ჩვენი ამოცანაა, ნატოსა და ევროკავშირისკენ გზაზე დაბრკოლებების გარეშე ვიაროთ, რუსეთის ამოცანაა, გაგვაჩეროს, - ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თამარაშენსა და ცერონისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების ფაქტს.
მინისტრი კვლავ რუსულ პროვოკაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამას საქართველო არ უნდა აჰყვეს.
"სავარაუდოდ, ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნის გამო, ვიზა-ლიბერალიზაციის გამო, საქართველოს ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯების გამო და ბევრი სხვა იმ მიზეზის გამო, რომელიც საერთოდ ჩვენი ქვეყნის არსებობას და არსებობაზე უარის ართქმას უკავშირდება, რუსეთი ამ მოქმედებებს გააგრძელებს.
სამწუხაროდ, 2008 წელს შეიქმნა ის რეალობა, რაც შეიქმნა. ოკუპაციამ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბი მიიღო და დიდი ტერიტორია მოიცვა. ჩვენი არჩევანია: ან უნდა ავყვეთ ამას და ან უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ჩვენ მიერ არჩეულ გზას მივყვებით და ამას პროვოკაციები ვერ გააჩერებს.
რუსეთის ამოცანაა გაგვაჩეროს, ჩვენი ამოცანაა ნატოსა და ევროკავშირისკენ დაბრკოლებების გარეშე ვიაროთ. ამიტომ არა მგონია, რომ დღეს იმის დროა, გავბრაზდეთ, გულზე მჯიღი დავიცათ და სუპერპატრიოტულ-ეგზალტირებული სიტყვებით გამოვიდეთ და გავაჩეროთ პროცესი, რომელზეც აღმავალ გზაზე ძალიან წარმატებით ვდგავართ", - განუცხადა ჟურნალისტებს ხიდაშელმა.
თქვენი აზრით, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები არის თუ არა დაკავშირებული ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნასთან და ვიზა-ლიბერალიზაცის პროცესთან? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ამ შემთხვევაში თავდაცვის მინისტრის განცხადებას სრულიად ვეთანხმები. დღევანდელ დღეს უკვე გადანაწილებული მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს.
ზუსტად ამ სიტუაციის გამოწვევაა ის, რასაც რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ახორციელებს და რა ქმედებებსაც ის სჩადის. ამიტომ ქალბატონი თინას განცხადებას მე სრულიად ვეთანხმები.
რეზო მიშველაძე (მწერალი): ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა საქართველოსთვის იმიტომ იყო ხელსაყრელი, რომ ჩვენს უმწეო ქვეყანას თავდაცვის მიმართულებით რამეს მაინც შეჰმატებდა. თუ ნატოს ცენტრის გახსნა მხოლოდ იმისთვის არის, რომ დასავლეთმა საქართველოს დაცვის მიმართულებით ხმა არ ამოიღოს, მაშინ ნატოს ცენტრის გახსნა რისთვის გვინდა?
აშკარაა რუსეთის ცინიზმი. რუსეთი დღეს მსოფლიოს თვალწინ საქართველოს ყოველდღიურად მცოცავი ანექსიით იპყრობს. პატარა ქვეყნის სიპატარავით სარგებლობს. ჩვენმა საყვარელმა დასავლეთმა საქართველოს დასაცავად ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგა.
ბოლოს და ბოლოს ასეთი აზრი მიჩნდება - ხომ არ აჯობებს, ჩვენს ადგილას დავეტიოთ და ფრთების ფათქუნს თავი დავანებოთ მაშინ, როდესაც ამ ფრთების ბათქუნს საქართველოსთვის უბედურების მეტი არაფერი არ მოუტანია.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ამ შემთხვევაში ძნელია ქალბატონ თინას დავეთანხმო. ამასთან დაკავშირებით მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ. საქმეში ცოტა სხვა პოლიტიკაა ჩართული. ამ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაცია და ეს თემები რუსეთისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.
დროა მთავრობა იმაზე დაფიქრდეს, რომ გარკვეულწილად რუსეთთან ურთიერთგაგების დამყარებაა საჭირო. მე მინდა ერთი რამ შევახსენო იგივე ქალბატონ თინას, რომ ასტროლოგიური კუთხით რუსეთის მომავალი პერსპექტივები ცუდი არ არის.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): საზღვრის გადმოწევა არ მგონია ვიზალიბერალიზაციას პროცესთან იყოს დაკავშირებული. რაც შეეხება ნატოს საწვრთნელ ცენტრს, რა თქმა უნდა, ამ პროცესების ნაწილია. ამიტომ რუსეთის მხრიდან სათანადო პასუხი ამ ფორმით თუ სხვა ფორმით კიდევ იქნება.
საქართველოს მთავრობა იმ პოლიტიკას მიჰყვება, რაც ჩვენთვის დამღუპველია. ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას უშველის, ნეიტრალიტეტის პოლიტიკაა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე