უცხოური ვალუტის სიჭარბის ფონზე ლარის გაუფასურება დაიწყო
მაკა ხარაზიშვილი
29.07.2015

 საქართველოში ტურისტების ბუმია. ამ ფონზე ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ უფასურდება. შესაბამისად, ჩნდება საშიშროება, რომ შემოდგომის მიწურულს კურსი ისევ "გაიქცევა". ეკონომიკის მინისტრი ასეთ საფრთხეს ვერ ხედავს და ლარის გაუფასურებას მსოფლიოში ნავთობის გაიაფებას აბრალებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიზეზად - "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს ასახელებს. ეკონომისტთა ნაწილი ლარის უკან სვლაში სებ-ის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ბრალეულობას ამჩნევს.

29 ივლისის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულებამ 2,2646 ლარს მიაღწია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიმოქცევაში არსებული ლარის მასა მკვეთრად გაიზარდა და ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზეა - 2,471 მილიარდი ლარი. მთავრობაში გვარწმუნებდნენ, რომ ტურისტული სეზონის გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა გამყარებას დაიწყებდა, თუმცა ეს პროცესი ძალიან იგვიანებს.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამტკიცებს, რომ დღეს ლარის კურსი სტაბილურია და რყევა არ აღინიშნება. მისთვის არც ის არის გასაკვირი, რომ ეროვნული ვალუტა ვერაფრით გამყარდა. "ის, რომ ლარის კურსი არ გამყარდა წინა ნიშნულამდე, გასაკვირი არ არის, რადგან ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტა გაუფასურებულია და საერთო ჯამში, მიდის დოლარის გამყარება. ვხედავთ, მსოფლიოში რა ტენდენციაც არის და იგივეა ჩვენს რეგიონშიც", - აღნიშნა გიორგი კვირიკავშვილმა და დასძინა, რომ ნავთობის გაიაფება ვალუტების მდგრადობაზე უარყოფითად მოქმედებს.

"ნავთობის ფასი ისევ დაბალ დონეზე რჩება, რაც თავისთავად იწვევს ქვეყნებში საინვესტიციო მადის დაბალ დონეზე შენარჩუნებას. ნავთობის სიიაფე პირდაპირ აისახება ყველაფერ ამაზე. აქედან გამომდინარე, ის, რომ დღეს გვაქვს 2.25-ის ფარგლებში კურსი, ჩემთვის პირადად გასაკვირი არ არის", - განმარტა კვირიკაშვილმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის გაუფასურებას პარლამენტის მიერ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების დამტკიცებას აბრალებას. იგი აღნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობა არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

"ეს კანონი ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. მისი ამ ფორმით მიღება არ შეიძლება. ეს არის ეროვნული ბანკის პოზიცია და არა მარტო ეროვნული ბანკის. არც ერთი თავმოყვარე ეკონომისტი დადებითად არ აფასებს ამ პროექტს", - განაცხადა ქადაგიძემ. სხვათა შორის, კომერციულ ბანკებში, სადაც "თავმოყვარე ეკონომისტობაზე" აქვთ პრეტენზია, ეს კანონი დადებითად შეაფასეს.

სებ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ლარის კურსის მერყეობაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ მიმართული "დაუღალავი კამპანია" და მუდმივი შეტევა რეფინანსირების განაკვეთზე, რომელსაც, მისი მტკიცებით, არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს ლარის კურსთან.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა კი ლარის კურსის "გაფუჭებას" პირდაპირ ეროვნულ ბანკს აბრალებას და აღნიშნავს, რომ მისი პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნულ ვალუტას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. დუნდუა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ რეფინანსირების სესხების მოცულობის უსასრულო ზრდას ასახელებს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ დღეს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეფინანსირების სესხების მოცულობა ძალიან მაღალია - 1,07 მილიარდი ლარი. ასევე საგრძობლად დიდია ეროვნული ბანკის მიმართ კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება - 700 მილიონი ლარი.

"მაგალითად, 2014 წელს კომერციულ ბანკებს სებ-ის დაახლეობით 70 მილიონი ლარი ემართათ. ხოლო 2013 წელს პირიქით 600 მილიონი ლარი იყო ეროვნული ბანკის დავალიანება კომერციული ბანკების მიმართ. ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რომელიც წინა წლებში მიმოქცევიდან ფულის მასის ამოღებას და ლარის სტაბილიზაციას ემსახურებოდა, ახლა რადიკალურად არის შეცვლილი.

როდესაც რეფინანსირების სესხების მოცულობა იზრდება, ბუნებრივია, ეს კურსზე უარყოფითად მოქმედებს და ეროვნულ ვალუტას გამყარების საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, სადეპოზიტო სერტიფიკატები შემცირებულია 400 მილიონიდან 380 მილიონამდე, ანუ 20 მილიონის მიწოდება აქედან მოხდა", - ამბობს მიხეილ დუნდუა.

მისი თქმით, კურსის გასამყარებლად ყველა საიმედო პირობები, რომელიც ტურისტების ზრდასა და ოლიმპიადის ჩატარებას უკავშირდებოდა, ეროვნული ბანკის მხრიდან ზომაგადაცილებული რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდით განეიტრალებულია.

"მას თუნდაც 2015 წლის იანვრის დონეზე რომ შეენარჩუნებინა რეფინანსირების სესხების მოცულობა, ეს კურსი გაცილებით დაბალანსებული და ხელსაყრელი იქნებოდა. მას შემდეგ, რაც დადებითი პროცესები დაიწყო, ქადაგიძე გადავიდა კონტრშეტევაზე", - აცხადებს დუნდუა.

"რეზონანსი": გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ რეფინანსირების სესხები კურსზე გავლენას არ ახდენს. ყველაფრის მიზეზი სებ-ზე "შეტევა" და "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შესული ცვლილებებია.

მიხეილ დუნდუა: კომერციულმა ბანკებმა, ბანკების ასოციაციის სახით დაადასტურეს და ხაზი გაუსვეს, რომ ეს კანონი არის უკეთესი, წინგადადგმული ნაბიჯი. ბანკები აღნიშნულ პროცესს მოწონებით ხვდებიან და ქადაგიძე კი მათ ნაცვლად საპირისპიროს ამბობს. საბანკო სექტორს თუ მოსწონს ეს კანონი, სებ-ი მას რატომღა უფრთხის? ქადაგიძის კომენტარი აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას.

ეკონომისტი რამაზ გერლიანი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასევე ეროვნული ბანკის პოლიტიკას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ტურიზმიდან ქვეყანაში უცხოური ვალუტა კი შემოვიდა, მაგრამ სებ-მა ერთმანეთის მიყოლებით რეფინანსირების სესხების (მათ შორის, ერთდღიანის) რეკორდული რაოდენობა გამოუშვა.

"მიმდინარე თვეში სებ-მა კოლოსალური რაოდენობის სესხები გასცა. რამდენჯერმე დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი. ერთდღიან რეფინანსირების სესხებს აქვს მყისიერი ეფექტი, მუდმივმოქმედ სესხებს კი ნელი ქმედების ეფექტი. ის, რომ ივლისში შემოსული უცხოური ვალუტის ნაკადი საკმარისი არ არის, ამას გამოვრიცხავ, ვინაიდან თუნდაც ოლიმპიადის გამო საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა შემოვიდა. ამიტომ მთავარი მიზეზი არის ისევ და ისევ ეროვნული ბანკის პოლიტიკა. როგორც ვატყობ, მისი პრეზიდენტი ეიფორიაშია და ამ პროცესებს თავდაცვის მექანიზმადაც კი იყენებს. ქადაგიძის განცხადებები გასცდა მისი კომპეტენციის ფარგლებს და წმინდა პოლიტიკური სახე მიიღო. ეს ფსიქოლოგიურადაც კი ახდენს გავლენას ლარზე", - ამბობს რამაზ გერლიანი.

მისი აზრით, ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან ერთად, თვის ბოლოს შეინიშნება ლარის გაუფასურება, ვინაიდან ფიზიკური და იურიდიული პირები ფინანსურ ვალდებულებებს იხდიან (რომელიც დიდწილად დოლარშია) - ეს არის ქირა, იჯარა და სხვა. ამას ყველაფერს ემატება საგარეო ფაქტორები და ქვეყნის ეკონომიკის მდორედ განვითარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×