მოსავლიანობა იზრდება, მაგრამ ხარისხი არ უმჯობესდება
მაკა ხარაზიშვილი
11.08.2015

 საქართველოში მოყვანილი ხორბლის მხოლოდ 12% გამოიყენება ფქვილის საწარმოებლად. დანარჩენი საჭმელად გამოუსადეგარია. ფაქტობრივად ქვეყანას არ შესწევს ძალა, კრიზისის შემთხვევაში, (რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მსოფლიოში ხორბლის მოსავლის შემცირებას ან თუნდაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას) მოკლე პერიოდში მაინც პურის ფასი ადგილობრივი ხორბლით დაარეგულიროს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში არაერთხელ განაცხადეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობის ხორბლის მოსავალი მივიღეთ, დაახლოებით, 170 ათასი ტონა. ამ რაოდენობის მოსავალს, პურის ფასის შენარჩუნებაზე მაინც უნდა მოეხდინა გავლენა. მოხდა პირიქით - მოულოდნელად პურის მწარმოებლებმა გაძვირებაზე დაიწყეს საუბარი და აღნიშნეს, რომ ეს პროცესი ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. მათი მტკიცებით, ადგილობრივი ხორბლის დიდი ნაწილი საფურაჟეა და ფქვილის საწარმოებლად არ გამოიყენება.

"ამბობენ, რომ დიდი მოსავალი იყო. რეალურად ასეა, მაგრამ აქედან სასურსათო ხორბალი, რომელსაც წისქვილკომბინატები ფქვილის წარმოებისთვის იყენებენ მხოლოდ 20-25%-ია. აქედან გამომდინარე, ფქვილის საერთო წარმოებაში ქართული ხორბლის წილი ძალიან მცირეა. წისქვილკომბინატებს წელს სულ მიღებული აქვთ 11-12 ათასი ტონა ხორბალი", - აღნიშნა მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ.

მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის დირექტორი გია ღუღუნიშვილი კი ამბობს, რომ სასურსათო ხორბლის წარმოების თვალსაზრისით დიდი ხანია ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და მოწეული ხორბლის მხოლოდ 12-15%-ია სასურსათო დანიშნულების.

"წისქვილკომბინატებს საკმაოდ დამაიმედებელი მონაცემები მოუციათ. საქართველოში სასურსათო ხორბალი 20-25% მაინც რომ მოდიოდეს, ეს ძალიან კარგი იქნებოდა. გაცილებით ცუდი მდგომარეობა გვაქვს. სასურსათო ხორბალი დაახლოებით 12-დან 15%-მდეა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს შედარებით ხარისხიანად, დანარჩენი არის საფურაჟე", - ამბობს გია ღუღუნიშვილი და აღნიშნავს, რომ ამ მდგომარეობამდე ქვეყანა ჯიშთა გამოცდის შეწყვეტამ მიიყვანა.

მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯიშების გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს და ცდილობს, ქვეყანაში სათესლე ხორბლის ხარისხი გაზარდოს.

"საქმე, რომელსაც ჩვენი კომპანია აკეთებს, ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. 2 წლის წინათ აღვადგინეთ ჯიშთა გამოცდა. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში არ დავუშვათ უხარისხო სათესლე მასალა", - ამბობს გია ღუღუნიშვილი.

იგი საფურაჟე ხორბლის წარმოებაში ფერმერების ბრალსაც ხედავს და აღნიშნავს, რომ გლეხი, რომელმაც მიიღო საფურაჟე ხორბალი, თესლის გაუმჯობესებას მაინც არ ცდილობს. მოყვანილ ხორბალს ასუფთავებს და ისევ იმას თესავს. ზოგ შემთხვევაში დარღვეულია აგროვადებიც.

ამ შემთხვევაში პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში საკმარისი რაოდენობის ე.წ. ელიტური თესლი არ არის, შესაბამისად, ფერმერებს დიდი არჩევანის შესაძლებლობა მაინც არ აქვთ. პრობლემაა არაინფორმირებულობაც. ღუღუნიშვილი ადასტურებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში რეალიზატორი კომპანიები ფერმერებს ატყუებენ.

"ეს პრობლემაც არსებობს. არიან არაკეთილსინდისიერი კომპანიები, რომლებიც თავიანთ სათესლე მასალას ასაღებენ ფერმერებს. ჩვენ გლეხებს მედიის საშუალებით არ ველაპარაკებით, მინდვრებში დავდივართ, მათ ვხვდებით, ინფორმაციას ვაწვდით. როგორც უკვე აღვნიშნე, აღვადგინეთ ჯიშთა გამოცდა, 32 ჯიშს ვცდით. ზღაპრული შედეგები გვაქვს. აქედან გამარჯვებული ჯიშებიც გამოიკვეთა. შარშან აკადემიკოს პეტრე ნასყიდაშვილის მიერ დარაიონებული "კრასნოდარი 99" შემოვიტანეთ. ეს არის ელიტური თესლი და საქართველოში დავიწყეთ ამ მასალის წარმოება. 500 ტონამდე გვექნება სათესლე მასალა, საკმარისი არ არის, მაგრამ ეს არის დასაწყისი. შემდგომში, ვისაც ამ სათესლე მასალას მივყიდით, გავუწევთ მონიტორინგს", - ამბობს გია ღუღუნიშვილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2001 წლის შემდეგ ხორბლის მოსავლის შედარებით მაღალი მაჩვენებელი 2003 წელს დაფიქსირდა, მას შემდეგ ამ დარგის დეგრადაცია დაიწყო. კერძოდ, 2003 წელს ხორბალი 117 ათას ჰექტარზე დაითესა და მივიღეთ 225 ათასი ტონა მოსავალი. მაშინ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 24% შეადგინა. 2007 წელს ხორბალი დაითესა 45 ათას ჰექტარზე, მოიწიეს 75 ათასი ტონა მოსავალი, თვითუზრუნველყოფა კი 18,9%-მდე შემცირდა. 2008 წელს ხორბალი დაითესა 48,6 ათას ჰექტარზე, მიიღეს 80 ათასი ტონა, თვითუზრუნველყოფა დაახლოებით 12% იყო. 2010 წელს კი თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 9%-მდე ჩამოვიდა.

ეს ციფრები აშკარად მეტყველებს, რომ ბოლო წლებში ხორბლის ნათესები თითქმის სამჯერ შემცირდა, გაუარესდა მოსავლიანობა. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ ამ კულტურის როლი და მნიშვნელობა სწორად არ არის შეფასებული და გაცნობიერებული. ხორბალი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ძირითადი კულტურაა. სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია და მისდამი ზერელე დამოკიდებულება სრულიად გაუმართლებელია.

პროფესორ პაატა კოღუაშვილის აზრით, მეწისქვილეები უკვე 20 წელია ჩივიან, რომ ქვეყანაში სასურსათო ხორბლის წილი შემცირდა. უნდა ითქვას ისიც, რომ მათ მიერ რეალობა კიდევ უფრო გაბუქებულია, რათა ფასზე ზეწოლა მოახდინონ და უფრო მეტი მოგება მიიღონ.

თუმცა კოღუაშვილი პრობლემას მაინც მთავრობის არასწორ პოლიტიკაში ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯიშთა გამოცდა დაიწყო, უნდა შეიქნას პროგრამა - "ხორბალი" და ამ მიმართულებით უფრო მეტი ღონისძიება გატარდეს.

მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების ორი მთავარი მაჩვენებელია და ორივე დაკავშირებულია მარცვალთან. ერთია - ქვეყანაში მოწეული მარცვლის საერთო რაოდენობა, მეორე - ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მარცვლეული.

"ქვეყანას მუდმივად უნდა ჰქონდეს საჭირო ხორბლის 17%-იანი რეზერვი. სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მარცვლეულის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ გადაზიდვებში ნავთობის შემდეგ მას მეორე ადგილი უკავია. ინდოეთისა და ჩინეთის ეკონომიკური წინსვლის შემდეგ მარცვალზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა. შესაბამისად, ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ დიდი რაოდენობით სასურსათო ხორბალი აწარმოოს", - განმარტავს კოღუაშვილი.

დღესდღეობით სახელმწიფოების მთავარი ამოცანაა, რომ ხორბლის 55-დღიანი მარაგი ჰქონდეთ. თუ მარაგი ამ მაჩვენებელს ჩამოცდება, ავტომატურად იწყება კრიზისი და ფასების ზრდა.

"ის, რომ საქართველოში მიღებულია 170 ათასი ტონა, ეს ძალიან კარგია, თუმცა წისქვილკომბინატები ვითარებას აბუქებენ და ცდილობენ გლეხებს ხორბალი მინიმალურ ფასში წაგლიჯონ. აქ უნდა გამოჩნდეს სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უნდა შეიქმნას აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭო, რომელიც სეზონურ ფასს დაარეგულირებს. სამინისტრო ამბობს, რომ ამაში ვერ ჩავერევითო. აბა, რა საჭიროა სოფლის მეურნეობის სამინისტრო?", - კითხულობს კოღუაშვილი და დასძენს, რომ სამინისტროში დღემდე ვერ გაურკვევიათ რას ნიშნავს ქვეყნისთვის მარცვლეული, ვინაიდან იგი, ძირითადად, იურისტებით, ფინანსისტებითა და საბანკო დარგის სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული.

"აშშ-ს სიდიადე და სიძლიერე იმაშია, რომ იგი დიდი რაოდენობის ხორბალს აწარმოებს - მსოფლიოში მოწეული ხორბლის დაახლოებით 55%-ს. მარტო ღვინით მაძღარი ერი არ არსებობს. გვაქვს ყველა პირობა იმისა, რომ მოთხოვნილების დაახლოებით 60%-მდე მარცვლეული ვაწარმოოთ.

სამი წელია ახალი სამინისტრო გვაქვს და ამ პერიოდის განმავლობაში შარშან შეიქმნა ჯიშთა გამოცდა. სამინისტროში არ ჰყავთ საკმარისი რაოდენობის აგრონომები და არ ხდება ადგილობრივ ჯიშების გაუმჯობესება. სამინისტროს ბიუჯეტის შემცირება რომ მოსთხოვეს, მან, უპირველეს ყოვლისა, თანხა სამეცნიერო ცენტრს შეუმცირა. იქ არ ესმით, რომ სოფლის მეურნეობა მეცნიერებაზე დამყარებული ინდუსტრიაა", - ამბობს პაატა კოღუაშვილი.

ამჟამად საქართველოში, დაახლოებით, 800 ათასი ტონა ხორბალსა და ხორბლის ფქვილს მოიხმარენ. იმისათვის, რომ ადგილობრივმა წარმოებამ მოხმარების 35% უზრუნველყოს, მინიმუმ 280 ათასი ტონა სასურსათო ხორბლის მოსავალი უნდა მოვიდეს. დღეის მდგომარეობით კი, მოწეული 170 ათასი ტონა ხორბლიდან, დაახლოებით, 20 ათასი ტონაა სასურსათო ხორბალი. გამოდის, რომ ადგილობრივი ხარისხიანი მოსავალი საერთო მოთხოვნილების მხოლოდ 2,5%-ს აკმაყოფილებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×