ლიკა ამირაშვილი
13.07.2015

გუშინ 9 საათზე სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დაიწყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ბილეთების რეალიზაციასთან დაკავშირებით კვლავ პრობლემები გაჩნდა. გუშინ უკმაყოფილო გულშემატკივრებმა ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქციაც კი გამართეს.

ფეხბურთის ფედერაციასთან მობილიზებული იყო პოლიცია, ასევე დადგეს სპეციალური უსაფრთხოების ჯებირები და აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, დაბრუნებულიყვნენ რიგში და ბილეთები რიგის საშუალებით შეეძინათ.

უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.

რატომ ვერ მოხერხდა ამ თითქოსდა რუტინული პროცედურის ჯეროვნად ჩატარება? უნდა აგოს ვინმემ პასუხი და თუ კი, მაშინ ვინ? - ამ კითხვებით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): რა თქმა აუნდა, ბილეთების გაყიდვაზე ვინც არის პასუხისმგებელი, პასუხიც მან უნდა აგოს. თავიდანვე ყველაფერი ხომ პუნქტების მიხედვითაა გაწერილი. ეს მხარე თუ ხედავს, რომ ამ პუნქტებიდან რომელიმეს ვერ შეასრულებს, მაშინ უარი უნდა თქვას. მეორე, ყველაფერს პიარის გულისთვის აკეთებენ. ძალიან აღშფოთებლი ვარ. ჩემი ოჯახის წევრები კი არ მიდიან, მაგრამ უბრალოდ ასეთი რამ სირცხვილია. ბილეთების გაყიდვის თავი თუ არ აქვთ, მაშინ თავიანთ თავზე არ უნდა აეღოთ. ბოლოს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რომელიმე რგოლმა კი არ გააფუჭა, არამედ ზემოდანაა უყურადღებობა და მოუმზადებლობა.

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): რა თქმა უნდა, პირველ რიგში პასუხისმგებელი ფეხბურთის ფედერაციაა, რომელიც ვეჭვობ, რომ ძალიან დიდ მაფიოზურ გარიგებაშია გარეული, იქიდან გამომდინარე, რომ წარმოუდგენელია ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ასეთი რაღაც ხდებოდეს.

ბოლოსდაბოლოს რა გახდა ამ ხალხის მოშორება, ვინც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშია წლების განმავლობაში მოკალათებული. ქართული ფეხბურთი ფაქტობრივად შეჭამეს და გაანადგურეს. ესენი ხალხის ნერვებზე თამაშობენ და ხელისუფლებას თუ თავი აქვს, ეს ხალხი უნდა დასაჯოს.

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ფეხბურთის მოყვარულები უკვე ჭკუაზე აღარ არაინ. ხალხი ღამეებს ათენებს იქ და ყველაფრის ასე არევ-დარევა არ შეიძლება. ადრეც ყოფილა ასეთი აჟიოტაჟი, მაგრამ ადრე სპეკულაციები იყო. ახლა უნდათ, რომ ეს სპეკულაციები მოისპოს, მაგრამ ხომ ხედავთ მეორე უკიდურესობაში გადავვარდით. მგონია, რომ სამართლებირივ მხარესთან გვაქვს საქმე. გარედან შეფასება ძალიან ძნელია, ამიტომ კანონით ბილეთების გაყიდვა ვისაც ეკუთვნოდა, პასუხიც მან უნდა აგოს.

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): დეტალები ნამდვილად არ ვიცი, ჩახედული არ ვარ და წარმოდგენა არ მაქვს, სინამდვილეში რა ხდება. უბრალოდ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე გაოგნებული ვარ - ბილეთების გაყიდვაზე ამხელა აჟიოტაჟის შექმნა როგორ შეიძლებოდა. რატომღც მგონია, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემებია და რეალობასთან კავშირი ამას არა აქვს. როგორ შეიძლება ბილეთების გაყიდვა 21 საუკუნეში პრობლემა გახდეს. არ ვიცი, ჩემთვის გაუგებარია, საქმეში ჩახედული არ ვარ, უბრალოდ მგონია, რომ ეს შემთხვევითი მოვლენა არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×