დაპირებული 350 მილიონიდან ჯერ 10%-იც კი არ მიგვიღია
მაკა ხარაზიშვილი
11.08.2015

 თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის სამინისტროს "სწრაფი პრივატიზაციის" პროცესი ჩაუვარდა. ლარის კურსის გასამყარებლად გასაყიდად გამოტანილი 20-ზე მეტი ობიექტიდან სამინისტრომ მხოლოდ 3-ის გაყიდვა მოახერხა. ქონების მართვის სააგენტოში კი ამბობენ, რომ ობიექტების შეფასების პროცესი და ინვეტორებთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.

"ვფიქრობთ, მარტო ამ ობიექტებით ორი-სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას შევძლებთ", - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თებერვლის ბოლოს ბიზნესმენებთან შეხვედრისას გააკეთა. ეს ის პერიოდია, როდესაც ლარის გადასარჩენად მთავრობამ "სწრაფი პრივატიზაცია" დაგეგმადა გასაყიდი ობიექტების სახელდახელო ნუსხა შეადგინა. ბიზნესმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კმაყოფილმა მინისტრმა ისიც კი აღნიშნა, რომ რამდენიმე ობიექტის ყიდვის მსურველი პირდაპირ დარბაზში აღმოჩნდა.

ამ განცხადებიდან 6 თვის შემდეგ მხოლოდ სამი ობიექტი გაიყიდა და სახელმწიფომ 350 მილიონი დოლარის ნაცვლად, 38 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.

კერძოდ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ყოფილი შენობა შპს "ბათუმი თაუერმა" მარტში 25,4 მილიონ დოლარად შეიძინა. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში არანაკლებ ოთხვარსკვლავიანი და 100 ნომრის მქონე სასტუმრო უნდა გახსნას. საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, მყიდველმა თანხა ეტაპობრივად უნდა გადაიხადოს და 18 თვეში, ანუ მომავალ წელს სრულად დაფაროს.

აპრილში ეკონომიკის სამინისტრომ ნარკოლოგიის ცენტრის ყოფილი შენობა 3,555 მილიონ დოლარად გაიყიდა. ქონების მართვის სააგენტოს ცნობით, მყიდველმა აღნიშნულ ადგილზე 150-ნომრიანი სასტუმროს ან სავაჭრო-კომერციული და საოფისე დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა უნდა განახორციელოს.

თავად ეკონომიკის სამინისტროს შენობა კი, ივნისში, ფიზიკური პირმა თამარ მაზიაშვილმა 9,450 მილიონ დოლარად შეიძინა. გამარჯვებულ კომპანიას აღნიშნული თანხა აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღეში უნდა გადაეხადა.

გარდა ზემოთაღნიშნული სამი ობიექტისა, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაშია "ეროვნული ბანკის" ყოფილი შენობა, ბობოყვათის რეზიდენცია, წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორია, გარდაბანში მდებარე თბოელექტროსადგური, ლატარიის კომპანიის ლიცენზია, ათონელზე მდებარე რეზიდენცია, გუდაურის სასტუმრო, ღვინის ქარხნები: შპს "გრუზვინპრომი" და შპს "აკურა", ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია (გარდა სახლისა), მესტიის რეზიდენცია, წყალტუბოს სანატორიუმები, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა, ყოფილი რკინიგზის კოლეჯი, შპს "თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი - თბილისი სპა ჯანმრთელობის და რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი", ასევე ისანში, ბაღდათის ქუჩაზე მდებარე 26 700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.

"ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი ობიექტებისა, რომელიც ლარის კურსს ძალიან მნიშვნელოვნად დაასტაბილურებს. ჩვენ ველოდებით, რომ კურსი შეიძლება გამყარებისკენ წავიდეს ამ ქმედებების განხორციელების შედეგად. გვაქვს საფუძველი ვიყოთ რეალისტები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. უკვე დარბაზშივე გამოითქვა სურვილი რამდენიმე ობიექტთან დაკავშირებით", - განაცხადა მაშინ მინისტრმა.

ახლა კი სამინისტროში "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავენ, რომ ეს ობიექტები ჯერ აუქციონზეც კი არ გამოსულა. მათი შეფასება და ინვესტორებთან "წარმატებული" მოლაპარაკებები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას მობილურობა და აქტიურობა აკლია. ობიექტების პრივატიზაცია პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ დროებით გადაწყვეტს.

"ჩვენთან ყველაფერი ნელა მუშაობს. გადაწყვეტილების მიღების პროცესი აბსოლუტურად გაუაზრებელია. იგი არათუ გაწერილია, მგონი, არავინ იცის საერთოდ გადაწყვეტილება როგორ მიიღება. სიმართლე გითხრათ, პრივატიზაციის პროცესი სწრაფადაც რომ წაიყვანონ, პრობლემას ვერ გადაწყვეტენ. ამით პრობლემის მხოლოდ გადავადებას შეძლებენ. პრივატიზებიდან მობილიზებული თანხით სავალუტო ბაზარზე არსებული სავალალო მდგმარეობის დაბალანსება პრობლემის დროებითი გადაწყვეტაა", - ამბობს გია ხუხაშვილი და დასძენს, რომ თუ ეკონომიკა არ ამუშავდა, არ შევცვალეთ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი, ვერ მოვიზიდეთ ინვესტიციები სავალუტო ბაზარზე, კრიზისი გაგრძელდება.

"მთავრობას მოკლევადიანი საკითხის გადაწყვეტაც კი ასე უჭირს. აგვისტოში ყველა პროგნოზით ლარი გამყარებისკენ უნდა წასულიყო და სინამდვილეში საპირისპირო პროცესი მივიღეთ. ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი. რას ელოდებიან არ მესმის", - ამბობს გია ხუხაშვილი.

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით კი, სანამ კონკრეტული ობიექტების პრივატიზაციაზე ისაუბრებენ, უპრიანი იქნება მანამდე მოხდეს ამ ობიექტების შეფასება და პოტენციური ინვესტორის მოძიება.

"პრივატიზაცია ისეა ჩაფიქრებული, რომ გასასხვისებელმა ობიექტმა "საკუთარი თავის გაყიდვაზე თავად უნდა იზრუნოს". ასე არ ხდება. მთავარი ის პოლიტიკაა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს პრივატიზების პროცესში. ჩვენ გვახსოვს ერთი განცხადება, რომ ყველაფერი უნდა გავყიდოთ სინდისის გარდა, მაგრამ გამოჩნდა კონტრფრაზა, რომ ყველაფერი გავყიდოთ იმ შემთხვევაში თუ წინმსწრებად საკუთარი სინდისი არ გაგვიყიდია. ეს არც თუ შორეულ წარსულში იყო.

დღევანდელ ვითარებაში ამა თუ იმ ობიექტის წარმატებით გასხვისება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ზოგადად ჩვენსავე ქვეყანაში მუდმივი ქიშპი ორ წამყვან პოლიტიკურ ძალას შორის სიგნალია ინვესტორთათვის, რომ აქ არ ჩადონ ინვესტიციები", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

მისი აზრით, პრივატიზაციის შეფერხებული ძირითადი ფაქტორი სწორედ გაუთავებელი პოლიტიკური დაპირისპირებაა. თუმცა, სპეციალისტები ყველაზე მეტად ეკონომიკის სამინისტროს ინერტულობას უსვამენ ხაზს, რომელმაც ამ დრომდე ობიექტების შეფასება და აუქციონზე გამოტანაც კი ვერ მოახერხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×