"საქართველოს ენერგეტიკას მაფიოზები მართავენ", - აცხადებენ ენერგეტიკოსები და განმარტავენ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის საფეხურეობრივი ტარიფი საერთოდ უნდა გაუქმდეს. რეალური გათვლებით კი, 1 კვტ/სთ-ს ღირებულება მაქსიმუმ 12-13 თეთრია.
რამდენიმე დღეში რაიონის მოსახლეობა 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში 3,95 თეთრით მეტს გადაიხდის. წლის ბოლომდე ელექტროენერგია გაძვირდება დედაქალაქსა და კახეთის რეგიონში. "თელასმა" და კახეთის ენერგოდისტრიბუციამ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდის მოთხოვნით სემეკში განაცხადი უკვე შეიტანა. ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" დაპირებამ ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით სულ რაღაც 2 წელიწადში ჩაილურის წყალი" დალია.
გაძვირების შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მცირე და საშუალო ბიზნესმენები ჩავარდებიან, ვინაიდან მათ ელექტროენერგიაში გაცილებით მეტი თანხის გადახდა მოუწევთ, ვიდრე წინ ხელისუფლების დროს იხდიდნენ. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების სათავეში მოსულმა "ქართულმა ოცნებამ", 2013 წლის გადაწყვეტილებით მესამე საფეხურზე არსებული 17-თეთრიანი ტარიფის შემცირება საჭიროდა არ ჩათვალა და მაშინ ყველაზე მეტად მეწარმეები დაიჩაგრნენ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ტარიფი არ გაიაფებულა, დღეს გაძვირების ტალღა მათაც შეეხო.
მთავრობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო და ისინი "დამოუკიდებელი" ორგანიზაციის საქმიანობაში არ ერევიან. ენერგეტიკოსი მირონ ფირცხელანი კი აღნიშნავს, რომ სემეკი მხოლოდ ნოტარიუსის როლის შემსრულებელია და გადაწყვეტილებას ენერგოკომპანიების ლობისტები სწორედ მთავრობაში იღებენ.
ამის საილუსტრაციოდ საკმარისია გავიხსენოთ წინა გამოცდილება. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კომპანიებს ელექტროენერგიის ტარფებს პირდაპირ მემორანდუმებით ისე უწერდნენ, რომ სემეკს არაფერს ეკითხებოდნენ. 2012 წელს გადასახადის განახევრების პირობით მოსულმა "ქართულმა ოცნებამ" სემეკის გვერდის ავლით შეაგროვა ენერგეტიკოსები, შექმნა კომისია, დაადგინა ახალი ტარიფი და ენერგეტიკის სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილება შემდეგ სემეკს გააფორმებინა.
ამჯერად მთავრობა ხელებს სემეკისკენ იშვერს და ამბობს, რომ ტარიფების განსაზღვრაში თავად თურმე არ ერევა. მარეგულირებელ კომისიას კანონით ტარიფების გაზრდის მოთხოვნით "ენერგო პროს" განაცხადის განხილვის ვადა 10 სექტემბრამდე ჰქონდა. საზოგადობის ნაწილი დაჩქარებულ გადაწყვეტილებას ორი მიზეზით ხსნის. ერთია ის, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე დღეში "ახალგაზრდული ოლიმპიადა" იღებდა სტარტს და მოსახლეობის ყურადღება სპორტულ შეჯიბრზე გადაერთვებოდა. ამასთან, ცოტა ხანში სემეკმა კომისიაში ახალი წევრები უნდა დაიმატოს და გადაწყვეტილების მიღება განახლებულ შემადგენლობამდე უფრო უპრიანი იქნებოდა.
როგორც საყოველთაოდ ცნობილია, სემეკმა ტარიფის 4 თეთრით გაზრდა ლარის დევალვაციით ახსნა, ანუ კომპანიებს თბოსადგურების მიერ გენერირებული და იმპორტირებული ელექტროენერგია გაუძვირდათ. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დეკემბრიდან მოყოლებული, საშუალოდ, 30%-ით გაუფასურდა, სწორედ 30%-ით გაძვირდა დენი. ამ დროს ელექტროენერგიის მთლიან მოხმარებაში თბოსადგურების მიერ წარმოებული და იმპორტირებული დენის წილი 25%-ია, დანარჩენი კი იაფიან ჰიდრორესურსებზე მოდის.
ენერგეტიკოსის მირონ ფირცხელანის გათვლებით, არსებული მონოპოლიური ბაზრის პირობებში ელექტროენერგიის მთლიანი ტარიფი მაქსიმუმ 13 თეთრი უნდა იყოს, ხოლო თუკი ბაზარი თავისუფალი და კონკურენტული იქნება, მომხმარებლისთვის დენის საფასური 10 თეთრს არ გასცდება.
"ჰიდროელექტროსადგურების ტარიფი მაქსიმუმ 3-3,5 თეთრია, დისპეჩერიზაცია-გადაცემის ტარიფი - 1 თეთრი, ხოლო გამანაწილებელი კომპანიების ტარიფი 7 თეთრზე მეტი არაფრით არ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის ღირებულება 13 თეთრზე მეტი არაფრით გამოდის, მაგრამ ამას ასეთი მარჩიელობით ვერავინ მიიღებს. თუკი ბაზარი იქნება თავისუფალი და კონკურენტული, ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფი 10 თეთრზე მეტი არ იქნება, მაგრამ ამას ხელოვნურად ბლოკავენ", - ამბობს ფირცხელანი.
მისი აზრით, ყველაზე დიდი ხარვეზი, რომელიც სატარიფო კომპონენტების განაწილებას ახლავს, შემდეგია: განვითარებულ ქვეყნებში, ტარიფში გენერაციის წილი 60-68%-ია, განაწილებლის წილი - 11-14%. საქართველოში კი პირიქითაა - ტარიფში განაწილების კომპონენტს 70%-მდე უკავია, ხოლო დანარჩენი 15% გენერაციასა და ელექტროგადაცემა-ლისპეჩერიზაციზე მოდის.
ფირცხელანი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ენერგოსისტემა კერძო კომპანიების ზემოგებაზეა მორგებული. მაგალითად, არასდროს დამდგარა საკითხი გაზრდილიყო სახელმწიფო კომპანიის "ენგურჰესის" მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ღირებულება, რომელიც 1,18 თეთრია, ასევე ტარიფში მხოლოდ მცირედით გაიზარდა გადაცემა-დისპეჩერიზაციის წილი, რომელსაც სახელმწიფო კომპანიები აკონტროლებენ. თითქმის მთლიანი ტარიფი კერძო კომპანიების მოგებას ემსახურება იმ მოტივით, რომ ისინი ქსელში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ, სინამდვილეში კი საინვესტიციო ვალდებულებები არც ერთ კომპანიას არ შეუსრულებია.
"ეს მანკიერი სტრუქტურა, რომელიც ენერგეტიკაში არსებობს, ძირითადად, კერძო კაპიტალზე ზრუნავს და მიმართულია მონოპოლიური კომპანიების ტარიფის გაზრდაზე, სახელმწიფო კი თავის თავს ხელოვნურად ჩაგრავს. ამას ხელს უწყობენ ის მოხელეები, რომლებიც ენერგოსექტორს კერძო კომპანიების ინტერესებთან ერთად განაგებენ. შესაბამისად, რამდენად სამართლიანი სატარიფო პოლიტიკა არსებობს, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდვია", - ამბობს მირონ ფირცხელანი და აღნიშნავს, როდესაც საუბარია ერთ კომპონენტზე (ლარის გაუფასურების გამო თბოსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გაძვირებაზე), მაშინ სემეკმა დეტალურად უნდა ისაუბროს სხვა კომპონენტებზეც. მაგალითად, შესრულდა თუ არა ის საინვესტიციო ვალდეუბლებები, რომლებიც კომპანიებმა იკისრეს.
"მიმდინარეობს კი ქსელში არსებული სისტემის გაჯანსაღების მიზნით ინვესტიციების ჩადება? ტარდება მხოლოდ მიმდინარე რემონტები, მაგრამ არა სრულყოფილი რეაბილიტაცია. აქედან გამომდინარე, ტარიფი კომპანიებისთვის არათუ უნდა გაიზარდოს, არამედ უნდა შემცირდეს.
იგივე შემიძლია ვთქვა "თელასზე". ამერიკული "ეიესი" ინვესტიციებს რეალურად ახორციელებდა, დღევანდელი კომპანია კი მხოლოდ სარემონტო სამუშაოების ჩატარებით შემოიფარგლება. აქედან გამომდინარე, კითხვაზე - დაცულია თუ არა სამართლიანი პრინციპები, ვამბობ - არა!
შეიძლება ვინმემ ისიც თქვას, რომ "თქვენ არ გინდოდათ "ხუდონჰესისა" და "ნამახვანჰესის" აშენება და ეს ყველაფერი ამის შედეგიაო. ესეც ტყუილია, ვინაიდან ასეთი დიდი ელექტროსადგურების მშენებლობას 10 წელი სჭირდება. ჩვენ ვამბობთ, რომ განვავითაროთ საშუალო და მცირე ენერგეტიკა, რომელსაც მაქსიმუმ 3 წელი სჭიდება. ამ შემთხვევაში დღეს ჭარბი ენერგია გვექნებოდა", - განმარტავს ფირცხელანი.
საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრ თემურ ჭიჭინაძის გათვლით, ელექტროენერგიის ტარიფი, საშუალოდ, 12 თეთრი უნდა იყოს. იგი ხაზს უსვამს, რომ სემეკში ინფორმაციის ნაწილი საჯარო არ არის, ამიტომ სპეციალისტებს ზუსტი გაანგარიშების გაკეთება უჭირთ.
"რეალურ ტარიფზე საუბარი ცოტა ძნელია, ვინაიდან სემეკს ბევრი ინფორმაცია დამალული აქვს. შემიძლია ერთი რამ ვთქვა: საფეხურებრივი ტარიფის განსაზღვრა თავიდანვე არასწორი იყო. როდესაც მეორე და მესამე საფეხურებზე გადასახადი 4 თეთრით იზრდება, ეს მომხმარებელს ძალიან მძიმედ დააწვება. ამხელა საფასურის გადახდას მოსახლეობის მცირე ნაწილი თუ შეძლებს", - ამბობს თემურ ჭიჭინაძე და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ტარიფის გაზრდა არასწორი გადაწყვეტილება იყო.
მისი ინფორმაციით, ენერგოკომპანიებს ბოლო წლებში საკმაოდ დიდი მოგება ჰქონდათ, შესაბამისად, თუ ერთ ნაწილში (თბოსადგურები, იმპორტი) შეუმცირდათ მოგება, მეორე ნაწილში საკმაოდ გაეზარდა, რის ხარჯზეც ამ შემცირებული შემოსავლის გადაფარვა შეიძლებოდა. ერთი სიტყვით, გამანაწილებელი კომპანიის წმინდა მოგება საკმაოდ დიდია და სემეკს გადაწყვეტილების მიღებისას ეს ფაქტი უნდა გაეთვალისწინებინა.
"სჯობდა, წელი დასრულებულიყო, გამოჩენილიყო, რა ფინანსური შედეგი ექნებოდა კომპანიას და გადაწყვეტილება შემდეგ მიეღოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სემეკში ყველა საკითხი არ არის გამჭვირვალე, ზუსტ ინფორმაციას ვერ ვიღებთ. დამალული ციფრები კი ზუსტი ანალიზის გაკეთებაში ხელს გვიშლის", - ამბობს თემურ ჭიჭინაძე და დასძენს, რომ ენერგოკომპანიებს დღემდე ლობირებენ ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე მათ სასათბურე პირობები შეუქმნეს.
"ეს იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომლის ბიზნეს პარტნიორიც დღევანდელი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გახლდათ. მოკლედ, სერიოზული ენერგომაფიაა, ეს არ არის უბრალო საქმე. ამიტომაც ამ პროცესებს ვერავინ ერევა, გრძელდება ძველი სიტუაცია", - ამბობს ჭიჭინაძე.
კიდევ ერთი ენერგეტიკოსის მურმან მარგველაშვილისთვის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი აზრით, ყველა პროდუქტი ძვირდება და შესაბამისად, ელექტროენერგიაც უნდა გაძვირებულიყო.
"ეს ტარიფი 2006 წელს დადგინდა, მას შემდეგ ყველა საქონელი დაახლოებით 58%-ით გაძვირდა, ენერგეტიკას კი ეს არ შეხებია. 2013 წელს ისედაც შემცირებული ტარიფი კიდევ უფრო შეამცირეს. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ამდენი წლის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფი მიჰყვა სხვა დანარჩენ პროდუქტსაც და გაძვირდა", - აცხადებს მარგველაშვილი.
ენერგეტიკოსების ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ქვეყანას საკმაოდ იაფიანი ჰიდრორესურსები აქვს, შესაბამისად, ტარიფი გაცილებით დაბალი უნდა იყოს. ახალ სატარიფო გადაწყვეტილებას სოციალური უკმაყოფილება მოჰყვება. სექტემბერში ფართომასშტაბიანი აქციების გამართვა უკვე დააანონსა "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ. იგი მიიჩნევს, რომ მთავრობამ უსამართლო, დაუსაბუთებელი, კორუფციულად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით, რასაც მოსახლეობა არ შეურიგდება.