ლიკა ამირაშვილი
30.07.2015

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ არსებობს არავითარი ნორმა, რომელიც გარე ტემპერატურის დროს სამუშაოებს კრძალავს ან აჩერებს.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პროფკავშირების მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც 32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს.

"გაიჟღერა პროფკავშირების განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, თუ რა პირობებში არ უნდა იმუშაონ ადამიანებმა. ამასთან დაკავშირებით მინდა ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებით არ არსებობს არავითარი ნორმა, რომელიც სხვადასხვა გარე ტემპერატურის დროს კრძალავდეს ან აჩერებდეს სამსახურებს.

"საქართველოში არსებობს მთავრობის დადგენილება, რომელის მიხედვითაც დამსაქმებლებს ევალებათ, რომ დასაქმებულებს შეუქმნან სამუშაო პირობების კომფორტული რეჟიმი", - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მაღალი რისკჯგუფების წარმომადგენლებს სპეციალისტები რეკომენდაციებს აძლევენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ბევრი სითხის მიღებისა და დიდი ხნის განმავლობაში მზეზე ყოფნისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

თქვენი აზრით, მაღალი ტემპერატურის დროს სამუშაო საათები უნდა შეიზღუდოს, თუ არა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გოგი თორაძე (რეჟისორი): ქვეყნაში სამსახური ისედაც შეზღუდული არ არის? 85 პროცენტი ისედაც არ მუშაობს და შეზღუდული არ არის? მე მგონი, ქვეყანაში სამსახური მხოლოდ მეოთხედს აქვს. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებში ასეა, რომ მაღალი ტემპერატურის დროს სამუშაო საათებს ამცირებენ, თუმცა ჩვენთან ვის უნდა შეუზღუდონ?

 

 

 

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): ვინც შუადღისით მუშაობს, კარგი იქნება გარკვეულ ანგარიშს თუ გაუწევენ. მაგალითად, მშენებლებს, რომელთაც მუშაობა მზის გულზე უწევთ. როგორც მე ვიცი, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომ მაღალი ტემპერატურის დროს სამუშაო საათები იზღუდება, ამიტომ ანგარიში უნდა გაუწიონ.

თუმცა ადამიანი თუ კონდიციონერის ქვეშ მუშაობს, მათ შეზღუდვა რაღად უნდათ? ქვეყანაში ისედაც ამხელა ეკონომიკური კრიზისია და ყველა სამსახური რომ შეწყდეს, ნამეტანი იქნება. სამუშაო საათები თუ შეიზღუდება, მგონია, რომ არჩევით უნდა მოხდეს.

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): საბჭოთა პერიოდშიც კი ასეთი პრაქტიკა იყო, რომ ტემპერატურა 40 გრადუსამდე თუ მიაღწევდა, სამუშაოები უნდა შეწყვეტილიყო. მაღალი ტემპერატურის დროს ადამიანისთვის მუშაობა შეუძლებელი ხდება, ასევე ამან შეიძლება ჯანმრთელობის გართულება გამოიწვიოს.

აქედან გამომდინარე, ასეთი შეზღუდვები მაშინაც კი არსებობდა. ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ასეა, მაღალი ტემპერატურის დროს, სიცხის ან სიცივის დროს ზღვრული ნორმა არსებობს, რომლის გადაჭარბების შემდეგ მუშაობა იკრძალება.

 

 ნუგზარ კვაშალი (მომღერალი):  კომუნისტების დროს ასეთი კანონი იყო. როდესაც სიცხე 41 გრადუსს გადაცდებოდა, სწავლაც და მუშაობაც აბსოლუტურად აკრძალული იყო. ახლა ნახევარი საქართველო უმუშევარია და რა უნდა დაიკეტოს, ვინ არ უნდა იმუშაოს? ბანკებმა თუ მთავრობამ? მაგრამ მაგათ სამსახურებში ისეთი ტემპერატურაა, რომ სამუშაოს შესრულებაში ხელი არც ეშლებათ.

თუმცა ვინც ყანაში, მინდორში და მდელოზე მუშაობს, ცოდოები არიან. ამასთან ესენი ახალგაზრდებიც არ არიან. მაგრამ მათ რომ არ იმუშაონ, საჭმელს ვინ აჭმევს?

კომუნისტების დროს სიცხისას მუშაობა არ შეიძლებოდა, თუმცა კომუნისტები ტემპერატურასაც იტყუებოდნენ, აკლებდნენ. იმიტომ, რომ სამსახურის შეწყვეტის შემთხვევაში კომპენსაციას უხდიდნენ.

ჩემი აზრით, ვინც მუშაობს, ყველანაირი სიცხისა და ყინვის მიუხედავად მუშაობა უნდა გააგრძელოს იმიტომ, რომ დღეს სამუშაო ძალიან დიდი ფუფუნებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×