მმართველი გუნდი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე ფიქრობს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე"ფეისბუქში" საკუთარკოლეგებს მიმართავს. მისი აზრით, უმრავლესობის წევრებმა "რუსთავი 2"-ის თოქ-შოუებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.
"ჩემს კოლეგებს მინდა მივმართო უმრავლესობიდან, შეიძლება ეს არ იყოს სწორი ფორმატი, მაგრამ ვფიქრობ, მაინც საჯაროდ უნდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, ვინაიდან სხვათა მოსაზრებებიც არანაკლებ საინტერესოა ჩემთვის ამ საკითხზე. დამეთანხმებით თუ არა, ეს ცხადია, თქვენი გადასაწყვეტია. ძალიან დიდი ხანია, ეჭვი ხომ არავის გვეპარება, რომ "რუსთავი-2" არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევიზია. ის იყო და არის "ნაციონალური მოძრაობის" კონტროლს დაქვემდებარებული ტელეარხი! მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად ამას ადასტურებენ მისი დამფუძნებლები და ყოფილი მესაკუთრეები.უდავოა, რომ ის პარტიული ტელევიზიაა და ვერასოდეს იქნება ობიექტური, ისევე როგორც, რთული იქნებოდა სახელისუფლებო ტელევიზიისთვის გვეწოდებინა ბოლომდე ობიექტური, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
"კი ბატონო, ემსახურონ, იყვნენ ოპოზიციაში, გვებრძოლონ, გვაკრიტიკონ, ბევრჯერ ცილი დაგვწამონ! სიტყვის თავისუფლება ხომ დაცულია! მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, კიდევ ფიქრობთ, რომ ამათ ეთერებში უნდა მივიდეთ და შოუები ვაკეთებინოთ, თანაც ადამიანების ნერვების ფასად?! მოვა ისევ სექტემბერი, გამოგვიძახებს გაბუნია ან მისი მსგავსი, ხოდა ჩვენც არ დავაყოვნოთ, გავიქცეთ, ეს ხომ მაინც "რუსთავია"!" - წერს კობახიძე.
თქვენი აზრით, რამდენად მისაღებია მედიასაშუალებაზე მაღალი თანამდებობის პირის მიერ ასეთი განცხადების გაკეთება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "რუსთავი 2" მართლა პარტიული ორგანოა და "ნაციონალური მოძრაობის" რუპორია, მაგრამ ბოიკოტის გამოცხადება მართებულად არ მიმაჩნია. ყველაფერს მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ამბობენ. მე მაგალითად "რუსთავი 2"-ის მიმართ არანაირი ინტერესს არ ვიჩენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოიკოტს ვუცხადებ.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ყველა ადამიანს საკუთარი აზრი დაფიქსირები უფლება აქვს. შემდეგ შეფასება კი საზოგადოებამ უნდა გააკეთოს. ვფიქრობ, დეპუტატებსაც და თანამდებობის პირებსაც აზრის გამოთქმის უფლება ისევე აქვთ, როგორც სხვა ადამიანებს.
უბრალოდ ეს განცხადება ძალიან დაგვიანებულია. ხელისუფლებაში როგორც კი მოვიდნენ ეს განცხადება მაშინვე უნდა გაეკეთებინათ და ეთქვათ დაარსების დღიდან თუ რას ემსახურებოდნენ. დღეს უკვე როდესაც ეს ამბებია ატეხილი და ასეთ განცხადებას ამ დროს აკეთებენ, გაუგებარია.
დოდო ხურცილავა (თეატრმცონდე): მგონია, რომ ეს არასწორია. პირიქით ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, უნდა მიხვიდე და შენს სიმართლეზე ილაპარაკო. უნდა დაამტკიცო, სად ხარ სწორი და სად შეგეშალა. ჩემი აზრით, სწორია, რომ ყველა არხზე მიხვიდე და შენი სიმართლე თქვა. ბოიკოტს რომ გამოუცხადებ, ისინი ისევ თავის სასიკეთოდ გამოიყენებენ.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მაღალი თანამდებობის პირისგან ასეთი განცხადების გაკეთებას არ ვეთანხმები. ტელემაყურებელები და ამომრჩევლები ძალიან კარგად ვარჩევთ, ვინ ვინ არის.
თუმცა "რუსთავი 2"-ს ოპერატიულობას და პროფესიონალიზმს ვერ დავუკარგავთ. ამ ტელევიზიის იდეოლოგიას აბსოლოტურად არ ვეთანხმები, მაგრამ ხანდახან ვუყურებ-ხოლმე, რადგან მაინტერესებს მიმდინარე პროცესებზე ოპოზიციური ხედვა როგორია. იმიტომ, რომ შემდეგ სხვა ტელევიზიებს შევადარო. ასე რომ, ვფიქრობ, ეს განცხადება სწორი არ არის. ის მაინც ვერ შეცვლის ამომრჩევლის პოზიციას, ქაბატონი მანანას განცხადებამ კი შეიძლება "ქართული ოცნების" მიმართ ამომრჩევლის პოზიცია შეცვალოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე