პარლამენტში უკან არ დაიხევს, კანონპროექტსაც დაამტკიცებს და ვეტოსაც დაძლევს
ელზა წიკლაური
17.07.2015

 საბანკო ზედამხედველობის სამსახური დამოუკიდებელ სტრუქტურად ძალიან მალე ჩამოყალიბდება. გუშინ პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გათვალისწინებულია.

ზედამხედველობის სამსახურის სებ-იდან გამოყოფას უარყოფითად აფასებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ ამით ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტება მოხდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი კი თვლის, რომ "საბანკო ზედამხედველობის გამოტანით გამოწვეული გაურკვევლობის ფონზე, შესაძლოა, ბანკებს კაპიტალიზაციის პრობლემები შეექმნთ".

დეპუტატების თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი უკვე რამდენიმე კვირაა დავის საგანია. ოპოზიცია ამბობს, რომ მას მხარს არ დაუჭერს. გარკვეული შენიშვნა აქვთ არასამთავრობოებს და უცხოურ ორგანიზაციებს. გიორგი მარგველაშვილის აპარატში კი აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს. სამაგიეროდ, უმრავლესობა ირწმუნება, რომ კანონსაც მიიღებენ და პრეზიდენტის ვეტოსაც დაძლევენ.

გუშინ პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენით უპრობლემოდ მიიღო. კენჭისყრამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამეტმა ის შენიშვნები გაითვალისწინა, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს ჰქონდათ.

"მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტმა მეორე მოსმენით მუშაობა წინა ხუთშაბათს დაასრულა, ჩვენ კიდევ რამდენიმე დღით გადავდეთ ამ საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა, რათა ყველას საშუალება ჰქონოდა გარკვეულიყო საკითხში. მხედველობაში გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციები. ამ დღეებში სავალუტო ფონდთან ინტენსიური კონსულტაციები გაიმართა და მათი შენიშვნების უდიდესი ნაწილი ასახულია კანონპროექტში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"თივის ზვინზე მჯდომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელიც ცელქი ბავშვივით ზის და ხელში ასანთი უჭირავს, ამ ასანთს ვართმევთ", - ეს განცხადება კი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა პროექტის განხილვისას გააკეთა. დეპუტატს არც ის დაუმალავს, რომ ზვინიდან ის თავის დროზე ოპოზიციის მიერ მრავალჯერ გალანძღულმა ბიძინა ივანიშვილმა არ ჩამოსვა.

მეჭიაური დარწმუნებულია, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ეროვნული ბანკის საქმიანობა უფრო გამჭირვალე გახდება და მეტი ნდობითაც აღიჭურვება. დაგეგმილი ცვლილებები კი უზრუნველყოფს იმას, რომ მიღებული იყოს არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ სახელმწიფოს ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება.

"ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში ფუნდამენტურ და ლოგიკურ წინააღმდეგობას ხედავს.

"ერთგან წერია, რომ ეროვნული ბანკი და ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, ხოლო მეორეგან წერია, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და არც ერთ სხვა ორგანოს არ ემორჩილება. როგორ თავსდება ეს ერთმანეთთან? ხომ შეიძლება აქ დაპირისპირება მივიღოთ?

ჩვენი ფინანსური სისტემა მყიფეა, ამბობთ, რომ მასზე გარეშე ფაქტორები ზემოქმედებს. გვქონდა ცენტრალიზებული, მუშა ფინანსური სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ფინანსურ, მონეტარულ სტაბილურობას იმ მღელვარე ოკეანეში, რომელიც ჩვენ ირგვლივაა, ძალიან გამოუცდელი, თოთო სახელმწიფო ინტიტუტებით", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ზედამხედველობის სამსახურის ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებას აკრიტიკებს თავად სებ-ის პრეზიდენტი. გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტება მნიშვნელოვანი საფრთხე იქნება მთლიანად ეკონომიკისთვის.

"ჩვენი პოზიცია საბანკო ზედამხედველობის გამოყოფასთან დაკავშირებით არის ცალსახად ნეგატიური. ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. თვითონ კანონმდებლობის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ კანონმდებლობის მიზანი არის პოლიტიკური კონტროლის დაწესება საბანკო სექტორზე. რა საფრთხეებს შეიცავს პოლიტიკური კონტროლის დაწესება საბანკო სექტორზე, ამისთვის შორის წასვლა არ არის საჭირო, შეგვიძლია რეგიონის სხვა ქვეყნებში წავიდეთ და ვნახოთ, თუ რა მდგომარეობაა იქ, სადაც ეროვნული ბანკი არის სუსტი და არ არის დამოუკიდებელი. ის კანონმდებლობა, რასაც დღეს განიხილავენ და რაშიც ძალიან ბევრი ენერგია იხარჯება, არის დიდი საფრთხის შემცველი", - განაცხადა ქადაგიძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი კი "მაესტროსთან" საუბრისას აცხადებს, რომ "საბანკო ზედამხედველობის გამოტანით გამოწვეული გაურკვევლობის ფონზე, შესაძლოა, ბანკებს კაპიტალიზაციის პრობლემები შეექმნათ". ის კვლავ ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას ეროვნული ბანკის კონტროლქვეშ დატოვოს საბანკო ზედამხედველობა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მოდელის არჩევა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა.

სადიკოვი განმარტავს თუ რატომ შეიძლება ბანკებს კაპიტალიზაციის პრობლემა შეექმნათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ჯამური მაჩვენებლები დღეს საკმაოდ მაღალია.

"რადგანაც ბოლო ერთი წლის განმალობაში აშშ დოლარათან მიმართებაში ლარი 30%-ით გაუფასურდა, რადგან გაცემული სეხების 60-65% აშშ დოლარშია, არის რისკი, რომ ბანკების სასესხო პორტფელის ხარისხი გაუარესდეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივად, ბანკების კაპიტალიზაცია მაღალია, შესაძლოა, ზოგიერთ ბანკს დასჭირდეს დამატებითი კაპიტალი. საბანკო ზედამხედველობის გატანით გამოწვეულ გაურკვევლობის ფონზე, ზოგიერთმა ინვესტორმა, შესაძლოა, გადადოს თანხის ჩადება ბანკში, რაც ბანკებისთვის კაპიტალის მოზიდვას გაართულებს", - განმარტა სადიკოვმა და აღნიშნა, რომ თუ ეს ასე მოხდა, ბანკებს საბალანსო მონაცემების გასამყარებლად მოუწევთ ეკონომიკის დაკრედიტების შეზღუდვა, რაც თავის მხრივ გავლენას იქონიებს 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე.

მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ზედამხედველობის ხარისხი არ გაუარესდეს და ზედამხედველობა კვლავაც იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენისგან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×