გოჩა ბაიაშვილი
მწვრთნელი და ჟურნალისტი
რამდენიმე კვირაღა დარჩა სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატამდე, ბრიტანეთის სამეფომ უკვე მოუყარა თავი სარეკორდო რაოდენობის ლიანგს, სანახაობა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ორგანიზატორებმა უკვე დამატებითი რაოდენობის ბილეთების გაყიდვა დაიწყეს: მათი რაოდენობა 2.3-დან 2.45 მილიონამდე გაიზარდა.
ტაბლოიდთა თქმით, სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატი გახდა რიგით მესამე სპორტული ღონისძიება მნახველთა რაოდენობით. პირველი, რა თქმა უნდა, ოლიმპიადაა, სადაც საქართველოს შანსი ოდენ ჭიდაობაში თუ აქვს, მეორე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატია, რომელზეც საქართველოს ოცნება კიდევ დიდხანს მოუწევს და მესამე, უკვე ახდენილი ოცნება - საქართველო წარმოდგენილი იქნება უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებაზე, მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში - ინგლისი 2015, რომელმაც უკვე სარეკორდო რაოდენობის მოსეირეს მოუყარა თავი.
სპორტი დიდი ხანია გართობა და ჯანმრთელობა აღარ არის. თანამედროვე ცივილიზაციის პირობებში სპორტი პოლიტიკისა და ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. მთავარია გამარჯვება და არა მონაწილეობა. ამისთვის გადადებულია ჯანმრთელობაც და უზარმაზარი ფინანსებიც. სპორტი, ერთდროს მშვიდობის დესპანი, გასულ საუკუნეში სახელმწიფოებს შორის ლამის ომის მიზეზიც გამხდარა.
ქართული რაგბისა და ქართული პოლიტიკის ბედი მისტიკურად გადაეჯაჭვა ერთმანეთს. თუ ოცი წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკა აგებს დერჟავულ იმპერიასთან, საქართველოს სარაგბო ნაკრებს ამ ხნის განმავლობაში ჯერ თამაში არ წაუგია რუსეთთან. ეს იყო ჩვენი რევანში, გულის მოოხება და შვება დამცირებული ეროვნული თავმოყვარეობისათვის. ეს იყო რამდენიმე თაობის თავგანწირვის, მამულიშვილობის, უხვად დაღვრილი ოფლისა და სისხლის, დამტვრეული ძვლებისა და დაგლეჯილი კუნთების ფასი.
ქართულმა რაგბმა ნამუსი შეგვინარჩუნა, ამიტომ გახდა ბევრისათვის დღემდე გაუგებარი თამაში ასე ახლობელი და შინაური. აქ ამოხეთქა იმ ეროვნულმა ძალამ, რომელმაც გაგვაერთიანა ყველა: პარტია, სოციალური წრე, ყველა მხარე მიუხედავად შიდა ომებად ქცეული ანტაგონიზმისა, ეს არის მიზეზი ერთდროს მხოლოდ სპეციფიური ჯგუფისთვის საინტერესო სპორტის ასეთი მასშტაბური პოპულარობისა.
დიდი ქვეყნები კოლოსალურ თანხებს და რესურსებს ხარჯავენ სპორტული წარმატებებისთვის, რადგან ეს არის ქვეყნის იმიჯი, სახელი და ნიშანი თავის უპირატესობისა. ამ ფონზე საქართველოს გამოჩენა მსოფლიო ელიტაში უდიდესი მოვლენაა ქვეყნის პოლიტიკაშიც. ეს არის ნიშანი, რომ "ჩვენც კაცნი ვართ და ქუდი გვხურავს". მარტო ნაცარქექიები არ ვართ დევებთან ბრძოლაში და ჩვენი მითიური ისტორიის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლების გენეტიკური მემკვიდრეები ვართ.
მართალია, ჩვენ ჯერ ისე ვერ ვთამაშობთ, რომ ახალი ზელანდია და ინგლისი დავამარცხოთ, მაგრამ ჩვენ სხვა ისტორიული მისია გვქონდა, გადაგველახა ჯერ რუსეთის ბარეიერი, შემდეგ რუმინეთის. გამოცდილებასთან ერთად ჯერი გრანდებზეც მივიტანოთ. ერთ დროს ტონგას, სამოას, იაპონიის დამარცხებები, ახალგაზრდა ბორჯღალოსნების წარმატებები მსოფლიო ჩემპიონატებზე ამის საბაბს იძლევა. ჩვენ ეს შეგვიძლია და ერთ დროს ეს გამოსცადეს ირლანდიამაც და არგენტინამაც. ამას ხედავენ მსოფლიო რაგბის მახვშები და სიმპათიითაც არიან განწყობილნი მზარდი ახალი სარაგბო ქვეყნის, საქართველოს მიმართ.
ჩვენ ჯერჯერობით არ გაგვაჩნია ის რესურსი, წარმატებით გამოვიდეთ საკლუბო დონეზეც, ევროპული საკლუბო ტურნირები ჩვენ გარეშეა. ამდენად, მთელი ჩვენი საქომაგო ენერგია მიმართულია ეროვნული ნაკრებისკენ, რომელსაც ისტორიული მისია დაეკისრა, წარმოაჩინოს საქართველო მსოფლიო ელიტაში. ბორჯღალოსნებისთვის ეს არ არის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ არც აქამდე ყოფილა მსოფლიო ჩემპიონატი ასე გრანდიოზული და საინტერესო.
საქართველო ცნობილია ღვინით, ეროვნული ცეკვებით და სიმღერებით, რომლებიც ქვეყნის ბრენდს წარმოადგენენ, რითაც თავს ვიწონებთ და გვეამაყება. იბადება კიდევ ერთი ბრენდი - ქართული რაგბი, რომელმაც სამართლიანად მოიპოვა ქართველი ერის სიყვარული. ჩვენ გვეამაყება ქართული რაგბი, რომელმაც ბევრი სიხარული მოგვიტანა.
თუ ახალი ზელანდია ასოცირდება რაგბთან და ჰაკასთან, ნაკრების თავკაცს, ტომით ზელანდიელ მილტონ ჰეიგს ეს გამოცდილება უნდა უადვილებდეს მისიას, გადაიქცეს ქართული რაგბი მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდად, ხოლო ინგლისი 2015 ამ პროცესის ასპარეზად.
ინგლისი ცნობილია თავისი სარკაზმითა და შავი იუმორით. ინგლისური პრესა კი სრული თავისუფლებით. ეს კი ნაკლები საჯილდაო ქვა არ არის, ვიდრე მეტოქე ტონგა და არგენტინა. ინგლისური პრესის ყბაში მტერი ჩავარდეს. მახსოვს, ინგლისელი კომენტატორი როგორ დასცინოდა ბორჯღალოსნებს ერთ-ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე: ყველაფერს ბოჭავენ, რაც კი მოძრაობსო, მაგრამ როცა ამ ტაქტიკამ გაამართლა ტაიმ-ნახევრის განმავლობაში, იქ სარკაზმმაც იკლო და გარჯა დაუფასა ქართველებს, მაგრამ ოდენ ბოჭვითა და მიწოლით ფონს რომ ვერ გავალთ, ეს ხომ ჩვენც ვიცით. სულ ბოლოს ეს თბილისის თასზე ირლანდიასთანაც გამოჩნდა. ჩვენების სისუსტე უკანა ხაზი თუ მხარს აუბამს შერკინებას, როგორც იაპონიასთან, მარტო ინგლისელ კომენტატორებს არ დავტოვებთ გაღიმებულებს. წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისი-საქართველოს მატჩზე მავანმა 100 ათასი ფუნტი დადო ფსონად ინგლისის მოგებაზე! მაშინ ინგლისმა მოიგო.
თუ მაშინ გამოცდილება არ გვყოფნიდა, გასულმა წლებმა ეს გარკვეული დოზით უკვე მოიტანა. ნაკრებს ჰყავს მსოფლიო დონის მოთამაშეები, ჰყავს გამოცდილი და გუნდთან შეწყობილი სამწვრთნელო შტაბი, არის ქვეყნის თანადგომა და მილიონობით ქომაგის იმედი, რომ ისევ თამამად ვიტყვით - რაგბი ჩვენი თამაშია, ქართული რაგბი არის მსოფლიო დონის ბრენდი!