ლიკა ამირაშვილი
09.07.2015

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს პოზიციაზე არგუმენტების წარდგენისათვის ვადად 2015 წლის 9 ოქტომბერი განუსაზღვრა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 8 ივლისს, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურად დაუდასტურა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე წლის 2 ივლისს ქართული მხარის მიერ წარდგენილი კომპენსაციის მოთხოვნის ამსახველი დოკუმენტის მიღება.

"როგორც სასამართლოს წერილიდან ირკვევა, საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი კომენტარებისათვის სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 8 ივლისს გადაუგზავნა სასამართლოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. საქართველოს პოზიციაზე შეპასუხების ვადად ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 2015 წლის 9 ოქტომბერი განუსაზღვრა", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ ფიქრობთ, სტრასბურგის სასამართლო შეძლებს რუსეთი აიძულოს, რომ კონპენსაცია გადაგვიხადოს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): სტრასბურგის სასამართლო შეძლებს თუ არა, რომ რუსეთს კონპენსაცია გადაახდევინოს, ძალიან მეეჭვება. რუსეთი ყოველთვის აკეთებდა იმას, რაც მას სურდა. მას ჰგონია, რომ ეს კანონია და აქედან გამომდინარე, არავინ არ იცის, გადაიხდის თუ არა.

 

 

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): რუსეთს სრულიად არაადეკვატური ხელმძღვანელობა ჰყავს, ამიტომ წინასწარ თქმა, შეასრულებს თუ არა, ძნელია. თუმცა ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ რაღაც კეთდება, თითქოს იმედიანად ხარ. თუმცა არ მგონია, რომ შეასრულოს.

საბერძნეთში რაც ახლა მოხდა, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ საქმეშიც რუსეთის ხელი ურევია. რუსეთმა ახლა თვალი საბერძნეთს დაადგა, ძალიან დიდი დამპყრობელია. ასე მონამორჩილად თავის კანტური მართლა არ შეიძლება.

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი):  რა თქმა უნდა, სულ ტყუილად გვაქვს იმედი, რომ სტრასბურგის სასამართლო რუსეთს რამეს აიძულებს. რუსეთს ვერავინ ვერაფერს ვერ აიძულებს, ყოველგვარი ზნეობისა და მორალის ჩარჩოებიდან სრულიად გასულია.

დღეს ვერც ევროპა და ამერიკა იმ ადგილას ვერ დგას, როგორც თუნდაც რეიგანის დროს იდგა. რუსეთის ასეთი თავხედობა ევროპისა და დასავლეთის ძალიან არასწორი და რბილი პოზიციითაა განპირობებული.

საქართველოს სერიოზულად არავინ არ აღიქვამს, ჩვენ პრობლემას არავისთვის არ წარმოვადგენთ. საქართველოს ხელმძღვანელობა უხერხემლო და უსუსურია, ასე რომ, არაფერი არ მოხდება. ჩვენს მთავრობას მხოლოდ თავის ქება და ოპონენეტების ლანძღვა შეუძლიათ.

ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება თავის ხალხზე არ ზრუნავს. წესით და კანონით, ჩვენი ხელისუფლება ახლა ხმამაღლა უნდა ყვიროდეს და თავისი დევნილი მოქალაქეების ინტერესებს იცავდეს, ხმის ამოღებას ევროპელებისგან არ უნდა ელოდოს.

 გოგი თორაძე (რეჟისორი): ვფიქრობ, სტრასბურგის სასამართლოს საკმაოდ სერიოზული ბერკეტები აქვს იმისათვის, რომ მათ ეს გადაახდევინონ. სატვირთო თვითმფრინავით დეპორტაცია ჩვენი ქვეყნის ღირსების შელახვა იყო. რუსეთმა შეურაცხყოფა მთელ ერს მიაყენა.

საქართველო რუსეთს უფრო ინტესიურად რატომ არ სთხოვს, ეს მიკვირს. სტრასბურგი უფრო ინტესიურად ითხოვს, ვიდრე საქართველო. ვფიქრობ, სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნა სამართლიანია, ამიტომ აუცილებლად უნდა შეასრულონ. ადამიანი ქვეყნიდან შეიძლება გაიყვანო ადამიანურად და არა ისე, როგორც მათ ეს გააკეთეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×