საბერძნეთში საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმში ხალხმა ე.წ. "ტროიკას", სადაც შედიან ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მკაცრი "ქამრების შემოჭერაზე" უარი უთხრა, ხელისუფლება კი მზადაა ევროკავშირთან მოლაპარეკების განახლებისთვის.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ათენი გეგმავს, ვალის 30%-ის ჩამოჭრა მოითხოვოს. თუმცა, მისი მთავარი კრედიტორი გერმანია აცხადებს, რომ საბერძნეთისთვის ვალის უპირობო ჩამოწერა ევროს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. პარალელურად, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები აცხადებენ, რომ საბერძნეთის მთავრობასთან მოლაპარაკების კარი კვლავ ღიაა.
საბერძნეთი დეფოლტის საფრთხის წინაშეა, ვინაიდან მას საერთაშორისო კრედიტორების 331 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი მართებს. ბანკები ქვეყნის მასშტაბით ხუთშაბათამდე კვლავ დაკეტილი რჩება.
საბერძნეთის ულტრამემარცხენე ხელისუფლებისა და "ტროიკოს" დაპირისპირებაში რომელი მხარის პოზიცია მიგაჩნიათ უფრო სამართლიანად? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.
ვახტანგ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი): ვფიქრობ "ტროიკის" პოზიცია უფრო სწორია. როგორც ჩანს, ეს რეფორმები აუცილებელია იმიტომ, რომ საბერძნეთს ვალის გასტუმრების სხვა საშუალება უბრალოდ არ გააჩნია. რამდენად შორს წავა ეს რეფორმები ცოტა რთული საქმეა, მაგრამ რეალობა ეს არის.
გივი სიხარულიძე (მსახიობი): სამართლიანად მაინც საბერძნეთის მხარე მიმაჩნია იმიტომ, რომ როცა შენ თავზე იღებ ვალდებულებას და ქვეყანა შენს გუნდში შეგყავს, თავიდანვე უნდა გააკეთო ისე, რომ ამ კრიზისამდე ქვეყანა არ მიიყვანო. უყურეს, უყურეს და სანამ დასაქცევ მდგომარეობამდე არ მივიდნენ, იქამდე ყური არ შეიბერტყეს. ახლა როგორც ამ მდგომარეობამდე მიუშვეს ქვეყანა, ისე გამოუსწორონ მდგომარეობა.
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): ფულს ვინც გასესხებს, იმას ვალი რომ უნდა დაუბრუნო, ეს ძალიან მარტივია. თუ ვალის დაბრუნებაზე უარს ამბობ, აქ არანაირ ღირსებასთან და გმირობასთან საქმე არ გვაქვს. ვალის დაბრუნებაზე უარს იმ ორგანიზაციებს ეუბნები, რომელთაც ფული გასესხეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ფულს გასცემენ, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მართლები არიან.
ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი): სამართლიანობა არ არის ის პარამეტრი, რომლითაც პოლიტიკური მოვლენები იზომება. შეიძლება ადამიანი სამართლიანად იქცეოდეს, ანუ კანონებს იცავდეს, მაგრამ ძალიან ეშლებოდეს სხვა პარამეტრებში, რომელიც დაუწერელ კანონებსაც მოიცავს. დაწერილ კანონებთან მიმართებაში კრედიტორები აბსოლუტურად მართლები არიან, მაგრამ საზოგადოებათა ურთიერთობის დაუწერელ კანონთან მიმართებაში ისინი მართალნი არ არიან.
მათ კანონი აძლევს საშუალებას, რომ ზეწოლა მოახდინონ თავიანთ მოვალეებზე, რომლებიც ამ უკანასკნელის ჰუმანიტარულ ინტერესებს ლახავს, ამიტომ ბუნებრივია, რომ მსოფლიო სუბიექტურად ბერძნების მხარეზეა და არა დიდი ევროპის მხარეზე.
მიშა თავხელიძე (პოლიტოლოგი): საბერძნეთმა ისესხა ფული, ახლა უკან უნდა დააბრუნოს. სხვა რა პოზიცია შეიძლება დაფიქსირდეს? ღირსება აღუდგა საბერძნეთს და ფულის დაბრუნება ამიტომ აღარ უნდა და გერმანიის ხარჯზე ცხოვრება უნდა?
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე