ლიკა ამირაშვილი
11.07.2015

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა უფროსმა გუშინ სასამართლო პროცესზე ექსპრემიერის გარდაცვალების დეტალებზე ისაუბრა და ის ფაქტები გაამხილა, რაზეც მანამდე, როგორც ამბობს, საკითხის დელიკატურობის გამო არ საუბრობდა.

"2005 წლის 2 თებერვალს, მივედი სამსახურში, შემდეგ წამოვედი. დაახლოებით ოთხის ნახევარი იქნებოდა დამირეკა ძაძამიამ და მითხრა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო. 10 წუთში გლდანიდან საბურთალოზე გავედი, მივედი იმ ბინაში, სახლში შესვლა ვერ მოვახერხე და გისოსებიდან შევედი. სავარძელზე იჯდა ზურა, ჩამოვიყვანეთ, პულსი გავუსინჯეთ, ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ, ადგილზე რაიმე ძალადობის ნიშანი არ შეინიშნებოდა.

"სურათი იყო ასეთი: უსუპოვი და ჟვანია ბინაში შიშვლები იყვნენ, ჩავაცვით, გავწმინდეთ, მოვიქეცით ისე, როგორც ნებისმიერი ადამიანი მოიქცეოდა. შემდეგ უსუპოვი მანქანაში ჩავსვით, თუმცა შემდეგ მივხვდით რომ აბსურდული იქნებოდა ზურა უცხო სახლში ასეთ მდგომარეობაში რომ ენახათ და უსუპოვი კვლავ შევიყვანეთ ბინაში," - განაცხადა კობა ხარშილაძემ.

ჟვანიას ახლობლებმა გუშინვე დაგმეს ეს განცხადება და მისი ავტორი სიცრუეში დაადანაშაულეს.

გჯერათ, თუ არა სასამართლოზე ზურაბ ხარშილაძის განცხადების? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 დოდო ხურცილაცა (თეატრმცოდნე): მართლა ასე რომ ყოფილიყო, წესიერი ხალხი ამას არ მოყვებოდა. ჩემი აზრით, სინამდვილეც რომ ყოფილიყო, არ უნდა მოეყოლა. მისი განცხადებების მე არ მჯერა. ამ ე.წ. სკანდალური ჩვენებით ცდილობენ მკვლელობის ნამდვილი მიზეზიდან ყურადღება გადაატანინონ. იმაზე კი არ ლაპარაკობენ, ვინ მოკლა და რატომ მოკლა, არამედ ნახეთ, რა საშინელება მოხდაო.

 

 

 გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): მჯერა, რატომ არ უნდა დავიჯერო. ამ ადამიანებს ბრალს აქეთ სდებენ, თავიანთ თავზე რატომ უნდა აიღონ, რატომ უნდა დაიბრალონ ის, რაც მათ არ ჩაუდენიათ?! როდესაც პრემიერ-მინისტრი გიბრძანებს, რომ მარტო ყოფნა უნდა, შენ რა უფლება გაქვს არ შეასრულო? ახლა ამათ აბრალებენ, რატომ მიატოვესო. ეს ძალიან ცუდი საქციელია. სიმართლე არ ვიცი, მაგრამ მათი მჯერა. აი, ის ვერ გავიგე, შიშვლები რატომ იყვნენ.

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): გასაგებია აქამდე რატომაც არ გამჟღავნდებოდა, ეს ადამიანები შეიძლება შიშის ქვეშ იყვნენ და ამიტომაც ხმას არ იღებდნენ. თუმცა ის, რომ ჟვანიას მკვლელობა ამდაგვარ მოვლენებთან იყო დაკავშირებული, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. უბრალოდ აუცილებელი ფაქტები და მოწმეები საჭირო იყო.

რაც შეეხება თვითონ ამ პროცესს. შეგიძლიათ ნანუკა ხაზარაძეს ჰკითხოთ, ზურაბ ჟვანიას მკველობიდან რამდენიმე თვით ადრე მის გადაცემაში პირდაპირ ეთერში აღვნიშნე, რომ ზამთარში ზურაბ ჟვანიას სახლს სასიკვდილო ხიფათი ელოდა. მე მასთან ვცდილობდი შეხვედრას, მაგრამ ვერ შევხვდი და საფრთხის შესახებ ვერ გავაფრთხილე.

 

 ლაშა ჩხარტიშვილი (დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებელი): მე მგონი ამის არავის არ სჯერა, იმიტომ რომ ან რატომ უნდა გაეყვანათ ან რატომ უნდა დაებრუნებინათ, თავისთავად ეს ყველაფერი აბსურდია. ესაა ბინძური პროვოკაცია.

ამ ვერსიას ორი მიზანი აქვს - ერთია დისკრედიტაციის მცდელობა, რაც აქამდე ასე ღიად შეურაცხყოფამდე არ მისულა, თუმცა ამაზე ყველა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიანიშნებდა. მეორე მიზანი კი ეს არის მათი მოქმედებების გამართლების მცდელობა, იმიტომ რომ როგორც ჩანს გამოძიებას ახალი დეტალები აქვს, სადაც ადამიანების გადაადგილება ფიქსირდება. ამით ამ გადაადგილების გამართლებას ცდილობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×