ლიკა ამირაშვილი
15.07.2015

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანში და წითელ უბანში საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.

საზღვრის გადმოწევის შედეგად ბევრმა აბაშიძე-კარასანის ფორმატი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ფორმატმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა, რაზეც ზურაბ აბაშიძე არ ეთანხმება.

"ამ ფორმატმა რომელ ნაწილში ვერ გაამართლა?! სატრანსპორტო კომუნიკაციები არ აღდგა, რუსულ ბაზარზე ექსპორტი არ აღდგა, თუ საგზაო ტრანსპორტის გადაზიდვები ვერ მოგვარდა?! თუ ჰუმანიტარულ საკითხებს ვერ ვაგვარებთ, მხედველობაში მაქვს, ჩვენი მოქალაქეები ჯაშუშობის ბრალდებით რომ დააკავეს.

"რატომ აქვთ ეს განცდა, რომ ეს ფორმატი ვერაფერს ვერ აგვარებს? ამ ფორმატს რაც ევალება, ჩვენ იმას ვაკეთებთ. რაც შეეხება გორში საზღვრის გადმოწევას, ამ საკითხს მთელი სიმწვავით წინ წამოვწევთ და ამაზე მძიმე საუბარი გვექნება," - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

როგორ ფიქრობთ, უნდა გაუქმდეს თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 გოგი თორაძე (რეჟისორი): აბაშიძე-კარასინის ფორმატის შედეგი ნულია. ვფიქრობ, ეს საერთაშორისო საზოგადოების თვალის ახვევის მცდელობაა, იმისათვის, რომ სალაპარაკო ჰქონდეთ, ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთო. ახლა რაც ხდება, ჩვენი ღირსების შელახვაა.

 

 

 

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): პირადად ჩემთვის ეს ფორმატი თავიდანვე გაუგებარი იყო. ვფიქრობ, ამ ფორმატს არანაირი შედეგი არა აქვს. მდგომარეობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო უარესდება, რუსეთი საოკუპაციო ზონის გადმოწევას განაგრძობს, ამიტომ ამ ფორმატის არსებობას საერთოდ არანაირი აზრი არა აქვს.

 

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ეს ფორმატი კი არ უნდა გაუქმდეს, არამედ უნდა გაიზარდოს და გაღრმავდეს. საბოლოო ჯამში კი ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვაზე უნდა გადავიდეს, მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. სახელმწიფო სტრუქტურებმა იმისთვის, რომ მეზობელს დაელაპარაკონ, პოლიტიკური ხერხები უნდა მოძებნონ.

 

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): ვფიქრობ, რეალურად ამ ფორმატმა შედეგი ვერ მოგვცა. საუბარი ვაჭრობის საკითხის მოგვარებაზე იყო, მაგრამ მგონია, რომ ეს ფორმატი რეალურს არაფერს არ აკეთებს. ამ ფორმატს ნომინალურად შეიძლება რაღაც აზრი აქვს. თუმცა შეიძლება მის უკან უფრო მეტი საფრთხე იმალებოდეს. ვფიქრობ, ფორმატი თუ გაუქმდება, ქართული პოლიტიკისთვის დანაკლისი ნამდვილად არ იქნება.

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ფორმატი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკებაზე საერთოდ უარის თქმა სწორად არ მიმაჩნია. ამ საქმეში აბაშიძე გამოცდილი კაცია, ხელისუფლება რასაც ავალებს, იმას აკეთებს, ამიტომ ვფიქრობ, დავალებები უნდა შეიცვალოს, სხვა მითითებებია საჭირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×