ანუ საჭიროა თუ არა არასამთავრობო სექტორი ექსტრემალური სიტუაციებისთვის
მოსაზრება
13.07.2015

ეს ვერ შევაგნებინეთ ნაცებს. ჯერ კიდევ არ გვისმენს "ოცნებაც". ბიძინა, იქნებ შენ მაინც მოგესმინა და ერთად გვემოქმედა.

ჩვენ მოგვიანებით ვეხებით ამ თემას, რადგან ზოგიერთებივით სიყალბე და ფარისევლობა არ გამოგვსვლოდა გაპიარების მიზნით. ეს ერთი და მეორე, დიდ გულისტკივილს გამოვთქვამთ, რადგან ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლებების დიდი დამსახურებით ჩვენ, თავად უდიდეს სიღატაკეში ჩავარდნილი ომის ვეტერანები ვერ ვეხმარებით სტიქიით დაზარალებულებს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა ჩვენს ინიციატივას "სტიქიით დაზარალებულთა ფონდის შესაქმნელად." (თურმე საჭირო კი ყოფილა).

13 ივნისი რომ უდიდესი ტრაგედიაა, ეს მხოლოდ ერთი მხარეა მედლის, რადგან 13 ივნისმა თვალნათლივ წარმოაჩინა სამაშველო სამსახურის არასათანადო აღჭურვილობა ასეთი სიტუაციებისთვის, რადგან თავად მაშველები ალალბედზე, ყოვლად დაუცველები, დიდი რისკის ქვეშ მოქმედებდნენ სხვების დასახმარებლად, რამაც სამწუხაროდ მაშველის მსხვერპლიც გამოიწვია.

13 ივნისმა ასევე თვალნათლივ დაგვანახა არასამთავრობო სექტორის აუცილებლობა მსგავს სიტუაციებში მოქმედებისათვის, რაზედაც დღეს ალაპარაკდა ხელისუფლება, მაგრამ ჯერ მხოლოდ ალაპარაკდა. ხელისუფლებები კი ლაპარაკს იწყებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ხალხის დახმარება სჭირდებათ. ისიც მხოლოდ უანგაროდ. იყენებენ და შემდეგ ივიწყებენ ხალხსაც და დაპირებებსაც.

ჩვენ ამის აუცილებლობას მივხვდით ჯერ კიდევ 10 წლის წინ და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა 2005 წელს ჩვენი ორგანიზაცია, რაც დაფიქსირებულია წესდებაში. ვახდენთ ციტირებას: კავშირის მიზნები და ამოცანები: პ.2.2. "საჭიროების შემთხვევაში აქტიურად მოხდეს ჩართვა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ასევე საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის და კეთილდღეობისათვის გამიზნულ აქტებში და სამაშველო სამუშაოებში, რისთვისაც შესაძლებელია საჭირო იყოს "თავდადება". ორგანიზაციის სახელწოდებაც აქედან გამომდინარეობს."

ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა მივიჩნიეთ იმის გამო, რომ მიგვაჩნია აუცილებლობად სარეზერვო ბატალიონების არსებობაც და სამაშველო არასამთავრობო სექტორის აუცილებლობაც. მათი რეგულარული გადამზადების აუცილებლობაც და რაც მთავარია, ჩვენსავით, ომის ვეტერანებივით არა გამოყენება და მოსროლა ტუალეტის ქაღალდივით, არამედ ზრუნვა მათ დასაქმებაზე, რაც შეუძლებელია მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ შესაძლებელია არასამთავრობო სექტორის და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით. ამ საკითხზე უნდა თანამშრომლობდეს ჩვენთან ცენტრალური ხელისუფლებაც, პარლამენტიც, თავდაცვის სამინისტრო/ეროვნული გვარდია, ვეტერანთა და სამაშველო სახელმწიფო სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლება.

ამ საკითხის გადაწყვეტას დიდხანს ვცდილობდით, მაგრამ ვერ შევაგნებინეთ ვერც მაშინდელ გუბერნატორ გოგა ხაჩიძეს (ისტერიკებშიც კი ჩავარდა) და ვერც ცენტრალურ ხელისუფლებას. მაშინდელი გვარდიის სარდალი აკაკი ბობოხიძე კი მიგვიხვდა ჩანაფიქრს და გადაწყვიტა ექსპერიმენტის სახით მოგვხმარებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, "ზემოთ კისერში წოუთაქეს" და მიყუჩდა კიდეც კაკო "წამომხტარი ზეზე არა, ლაფში ამოსვრილი ლომივით."

მივმართავთ დღევანდელ ხელისუფლებას: ნურც ველოსიპედს გამოიგონებთ თავიდან. ნურც მიყუჩდებით კაკოსავით. მოგვისმინეთ და ერთად გავაკეთოთ ქვეყნისთვის და ხალხისთვის საჭირო საქმე.

მივმართავთ ასევე ქართულ ტელევიზიებს: ათასგვარ სისულელეს რომ გვიჩვენებთ და აპიარებთ, მოდით და ერთად ვიმსჯელოთ ამ და სხვა ქვეყნისთვის საჭირო საკითხებზე. დაგვიკავშირდით ტ: 599 93 07 93

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×