თეა ბეჟიტაშვილი
11.08.2015

რუსმა ოკუპანტებმა საზღვარი კიდევ 800 მეტრით გადმოწიეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ორი ახალი ბანერი ამჯერად ქარელის რაიონის ტერიტორიაზე დაამონტაჟეს.

სოფელ თამარაშენის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ხორბლის და ქერის ნათესები აქვს, შეიარაღებულმა ფორმიანებმა დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი საინფორმაციო ბანერები გუშინ დაამონტაჟეს.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ძველი ბანერებიდან ახალ ნიშნულამდე მანძილი დაახლოებით 800 მეტრია, შესაბამისად, ახალი ბანერის მიხედვით, თამარაშენლების კუთვნილი რამდენიმე ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.

თქვენი აზრით, სად გადის წითელი ხაზი მცოცავ ოკუპაციასა და საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებს შორის? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ბურჯანაძე (მსახიობი): ამ შემთხვევაში ჩვენ საპასუხო რეაქცია არ გვექნება, რადგან არც ძალა გაგვაჩნია და არც სახელმწიფოებრიობა.

თუ პასუხს ის ადამიანები გასცემენ, ვინც ჩვენს უსაფრთხოებაზე იღებენ პასუხისმგებლობას, კი ბატონო, მაგრამ ისინიც არაფერს აკეთებენ, რადგან მიჰყვებიან იმ ხაზს, რომელიც 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე დაადგინეს და ეს არის ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციული საზღვარი, რომელშიც სააკაშვილმა ახალგორიც მოაქცია.

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე):  ჩვენ საპასუხოდ ალბათ რაღაც ისეთებს ვაკეთებთ, რომ ვაგიჟებთ და ისინი ჩვენ გვაგიჟებენ. სხვა ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ, რომ ჩვენები ჩუმად არიან, მაგრამ საქმით აკეთებენ ისეთებს, რომ რუსები ცოფდებიან და აქეთ გვაგიჟებენ, საბოლოოდ კი ისევ ჩვენ ვღიზიანდებით და ჩვენ გვაკლდება.

რუსები სიტყვით არ გამოდიან და არ ამბობენ, რომ ქართველებმა ესა და ის დააშავესო, უბრალოდ სამაგიეროს ჩუმად გვიხდიან.

 

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი):  დარწმუნებული ვარ, რუსები კანონის დარღვევით ყველაფერს გააკეთებენ და კიდევ უარესს გააკეთებენ, ვინაიდან რუსეთის საწინააღმდეგოდ მსოფლიოს არ აქვს წამალი, თუ როგორ უნდა ებრძოლოს.

რუსეთი არავითარ კანონებს არ იცავს. ჩვენ იმის ძალა არ გვაქვს, რომ მათ ძალის გამოყენებით დავუპირისპირდეთ. ჩვენი ერთადერთი საშუალებაა ხმამაღლა ყვირილი და მსოფლიოსთვის იმის თქმა, რომ რუსეთი ყველანაირ კანონს არღვევს და დაგვეხმარეთ. რა უნდა ქნა ამ სიტუაციაში, ვინმემ იცის?

 

 მიშა თავხელიძე (პოლიტოლოგი): სანამ რუსეთს გაუვა, საზღვარს კიდევ გადმოწევს, რა გგონიათ, რომ თავისი ნებით გაჩერდება? ჩვენი მთავრობის რეაქცია მკაფიო და გასაგებია.

იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის ტერიტორიის 20%-ზე მეტი რუსეთს ოკუპირებული აქვს, ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების წინააღმდეგი ვარო და მოსკოვში ეს სიგნალი ძალიან სწორად გაიგეს.

რუსეთი რასაც უნდა იმას გააკეთებს და ჩვენი მთავრობა ამაზე ხმას არასდროს გასცემს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×