წლის დასაწყისიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა 2 მილიარდამდე ლარის ერთდღიანი რეფინანსირების სესხი გასცა
ელზა წიკლაური
21.07.2015

 ეროვნული ბანკი ახალი მეთოდით ცდილობს ლარის კურსზე გავლენა მოახდინოს. სებ-ი ბოლო რამდენიმე კვირაა ერთდღიან რეფინანსირების სესხებს ინტენსიურად გასცემს. მარტო 15 ივლისს 1 მლრდ 120 მლნ ლარის რეფინანსირების სესხი გაიცა. აქედან, 700 მლნ აუქციონის სესხი იყო, 80 მლნ - მუდმივმოქმედი, ხოლო 340 მლნ კი - ერთდღიანი. ასეთივე ერთდღიანი სესხი გასცა სებ-მა 14 ივლისსაც (75 მლნ ლარის მოცულობის). შედეგად, ძლივს ცოტათი გამყარებული ლარი იმ დღეებში ისევ გაუფასურდა. სპეციალისტების ამბობენ, რომ დევალვაციის დროს ერთდღიანი სესხები ლარის კურსზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი რეფინანსირების სესხები 2008 წლის სექტემბრიდან აამოქმედა. მისი მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა. მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხების პრაქტიკა სებ-მა 2010 წლის აპრილიდან დაამკვიდრა. მისი საშუალებით კომერციულ ბანკებს საშუალება აქვთ მიიღონ სესხი გარანტირებულად, აუქციონის გარეშე.

რაც შეეხება "ერთდღიან სესხებს", ის გაიცემა კომერციულ ბანკებზე შესაბამისი უზრუნველყოფის საფუძველზე. მისი უზრუნველყოფისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, საერთაშორისო საბანკო გარანტიები და ბანკების სასესხო აქტივები. სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვა ხდება საანგარიშსწორებო დღის დახურვამდე.

"ერთდღიან სესხზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება როგორც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს პლუს ერთნახევარი პროცენტული პუნქტი. ერთდღიანი სესხების ინსტრუმენტებით დაწესდა საპროცენტო განაკვეთის სამპროცენტიანი დერეფანი ბანკთაშორის ბაზარზე, რაც ხელს უწყობს ბანკთაშორისი ბაზრის საპროცენტო განაკვეთის მერყეობის შემცირებას", - აღნიშნულია სებ-ის ვებ-გვერდზე.

ერდღიანი რეფინანსირების სესხების გაცემის სიხშირით წლევანდელი წელი განსაკუთრებით გამოირჩევა. სებ-ის ოფიციალური სტატისტიკით, წელს, იანვრიდან 17 ივლისის ჩათვლით, ერთდღიანი სესხი სულ 25-ჯერ გაიცა, ჯამში 1 მლრდ 965 მლნ ლარის ოდენობის (მართალია, ეს თანხა მეორე დღესვე ბრუნდება, მაგრამ, საერთო ჯამში, მისი მოცულობა საკმაოდ დიდია). წლეულს ერთდღიანი სესხის ყველაზე მცირე რაოდენობა (3 მლნ ლარი) 22 იავნისს გაიცა, ყველაზე ბევრი - 340 მლნ ლარი კი - 15 ივლისს.

რაც შეეხება 2014 წელს, შარშან მთელი წლის განმავლობაში ერთდღიანი რეფინანსირების სესხი სებ-მა მხოლოდ ოთხჯერ გამოიტანა და ისიც სულ 94 მლნ ლარის ოდენობით.

წინა კვირას სებ-მა ერთდღიანი სესხი ორჯერ გასცა, პირველად 14 ივლისს - 75 მლნ ლარი, მეორედ კი 15 ივლისს - 340 მლნ ლარი. სწორედ იმ პერიოდში ძლივს გამყარებული ლარი ისევ გაუფასურდა. 15 ივლისს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 2,2619 ლარამდე გაუფასურდა, 17 ივლისს კი კურსი 2,2711-მდე დაეცა. 15 ივლისს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ასეთი დიდი რაოდენობის, 340 მლნ ლარის ერთდღიანი სესხი მიაწოდა.

ლარის მოულოდნელი გაუფასურება ერდღიანი რეფინანსირების სესხის გაცემით ახსნა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა.

"ბოლო სამი დღის განმავლობაში არის ლარის კურსის გაუფასურების მცდელობა. ეს იმ პერიოდში, როცა სხვადასხვა მიზეზების გათვალისწინებით ლარი უნდა მყარდებოდეს, მაგრამ ამ ფონზე ერთდღიანი სესხები იზრდება - ორი დღის წინ 75-მილიონი გაიცა, შემდეგ 340-მილიონი, რასაც 380-მილიონი ერთკვირიანი რეფინანსირების სესხი დაემატა.

ეს იწვევს ეჭვს, რომ სურთ, ერთი მხრივ, დახატონ სურათი თითქოს მთავრობა არის უნიათო და რა გადაწყვეტილებასაც ჩვენ ვიღებთ, ლარის კურსის დევალვაციას იწვევს. შემდეგ ეს ხალხი ამხედრდება და უნიათო ხელისუფლების გადაყენებას მოითხოვს. დაელოდებიან ფოთთან ბორანს და ბორნიდან თეთრი ცხენით ან თეთრი ველოსიპედით ტრიუმფით თბილისში ხალხის მხადაჭერილი მეგობარი ქვეყნის გუბერნატორი შემოვა", - განაცხადა მეჭიაურმა წინა კვირას პარლამენტის სხდომაზე.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს, რომ რეფინანსირების, მათ შორის, ერთდღიანი სესხები არის მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტის შესავსებად. თუმცა, მათი მოცულობა განუწყვეტლივ იზრდება, ანუ, პრაქტიკულად, მოკლევადიანი რესურსი იქცა გრძელვადიანად.

"ერთდღიანი სესხების საჭიროება, ჩემი აზრით, აიხსნება იგივე მიზეზით, რა მიზეზიც და რა არგუმენტებიც რეფინანსირების სესხების შემთხვევაში იყო და არის, ეს მიზეზია - ლიკვიდობის დეფიციტი. რეფინანსირების სესხებისგან განსხვავებით, მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხი არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე 1 პროცენტული პუნქტით ძვირი, ხოლო ერთდღიანი სესხი 1,5 პროცენტული პუნქტით ძვირი. ეს ნიშნავს, რომ გარდა რეფინანსირების სესხებისა, რომელსაც ბანკები აუქციონის მექანიზმით იღებენ, მათ უღირთ უფრო ძვირად დამატებითი ძვირიანი რესურსის აღება (ანუ რეფინანსირების სესხების მოცულობის მიღმა).

რეალურად ეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა. შედეგად თუ წლის დასაწყისისთვის ბანკთაშორის ფულად ბაზარზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი იყო 4%, დღეს 6.2-6.5%-ის ფარგლებშია.

რაც შეეხება ამ სესხების ზეგავლენას ლარზე, რა თქმა უნდა, მას ნეგატიური გავლენა აქვს, მით უმეტეს დევალვაციის პერიოდში. ჩვენ ვიცით, რომ ეს სესხები არის მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტის შესავსებად, მაგრამ რეფინანსირების სესხების მოცულობა თვეებია უკვე იზრდება, ანუ, პრაქტიკულად, მოკლევადიანი რესურსი იქცა გრძელვადიანად. ბანკი იზიდავს რესურსებს და შემდგომ სესხად გასცემს, ამ პროცესში ლიკვიდობის 1 მლრდ ლარიანი დეფიციტი არ მიმაჩნია ნორმალურ მოვლენად. სებ-ი კი კომერციულ ბანკებს ანებივრებს, აწვდის საჭირო რესურსს და შედეგად, ბანკები ნაკლებად ზრუნავენ ლიკვიდობის მართვაზე", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ეკონომისტი "ბიზნეს-რეზონანსთან" სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ბანკების მოთხოვნა ყოველთვის აჭარბებს მიწოდებას. ისინი მზად არიან უფრო მეტი გაასესხონ სახელმწიფოზე და ასეთ ვითარებაში ლიკვიდობის დეფიციტზე საუბარი აბსურდად მიაჩნია.

"ბანკები გულუხვად გასცემენ სესხებს, ვინაიდან იციან, რომ დეფიციტს ეროვნული ბანკი შეუვსებს. შედეგად სარგებელს ნახულობენ ბანკები, ლარზე წნეხი კი იზრდება. წინა კვირას ლარის გაუფასურების ერთი-ერთი სერიოზული მიზეზი შეიძლება სწორედ ეს ერთდღიანი სესხები ყოფილიყო. როგორც უკვე ვთქვი, ეს ახდენს ლარზე დაწოლას. რეალურად კი, ბანკებმა უნდა მართონ თავიანთი ფულადი მასა უკეთესად და სებ-ისგან ამხელა მხრადაჭერა არ უნდა სჭირდებოდეთ", - დასძინა ჭიჭინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×