერიტორიული და სოციალური ერთეულის, კომპლექსური და დაჩქარებული განვითარება. ესაა ცნების - "ჯანსაღი საშუალო ფენა" - რეალური შინაარსი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×