საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით გუშინ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, საგარეო საქმეთა და შს სამინისტროების წარმომადგენლები დიპლომატებს დეტალურად მიაწვდიან ინფორმაციას, იმის თაობაზე, თუ რა ხდება ახლა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. საგარეო უწყება გმობს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას და მოითხოვს, რუსეთის ფედერაციამ აღნიშნული ქმედება შეწყვიტოს, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ამ ნაბიჯს სათანადო შეფასება მისცეს.
"ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს და ძალას, იმისთვის, რომ რუსეთის ეს პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს და მას სათანადო გაჟღერება და რეაგირება ჰქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობიდან", - განაცხადა დავით კერესელიძემ.
მისი თქმით, ამ მიზნით უკვე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან, ასევე ეს საკითხი უმკაცრესად დაისმება გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს და სხვა ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში.
10 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღიმართა. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი.
თქვენი აზრით, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ რუსეთის მცოცავი ანექსიის შესაჩერებლად? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გია ბუღაძე (ფერმწერი): რუსეთის მიერ ტერიტორიის გადმოწევა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშნელოვანი საკითხია. ჩემი აზრით, რუსეთის ქმედებას არანაირი დათმობის პოლიტიკა არ უშველის. ვფიქრობ, აგრესიული და ძალიან ხმაურიანი საერთაშორისო პოლიტიკა სჭირდება. იმიტომ, რომ როგორც კი ცოტას დაუყვავებ, ის კიდევ უფრო გააქტიურდება.
არ გამოვრიცხავ, რომ სამხედრო გზა და ასევე თბილისისა და დასავლეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტოს. სწორად თუ მახსოვს, ძირითად ტრასამდე 300 მეტრიღა დარჩა, ალბათ ამასაც გადაკეტავს. ასე თუ გაგრძელდა, მაშინ ალტერნატიული გზები სხვაგან უნდა მოვძებნოთ? რეალურად ხელისუფლება აგრესიულად აქტიური უნდა იყოს. აქამდე რაც არ გაუკეთებია, ახლა ათმაგი უნდა გააკეთოს, ასმაგი თუ არა.
ნელი კობიაშვილი (ჟურნალისტი): ვფიქრობ, საქართველომ უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს. საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან ხმამაღალი განაცხადი უნდა გაკეთდეს. პარლამენტმა განსაკუთრებული დადგენილება უნდა გამოიტანოს. პროტესტის გამოხატვა რა ფორმითაც შეიძლება, უნდა გამოვხატოთ. ქვეყანაში რა რესურსებიც არსებობს, როგორც შიდა, ასევე ქვეყნის გარეთ, უნდა გამოვიყენოთ. რეაგირება სასწრაფოდ უნდა მოხდეს.
საქართველომ უნდა აღნიშნოს, რომ ყველაზე მეტად ეს უბრალო ხალხი იჩაგრება. მოსახლეობას საძოვრები და სასფლაოები გადაუკეტეს, საკუთარ სახლთან ვერ მიდიან. ეს ყველაფერი უნდა ითქვას, რომ საქმე ადამიანის უფლებების დარღვევასთან გვაქვს, რომელსაც ძალიან დესპოტური გზით ახორციელებენ.
რა ამბავი ატყდა უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენთან დაკავშირებით ერთი ომი იყო, ისიც რუსეთს შერჩა. როგორც ჩანს, რუსები საზღვარს კიდევ უფრო გადმოწევენ, კიდევ რა გეგმები აქვთ, კაცმა არ იცის. ამიტომ ვფიქრობ, კატეგორიული განცხადებები უნდა გაკეთდეს.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): საქართველო რუსეთის მიმართ ვერავითარ ძალისმიერ ქმედებებს ვერ ჩაატარებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავჩუმდეთ. საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობაში რუსეთის ყოველი მოქმედება უნდა დააფიქსიროს.
საეთაშორისო თანამეგობრობას უნდა გავაგებინოთ, რომ ქართველი ხალხი რუსეთის ქმედებებს არ შეურიგდება. თუმცა ეს ყველაფერი ლანძღვითა და გინებით არ უნდა მოხდეს. ჩვენ აუცილებლად დიპლომატიური განცხადებები უნდა გავაკეთოთ. ქვეყნებს უნდა გავაცნოთ ის, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებებს ახორციელებს.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): პირველ რიგში უნდა მოგახსენოთ, რომ აი ამ რთულ ვითარებაში ყველაზე არსებითი ის არის, რომ საზოგადოების ყველა წევრმა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკური პარტია და რომელი სოციალური ფენის წარმომადგენელი იქნება, ყველამ ერთსულოვნად უნდა დაგმოს ეს მოვლენა.
მსოფლიოს მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ ქართველი ერი ამას არ შეეგუება.
მეორე ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად არსებითი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მნიშვნელოვანია, რომ ამ ურთულეს ეპოქაში აშკარად გათავხედებულ ქვეყანასთან მარტო არ დავრჩეთ. მთავარია, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად კოორდინირებულად ვიმოქმედოთ. სხვა არაფერი არ შეგვიძლია. ახლა იარაღი რომ ავიღოთ, რუსეთსაც ეს უნდა და თბილისამდეც მოვა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე