საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ყადაღა დაედო სამაუწყებლო კომპანის მფლობელთა წილებსაც.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ტელეკომპანიის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო, თუმცა არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა "რუსთავი 2"-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ.
თქვენი აზრით, "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არის ხელისუფლების მიერ თავისუფალ მედიაზე ზეწოლა თუ სამართლიანობის აღდგენა? ამ კითხვით "რეზონანსმა" ჟურნალისტებს მიმართა.
ეკა მიშველაძე (ჟურნალისტი): ამ ქმედებას სამართლიანობის აღდგენად ვერ ჩავთვლი იმიტომ, რომ თუ სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, მე მგონი, ეს პროცესი ცოტა უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო და არა ამ ფლობელებიდან, რომლებზეც ახლაა საუბარი.
იმედი მაქვს, ხელისუფლებამ იცის, რომ მედიიის შევიწროება მისთვის შეიძლება სავალალოდ დასრულდეს და იმედია, იმასაც ხვდება, რომ მთავარი მედიის თავისუფლებისთვის ხელშეწყობაა.
დავით პაიჭაძე (ჟურნალისტი): სამართლიანობის აღდგენა - ასეთი რამ არ არსებობს და ბოდვა მგონია. ეს არის დემოკრატიასა და თავისუფლებაზე იერიშის მიტანა. ამ საკითხზე საუბრისას ჩემთვის არ არსებობს სიტყვები "თუ", "მაგრამ", "როცა". ეს არის ივანიშვილის გადამწყვეტი ნახტომი და თუ მას ეს გამოუვიდა, არა მგონია, ამ ქვეყნაში ცხოვრება ღირდეს.
ია ანთაძე (ჟურნალისტი): ასე ორი სიტყვით ვერ შევაფასებ, რადგან ყველაფერი ერთად არის. სამართლიანობის აღდგენა იქნება, თუ სასამართლო კანონისა და სამართლიანობის შესაბამისად გადაწყვეტს. ის, რომ ხელისუფლებაც არის დაინტერესებული იმით, თუ ვინ იქნება "რუსთავი 2"-ის მფლობელი და რა შინაარსის ტელევიზია იქნება, ამაში ეჭვი არავის ეპარება იმიტომ, რომ დღეს ეს არის ტელევიზია, რომელიც შეიძლება ხელისუფლებას ყველაზე მეტად აინტერესებს.
ლაშა ბერულავა (ჟურნალისტი): ჩემი აზრით, ეს არის ხელისუფლების ზეწოლა თავისუფალ მედიაზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოქმედი ხელისუფლება "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ბერკეტების ამოქმედებას ცდილობს. ეს ცნობილი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი პრემიერობის დროს ქიბარ ხალვაშის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა.
მეორე საკითხია სასამართლო დავა "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობის შესახებ. მაშინ როცა ხელისუფლების პოზიცია მკვეთრად გამოხატულია, ამ დავის გადაწყვეტის სამართლებრივი საშუალება საქართველოში არ არის. ეს სასამართლო დავა თავიდანვე განწირულია იმისთვის, რომ "რუსთავი 2"-მა ეს ომი წააგოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე